GE

ქართულ ენაში ბარიერის დაწევა აბიტურიენტებში სიტყვა “დემოკრატიის” არცოდნამ გამოიწვია

ქართული ენისა და ლიტერატურის წლევანდელმა გამოცდამ აჩვენა, რომ აბიტურიენტების გარკვეულ ნაწილს სიტყვა ,,დემოკრატიის” მნიშვნელობა არ ესმის. სწორედ ამ სიტყვის ვერ გაგების გამო, ტესტის მესამე ვარიანტი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველაზე რთულად გამოაცხადა და იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც ეს ვარიანტი წერეს, გამსვლელი ქულა 16 გახდა. აღნიშნულ საკითხზე EDU.ARIS.GE- ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი კახა ჯამბურია ესაუბრა.

– ბატონო კახა, ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდის ტესტის 4 ვარიანტიდან ყველაზე რთული რომელი იყო?

– სტატისტიკამ აჩვენა, რომ ყველაზე რთული მესამე ვარიანტი აღმოჩნდა, დანარჩენი სამი ვარიანტი კი თითქმის თანაბარი სირთულის. მესამე ვარიანტში გამსვლელი ქულა 16-ია, მაშინ როდესაც პირველში 21-ია. პირველ ვარიანტში საშუალო ქულა გახლდათ თითქმის 47. მეორეში და მეოთხეში 46, ხოლო მესამეში 43 ქულა.

– ამ დიდი სხვაობის მიზეზი რა არის? რამ გამოიწვია მესამე ვარიანტის სირთულე?

– რა თქმა უნდა, ჩვენ ეს საკითხი გამოვიკვლიეთ. მესამე ვარიანტში, არგუმენტირებულ ესეში გვქონდა დავალება, რომლის სათაურშიც იყო ნახსენები სიტყვა დემოკრატია. საოცარია, მაგრამ სწორედ სიტყვა დემოკრატია აღმოჩნდა ბავშვებისთვის უცნობი.

– როგორ გაირკვა, რომ აბიტურიენტებმა სიტყვა დემოკრატიის მნიშვნელობა არ იცოდნენ?

– ესეს სათაური გახლდათ ,,არსებობს მოსაზრება, რომ დემოკრატია გულისხმობს საკუთარი თავისუფლების შეზღუდვას სხვის სასარგებლოდ” – არგუმენტირებული მსჯელობით აბიტურიენტი უნდა დაეთანხმოს ან უარყოს ეს მოსაზრება. ჩვენი აზრით, ამ ძალიან მარტივ და გასაგებ წინადადებას ბავშვებმა თავი და ბოლო ვერ გაუგეს. ერთი ბავშვი მსჯელობდა, რომ დემოკრატია საქართველოში თამარ მეფის შემდეგ არ ყოფილა და ცარიზმმა დაგვაკარგვინა – ანუ დემოკრატია თავისუფლებაში აერია. ბევრმა აპლიკანტმა ეს სიტყვა პიროვნული და ნაციონალური თავისუფლების ჭრილში განიხილა. ეს იყო სრულიად საოცარი აღმოჩენა, რომ 21-ე საუკუნის აბიტურიენტმა არ იცის რას ნიშნავს დემოკრატია. მართალია, ეს ყველას არ ეხება, თუმცა უმრავლესობას ვინც მესამე ვარიანტი წერა, დიახ.

– ანუ ეს ნიშნავს თუ არა იმასაც, რომ აბიტურიენტებს გარდა იმისა რომ ქართული ენისა და ლიტერატურის ცოდნის პრობლემა აქვთ, ისტორიაც უჭირთ?

– ტესტის შედეგების მიხედვით, ძალიან ზუსტად ჩანს თუ რა სირთულეები და უბედურება სჭირს ჩვენს სასწავლო პროგრამას. ზოგადად, ჩვენ ყველაფერს გამოცდებს ვაბრალებთ და ნაკლები დისკუსიები მიმდინარეობს სასწავლო პროცესზე. დემოკრატია რომ არ იციან 21-ე საუკუნეში, ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ სამოქალაქო განათლება ისწავლება ცუდად, ეს ნიშნავს სწორედ იმასაც რომ ქვეყანაში სწავლების დონე არ ვარგა, არც ისტორიის სწავლების. რევაზ ინანიშვილის სრულიად მარტივი ტექსტი აბიტურიენტებმა უკუღმა გაიგეს, რადგან არ იციან წითელ ბოლშევიკური ტერორი და სტალინის ეპოქა. არ შეიძლება გამოვლენილ ხარვეზებზე რეაგირება არ მოვახდინოთ. ბავშვებმა მეოცე საუკუნის ისტორია არ იციან, შუასაუკუნეებზე არაფერს ვლაპარაკობ.

– აპელაციამ თუ შეცვალა საერთო სურათი?

– დაახლოებით ხუთასი სააპელაციო განაცხადი შემოვიდა. სამწუხაროდ, აბიტურიენტები არ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ მათ, გარდა იმისა, რომ ქულა შეიძლება მოემატოთ, ასევე შესაძლოა დააკლდეთ. როდესაც ისინი ამობეჭდავენ და უფროსებს აჩვენებენ კონსულტაციისთვის, უფროსები ხშირად არასწორ რჩევებს აძლევენ. ბევრმა თხზულება გააპროტესტა. გვქონდა შემთხვევა როდესაც 6-7 ქულა ჰქონდათ და კომისიამ ნოლი ქულა დაუწერათ.

– ბატონო კახა, რამ გამოიწვია ასეთი ცვლილება პირველ და მეორე შეფასებას შორის?

– პირველი კომისია, რომელიც ასწორებს ცდილობს რომ უფრო ლოიალური იყოს და სადაც არის საშუალება აბიტურიენტის მხარე დაიკავოს. სააპელაციო კომისია კი სრულიად სხვა ხალხისგან არის დაკომპლექტებული. ისინი ძალიან ცნობილი და ავტორიტეტული ფილოლოგები არიან და ჩვენ მათ ჭკუის სწავლებას ვერ დავუწყებთ. მათ ნაშრომების თავიდან გასწორება უწევთ და თუ ნახეს, რომ აბიტურიენტს არ ეკუთვნის ქულა არ დაუწერენ. არის შემთხვევები, როდესაც ტექსტის ანალიზის ნაცვლად, თვითონ ამ ტექსტის შინაარსს წერენ აპლიკანტები. თუ პირველი გამსწორებლები ნახავენ ტექსტის შუაში, რომ არის ერთი-ორი ანალიზის მქონე წინადადება, შეიძლება რაღაც ქულა მიანიჭონ; სააპელაციო კომისია კი თუ პირველ კრიტერიუმს ნაწერი არ აკმაყოფილებს, მერე აღარ ასწორებს.

განმარტება:

დემოკრატია (ბერძნ. δήμος „დემოს“ — ხალხი; κράτος „კრატოს“ — კანონი, ძალა) — სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით. დემოკრატიის უმთავრესი მოთხოვნებია – არჩევითობა და მოკლევადიანობა. გარდა ამისა ცნება დემოკრატია მოიცავს მთელ რიგ უფლებებსა დათავისუფლებას, რომელთაც ბუნება ანიჭებს ყოველ ადამიანს განურჩევლად მისი რასული, ეთნიკური, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა.

უცხოურ ენებს შორის, ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა წელს ინგლისურში დაიწერა

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური