GE

რას და როგორ ისწავლით ამ პროგრამაზე მაგისტრატურაში – დამტკიცდა ბავშვის უფლებების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 16 თებერვლის ინფორმაციით, დამტკიცდა ბავშვის უფლებების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი – ანუ განისაზღვრა, თუ რა და როგორ უნდა ისწავლებოდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ მიმართულებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის მაგისტრატურის საფეხურზე.

“დარგობრივი მახასიათებელი წარმოადგენს შუალედურ დოკუმენტს, რომელიც ეროვნულ კვალიფიკაციების ჩარჩოს აკავშირებს საგანმანათლებლო პროგრამასთან. იგი აღწერს იმ მინიმალურ სწავლის შედეგებს, რომელიც უნდა ჰქონდეს შესაბამისი დონისა და სწავლის სფეროს/დარგის კვალიფიკაციის მფლობელს, თუმცა არ ამოწურავს ამ სფეროსთან დაკავშირებულ სწავლის შედეგებს. ამასთან, დარგობრივი მახასიათებლის მიზანია საგანმანათლებლო პროგრამების მრავალფეროვნებისა და მოქნილობის უზრუნველყოფა. საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებას შეუძლია დარგობრივ მახასიათებელში აღნიშნული სწავლის შედეგების სტრუქტურულად განსხვავებულად ჩამოყალიბება”. 

როგორც განათლების ხარისის განვითარების ეროვნული ცენტრი განმარტავს, დოკუმენტის დამტკიცება, რომელიც EQE-ს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარუდგინა, საქართველოში ბავშვის უფლებების მიმართულებით უმაღლესი განათლების განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.

“დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცება გახდება საფუძველი სწავლის სფეროების კლასიფიკატორში შესაბამისი ცვლილების განხორციელებისთვის. შედეგად, დეტალურ სფეროში „სოციალური კეთილდღეობა – არაკლასიფიცირებული“ დაემატება მიმართულება „ბავშვის უფლებები (Child Rights)“, რაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მისცემს შესაძლებლობას, მაგისტრატურის საფეხურზე განახორციელონ ბავშვის უფლებების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ბავშვის უფლებების სფეროში აკადემიური განათლების განვითარებას და კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას”, – აღნიშნავენ ხარისხის ცენტრში.

სად შეძლებს დასაქმებას პროგრამის კურსდამთავრებული

კურსდამთავრებულები საქმდებიან ბავშვების უფლებადამცველებად, ბავშვთა საკითხებთან
დაკავშირებულ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ფსიქო-სოციალური, განათლების, ჯანდაცვის,
მართლმსაჯულების, კულტურისა და სპორტის და ა.შ. მაგალითად, შემდეგ პოზიციებზე:

  • სოციალური დახმარების კონსულტანტებად ბავშვებისა და ოჯახების, ჯგუფების, თემებისა
    და ორგანიზაციებისათვის, ბავშვების პიროვნულ და სოციალურ სირთულეებზე
    რეაგირებისათვის;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებრივი
    მდგომარეობის შეფასების სპეციალისტებად;
  • ინსტრუქტორ-განმანათლებლებად რესოციალიზაციის აქტივობებში;
  • უფლებადამცველებად სოციალური დახმარების სამსახურში, ფსიქო-სოციალური
    მხარდაჭერის მომსახურებებში;
  • სოციალური რეინტეგრაციის და ბაღის/სკოლის მრჩევლებად;
  • სკოლის მედიატორებად;
  • ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლად;
  • კონსულტანტებად პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში;
  • მკვლევრებად;
  • და სხვა.

ბავშვის უფლებების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად აუცილებელი სწავლის
შედეგებისა და ყველა სხვა დეტალის შესახებ ინფორმაციას გაეცანით დოკუმენტში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური