რა განაპირობებს საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემების წარმატებას
ავტორი: AMY S. CHOI – მწერალი, ჟურნალისტი
50 წლის წინ, სამხრეთ კორეას და ფინეთს საშინელი საგანმანათლებლო სისტემები ჰქონდათ. ფინეთი იდგა დიდი რისკის ქვეშ, გამხდარიყო ევროპის „ეკონომიკური გერი“. სამოქალაქო ომმა კი სამხრეთ კორეა განადგურების პირას მიიყვანა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, წინა საუკუნის მეორე ნახევრიდან სამხრეთ კორეამ და ფინეთმა შეძლეს სასკოლო სისტემის აღორძინება და ძალიან მაღალი საგანმანათლებლო მიღწევების ფონზე, საერთაშორისო აღიარების მოპოვება მოახერხეს. რა შეუძლიათ სხვა ქვეყნებმა ისწავლონ ამ ორი, რადიკალურად განსხვავებული, წარმატებული საგანმანათლებლო მოდელების გათვალისწინებით? გთავაზობთ მიმოხილვას იმაზე, თუ რა განაპირობებს სამხრეთ კორეისა და ფინეთის წარმატებას.
კორეული მოდელი: სიმტკიცე და ბევრი, ძალიან ბევრი შრომა – განათლებისა და ეკონომიკის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ტაკერის აზრით, ათასწლეულების განმავლობაში აზიის ბევრ ქვეყანაში სოციოეკონომიკურ იერარქიულ კიბეზე ასასვლელად და სტაბილური სამსახურის საშოვნელად აუცილებელი იყო გამოცდების ჩაბარება, სადაც გამომცდელი იმპერატორის უშუალო წარმომადგენელი იყო. გამოცდები ძალზედ საფუძვლიან ცოდნას მოითხოვდა და მათი ჩაბარება მომქანცველი და სტრესული პროცესი იყო. დღსაც, ბევრი კონფუცის მიმდევარი ქვეყანა პატივს სცემს განათლების ამ სისტემას, რომელიც წარმატების მიღწევას გამოცდების გზით ლობირებს.
სამხრეთ კორეა აზიის სხვა ქვეყნებზე გაცილებით დიდი წარმატებით გამოირჩევა. კორეელებმა შეძლეს მიეღწიათ ფანტასტიკური შედეგისათვის: ქვეყნის მოსახლეობის 100%-ს შეუძლია წერა-კითხვა და საერთაშორისო ტესტებში მიღწეული შედეგებით, მათ შორის, ტესტებში კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის კუთხით, ლიდერის პოზიციას იკავებს. თუმცა, წარმატებას თავისი ფასიც აქვს: სტუდენტები არიან დიდი სტრესის ქვეშ, რათა მიაღწიონ შედეგებს. კორეული სისტემა არ მიიჩნევს, რომ ვინმე სწავლისადმი განსაკუთრებული ნიჭით იბადება, რადგან კორეულ კულტურას სწამს, რომ წარმატების ფაქტორი შრომისმოყვარეობა და ბევრი მუშაობაა, შესაბამისად, წარუმატებლობას გამართლება არ აქვს. ბავშვები მთელი წლის განმავლობაში სწავლობენ როგორც სკოლაში, ასევე რეპეტიტორებთან. თუ საკმარისად იბეჯითებ, საკმარისად ჭკვიანიც იქნები.
„მოკლედ რომ ვთქვათ, კორეელებს სწამთ, რომ კარგი მომავალისთვის აუცილებლად უნდა გავიარო ძალიან რთული წინა პერიოდი. ეს არის მოკლევადიანი უბედურების ხარჯზე გრძელვადიანი ბედნიერების მოპოვების პრინციპი“, – ამბობს ანდრეას შლაიერი, PISA-ს განათლებისა და უნარ-ჩვევების ხელმძღვანელი და ეუთოს განათლების პოლიტიკის სპეციალური მრჩეველი –
ბავშვებზე ზეწოლას მხოლოდ მშობლები არ ახდენენ. სისტემა ტრადიციულად ახალისებს კონფრონტაციასა და წესრიგს. სხვა სტუდენტების მხრიდან კონკურენციაც ახდენს გავლენას მაღალი მოსწრების მოლოდინზე. ჯო ტობინის აზრით, რომელიც ჯორჯიის უნივერსიტეტის ადრეული ასაკის ბავშვების განათლების პროფესორი და შედარებითი საერთაშორისო კვლევების ექსპერტია, საზოგადოების ეს მიდგომა თავს ადრეული ასაკის განათლების სისტემაშიც იჩენს.
კორეაში, ისევე როგორც აზიის სხვა ქვეყნებში, ერთ კლასში ბევრი მოსწავლე სწავლობს, რაც ძალიან მიუღებელი იქნებოდა, მაგალითად, ამერიკელი მშობლებისათვის. კორეაში, მასწავლებლის მთავარი ამოცანაა, მართოს კლასი, როგორც საზოგადოება და განავითაროს თანატოლთა ურთიერთობები. ამერიკულ წინასასკოლო განათლების დაწესებულებებში კი, მასწავლებლების ამოცანა მოსწავლესთან ინდივიდუალური ურთიერთობების ჩამოყალიბება და თანატოლთა ურთიერთობების პროცესში პირადი ჩარევაა.
„მიმაჩნია, რომ არსებობს უკეთესი და უარესი გზები, თუ როგორ შეიძლება ვასწავლოთ ბავშვებს, ამავდროულად, თუ მექნებოდა არჩევანი გასაკეთებელი ჩემი ბავშვისთვის საშუალო სტატისტიკურ ამერიკულ განათლებასა და საშუალო სტატისტიკურ კორეულ განათლებას შორის, უხალისოდ ავირჩევდი კორეულს. ფაქტია, რომ დღევანდელ მსოფლიოში ბავშვს მოუწევს იცოდეს, როგორ ისწავლოს, როგორ იმუშაოს ბეჯითად და როგორ გაუმკლავდეს წარუმატებლობებს. კორეული მოდელი ამის საშუალებას იძლევა,“ – აცხადებს ამანდა რიპლი, ავტორი წიგნისა „ყველაზე ჭკვიანი ბავშვები მსოფლიოში და როგორ მიაღწიეს ამას“.
ფინური მოდელი: კლასგარეშე არჩევანი, შინაგანი მოტივაცია – ფინეთში სტუდენტებს აქვთ საშუალება ისარგებლონ როგორც მკაცრი დაასევე მოქნილი სისტემით. ბევრი განათლების ექსპერტის აზრით, ფინური სისტემა უტოპიურია.
შლაიერი აღნიშნავს, რომ ფინეთში სკოლა საზოგადოების აქტივობის ცენტრია. სკოლა უზრუნველყოფს არა მხოლოდ განათლებას, არამედ სოციალურ სერვისსაც. მას განათლებას იდენტურობის ჩამოყალიბების მისია აკისრია.
ფინური კულტურა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შინაგან მოტივაციას და ახალისებს საკუთარი ინტერესების ძიების პროცესს. სასკოლო დღე შედარებით მოკლეა და დატვირთულია სკოლის მიერ დაფინანსებული კლასგარეშე აქტივობებით, რადგან ფინელებს მიჩნიათ, რომ ყველაზე მნიშვენლოვან ცოდნას საკლასო ოთახის კედლებს მიღმა ვიღებთ. (გამონაკლისია, მხოლოდ სპორტული აქტივობები, რომელსაც სკოლის ნაცვლად ქალაქი აფინანსებს). მაღალ კლასებში საგნების მესამედი არჩევითია. არჩევითია ასევე ის გამოცდები, რომლებსაც სკოლის სადიპლომო გამოცდებისათვის აბარებენ. ფინური სასწავლო სისტემა ნაკლებად სტრესულია და სწავლების მრავალფეროვნებას ანიჭებს უპირატესობას.
ზემოაღნიშნული სრულებითაც არ გამორიცხავს მკაცრ აკადემიურ მიდგომას, რომელიც ევროპული წამყვანი ქვეყნების ისტორიული გავლენაა, მიიჩნევს ფინელი განათლების ექსპერტი და ავტორი წიგნისა „ფინური გაკვეთილები: რა უნდა ისწავლოს მსოფლიომ ფინური განათლების რეფორმიდან“, პასი სალბერგი.
„ყველაფრის გასაღები განათლებაა. ფინელები ფინეთის გარეთ ნაკლებად არსებობენ, ამიტომ ისინი განათლებას განსაკუთრებით სერიოზულად უდგებიან. მაგალითად, ჩვენს სასაცილო ენაზე ჩვენს გარდა არავინ საუბრობს. ფინეთში ორი სახელმწიფო ენაა და ყველა მოსწავლე ფინურთან ერთად შვედურსაც სწავლობს. ყველა ფინელმა, ვისაც სურს წარმატებული იყოს, როგორც მინიმუმ, კიდევ ერთი უცხო ენა უნდა ისწავლოს, რომელიც უხშირესად ინგლისურია. თუმცა, როგორც წესი, ფინელებმა იციან გერმანული, ფრანგული, რუსული და სხვა ენები. პატარა ბავშვებისთვისაც კი ცხადია, რომ ფინურად მსოფლიოში სხვა არავინ საუბრობს და თუ ცხოვრებაში რაიმეს მიღწევა სურთ, მოუწევთ სხვა ენების სწავლა,“ – აცხადებს სალბერგი.
ფინელებს და სამხრეთ კორეელებს აქვთ ერთი მსგავსება: ორივე დიდ პატივს სცემს მასწავლებლებს და მათ აკადემიურ მიღწევებს – ფინეთში, 10 აპლიკანტიდან მასწავლებლის მოსამზადებელ კურსებზე მხოლოდ ერთს იღებენ. მას შემდეგ, რაც 1970 წელს უმაღლესი პედაგოგიური ინსტიტუტების მასიური წმენდა მოხდა და 80% კოლეჯებისა დაიხურა, მხოლოდ საუკეთესო საუნივერსიტეტო ტრეინინგ პროგრამები დარჩა, რამაც პედაგოგების სტატუსი ქვეყანაში ერთიორად აამაღლა. ფინეთში მასწავლელბლები წელიწადში 600 საათს ასწავლიან და დანარჩენ დროს პროფესიულ განვითარებას უთმობენ, ხვდებიან კოლეგებს, სტუდენტებსა და მათ ოჯახებს. ამერიკაში მასწავლებლები საკლასო ოთახში 1100 საათს ატარებენ და ძალზედ მცირე დრო რჩებათ კოლაბორაციისათვის, საკუთარი საქმიანობის შეფასებისა და პროფესიული განვითარებისათვის.
როგორ შეუძლია ამერიკას შეცვალოს საგანმანათლებლო გარემო
2013 წლის საჯარო გამოსვლის დროს (თემა: როგორ გავიქცეთ განათლების სისტემის სიკვდილის ველიდან) TED-ის სპიკერმა, სერ კენ რობინსონმა განაცხადა, რომ „ამერიკული განათლების სისტემის გასაჭირი მხოლოდ აისბერგის ზედაპირია.ზედაპირზე არ ჩანან ის ბავშვები, რომლებიც განათლების პროცესში ინტეგრაციას ვერ ახდენენ, ვისაც სწავლება არ მოსწონს და ვინც რეალურად ვერაფერს ღირებულს ვერ იღებს ამ სისტემიდან. ასე არ უნდა ხდებოდეს.“
ამანდა რიპლის აზრით, „კულტურა ცვლილებებისადმი იმაზე მეტად დამყოლია, ვიდრე წარმოგვიდგენია. იგიჰაერივითაა, სადაც უამრავი რამ დაფრინავს, რომელთაგან ზოგი გააქტიურებული, ზოგიც მიძინებულია. ისეთი რიგი მოვლენებით, როგორიცაა ეკონომიკური ინიციატივები, ხელისუფლების ცვლა, ისტორიული შემთხვევები, ზოგი მიძინებული ასპექტი მოქმედებაში მოდის. კარგი ისაა, რომ ამერიკელებს გვაქვს ბევრი დადებითი რამ ჩვენს კულტურაში, რომელზეც შეგვიძლია ძლიერი საგანამანათლებლო სისტემა ავაშენოთ, მაგალითად, მრავალწლიანი მხარდაჭერა ადამიანების თანაბარი შესაძლებლობების უფლებისა და ძლიერი მერიტოკრატია, რაც ნიჭიერი ხალხის დაფასებას გულისხმობს.“
ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ განვითარდა ამერიკული განათლების სისტემა ბოლო 50 წლის განმავლობაში არის ის, რომ ამერიკელ ბავშვებს თვითგადარჩენისათვის არ დასჭირვებიათ რთული ანალიტიკური უნარები და კრიტიკულ აზროვნება. თუმცა, დღეს უკვე რეალობა შეიცვალა.
„კულტურა ფეხს უნდა უწყობდეს ეკონომიკურ რეალობას და ჩვენ [ამერიკას] ამ კუთხით ჩამორჩენა გვაქვს. ჩვენი ბავშვები არ იზრდებიან ისე, რომ მიიღონ საჭირო უნარ-ჩვევები და სიმტკიცე, რათა კონკურენტულები იყვნენ გლობალურ ეკონომიკაში“ – აცხადებს რიპლი.
„ჩვენ წარსულის საგანმანათლებლო სისტემის მოგონებებისა და სურთების ტყვეობაში ვართ“ – აცხადებს ტონი ვაგნერი, ჰარვარდის საგანმანათლებლო ინოვაციის ცენტრის რეზიდენტ-ექსპერტი და ავტორი წიგნისა „გლობალური წარმატებების უფსკრულები.
„ჩვენს გვურს, რომ ჩვენმა შვილებმა ჩვენი გამოცდილება გაიმეორონ და იგივე სურდეთ, რაც ჩვენ გვსურდა. ამ დამოკიდებულების გამო კრეატიულად ვერ ვუდგებით განსხვავებული სტილის განათლების სისტემებს. წარმოუდგენელია 21-ე საუკუნის გამოწვევებისათვის გამკლავება ძველ სისტემაზე ჩაბღაუჭებით. ჩვენ ძირეული რეფორმა გვესაჭირეობა.“
ვაგნერი მართლია. ამერიკა არჩევანს მშობლებს ანდობს, რათა შეარჩიონ „საუკეთესო“ სკოლა, იმის ნაცვლად, რომ ყველა სკოლა იმ დონეზე განავითაროს, რომ შესაძლებელი იყოს ბავშვის მაღალი დონის განათლება. ვამბობთ, რომ ბავშვი არის ნიჭიერი და ამით პასუხისმგებლობა ბავშვზე გადაგვაქვს და აღარ გვაინტერესებს მასწავლებლის უნარი, თუ როგორ ასწავლის ბავშვებს. ამ დროს, ჩვენი [ამერიკული] სისტემა სკოლებს თითო სტუდენტზე გამოყოფილი ხარჯების მიხედვით აფასებს და არა იმ რეალურ ფასეულობებით, თუ რას ღებულობს სტუდენტი.
როგორი იქნება ამერიკული საგანმანათლებლო სისტემა ხვალ? სწორედ სისტემაა ის ფაქტორი, რაც განაპირობებს განათლების მენეჯმენტის წარმატებულებას და არა მხოლოდ მშობელი, მოსწავლე ან მასწავლებელი. სისტემას კი კულტურა ქმნის. იმედია, რომ ამერიკაც შეძლებს, იპოვოს საკუთარი ძლიერი მხარე და სურვილი იმისა, რომ შეცვალოს კულტურა და ეტაპობრივად მშობელი, მოსწავლე და მასწავლებელი.
ideas.ted.com
ა.ნ.