GE

პრეზიდენტი პარლამენტში: „ჩვენი მიზანი ასეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს…“

„ჩვენი მიზანი ისეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს, რომელიც ცოდნის მაღალ ხარისხთან ერთად, საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის განცდას ჩვენს მომავალ თაობებს ადრეული ასაკიდანვე აზიარებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დღეს, 17 თებერვალს, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „სწორედ ამ სულისკვეთებით არის ნაკარნახევი“ რეფორმა, რომელსაც მთავრობა ზოგადი და უმაღლესი განათლების მიმართულებით ახორციელებს.

პრეზიდენტს სჯერა, რომ რეფორმა უზრუნველყოფს ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც არამარტო სწავლა-სწავლების პროცესში ჩართული პირების საჭიროებებზე იქნება მორგებული, არამედ ქვეყნის ეროვნულ ინტერესსაც მოემსახურება.

„გრძელვადიანი წარმატების მიღწევა შეუძლებელია განათლებული და პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების გარეშე. სახელმწიფოს მიზანი ისეთი საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბება უნდა იყოს, რომელიც ეროვნულ ინტერესებს, სამშობლოს სიყვარულს, ჩვენი წარსულისა და აწმყოს გააზრებას დაეფუძნება და თანამედროვე გამოწვევების პირობებში, საქართველოს წინაშე არსებული სირთულეების დაძლევაზე იქნება ორიენტირებული… სწორედ ამ სულისკვეთებით არის ნაკარნახევი დაანონსებული განათლების რეფორმა, რომელიც როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების, ფაქტობრივად, მთლიანი სისტემის რეფორმირებას ითვალისწინებს.

მე მჯერა, რომ რეფორმის განხორციელების შემდეგ მივიღებთ თანამედროვე გამოწვევების შესაბამის გამართულ სისტემას, რომელიც მოსწავლისა და მასწავლებლის, სტუდენტისა და პროფესორის საჭიროებებზე იქნება მორგებული და საქართველოს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ინტერესს მოემსახურება, გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე იხილეთ:

სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლებაში დაგეგმილი მორიგი ცვლილებები კანონად არასრულ ორ დღეში იქცა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური