GE

7 მარტი, 2025

მოსწავლეთა ტესტირებაზე ქცევის წესები – ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტური 9-11 მარტს ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური 9 მარტს დაიწყება და 11 მარტს დასრულდება.

7 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმადმ, დეტალური ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და დროის შესახებ მითითებულია მოსაწვევზე. მოსაწვევთან ერთად საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციისას მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან პასპორტი, ან დაბადების მოწმობა, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (დამოწმებული ბეჭდით).

მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ:

  • 2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური მიმდინარეობს წერილობითი ფორმით და ტარდება ორ სესიად: I სესიაზე რეგისტრაცია იწყება 09:30 საათზე, ხოლო ტესტირება 10:00 საათზე. II სესიაზე რეგისტრაცია – 14:30 საათზე, ტესტირება კი 15:00 საათზე დაიწყება;
  • ოლიმპიადის მონაწილემ საგამოცდო ცენტრში სპეციალურად მოწყობილ ადგილას უნდა დაალაგოს ზედმეტი ნივთები;
  • საგამოცდო სექტორში მონაწილეების განთავსება მოხდება მოსაწვევში მითითებული მონაცემების მიხედვით;
  • პასუხების ფურცლებზე შტრიხკოდის დაკვრის შემდეგ მოსწავლეს გადააქვს სტანდარტული ფრაზა და მითითების შესაბამისად იწყებს მუშაობას;
  • აკრძალულია გვარის, სახელის ან პიროვნების იდენტიფიკაციის რაიმე ნიშნის მითითება პასუხების ფურცელზე (ასეთი პასუხის ფურცელი არ გასწორდება);
  • კალკულატორის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ქიმიის გამოცდაზე;
  • საგამოცდო დროის დასრულებამდე 20 წუთით ადრე მეთვალყურე ახსენებს მონაწილეებს გამოცდის დასრულების შესახებ;
  • ტესტირებაზე შესაძლებელია წყლის შეტანა პლასტმასის ბოთლით.

ტესტირების მსვლელობისას მოსწავლეს ეკრძალება:

  • მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის შეტანა;
    დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლებისა და სხვათა შეტანა/გამოყენება;
  • გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით;
  • სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება (სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ მეთვალყურესთან ერთად).

ნებისმიერი პროცედურული დარღვევის აღმოჩენის შესახებ ოლიმპიადის მონაწილეს უფლება აქვს საპრეტენზიო განაცხადით მომართოს ცენტრს შესაბამისი ტესტირების დასრულების მომდევნო დღის 17:00 საათამდე.

ტესტების ნიმუშები
ოლიმპიადის განრიგი, მაქსიმალური ქულები და ტესტირების ხანგრძლივობა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური