GE

როგორ მივაჩვიოთ ბავშვები კითხვას არდადეგებზე და არამხოლოდ

თანამედროვე ბავშვებს ნამდვილად არ უყვართ, არ იციან და არ ისწრაფვიან ისწავლონ კითხვა. თანაც იმდენად, რომ ეს უნარი, აგრეთვე მასთან დაკავშირებული მეტყველებისა და მართლწერის კულტურა ჩვენ თვალწინ ქრება. ნაწილობრივ ამაში დამნაშავე თანამედროვე ტელევიზია და კომპიუტერული თამაშებია, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა გავიგოთ ახალი და გავერთოთ, წიგნების კითხვის გარეშე. თუმცა, არ ღირს მხოლოდ ტელევიზორისა და კომპიუტერის დადანაშაულება, იმაში, რომ ბავშვებს არ უყვართ კითხვა. დამნაშავეები ჩვენც ვართ, ზრდასრული ადამიანები. წარმოგიდგენთ რამდენიმე ხერხს ამის გამოსასწორებლად.

წაუკითხეთ და ისაუბრეთ წაკითხულის შესახებ

დაიწყეთ ბავშვში წიგნის სიყვარულის გაღვივება ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მან ასოებიც კი არ იცის. წაიკითხეთ ხმამაღლა საინტერესო ზღაპრები და ისტორიები, შემდეგ კი განიხილეთ ბავშვთან ერთად მთავარი გმირები, გაიხსენეთ განსაკუთრებით საინტერესო ადგილები, შექმენით სიუჟეტის განვითარება.

სწორად შეარჩიეთ საკითხავი მასალა

თუ ბავშვი დაინტერესებულია ზომბებით ან უცხოპლანეტელებით, შეეცადეთ, მოძებნოთ საინტერესო ლიტერატურა ამ თემებზე, რაოდენ სულელურიც არ უნდა მოგეჩვენოთ. ინტერესები დროთა განმავლობაში შეიცვლება, კითხვის სიყვარული კი დარჩება.

წაახალისეთ კითხვა ყოველ ნაბიჯზე

როდესაც თქვენი შვილი საკმაოდ წინ წაიწევს, რათა წაიკითხოს მთლიანი სიტყვები, ყველანაირად წაახალისეთ მისი ეს უნარი ყოველდღიურ ცხოვრებაში. მიეცით მას მენიუს დამოუკიდებლად წაკითხვის შესაძლებლობა კაფეში, ფილმის დასახელება კინოთეატრში, მიეცით საშუალება შეისწავლოს განცხადებები სასკოლო სტენდზე, აგრეთვე პროდუქტების დასახელება მაღაზიაში. აჩვენეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კითხვის ცოდნა რეალურ ცხოვრებაში.

გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები

ნუ იფიქრებთ, რომ პლანშეტები და ნოუთბუქები წიგნების პირდაპირი კონკურენტები და მეტოქეები არიან. დააყენეთ სპეციალური პროგრამები კითხვისათვის და ასწავლეთ ბავშვს მათი გამოყენება.

მიეცით პირადი მაგალითი

არც ერთი მოწოდება და ტკბილეული არ იქნება წარმატებული, თუ თქვენ თავად არ მისცემთ პირად მაგალითს. რაც უფრო ხშირად დაინახავს ბავშვი მშობლებს წიგნით ხელში, მით უფრო სავარაუდოა, რომ ისიც ერთგული მკითხველი გახდება. 

გამოიყენეთ მასმედია

თანამედროვე ტელევიზია, კინო და კომპიუტერული თამაშები უსირცხვილოდ იყენებენ ლიტერატურას, გამუდმებით იღებენ ცნობილი ნაწარმოებების რემეიკებს ან უბრალოდ იპარავენ სიუჟეტებს. თუმცა ამის სასარგებლოდ გამოყენებაც შეიძლება. გამოვიდა მორიგი უნიჭო ეკრანიზაცია მუშკეტერების თავგადასავალზე, შესთავაზეთ თქვენს შვილს: „გინდა გაიგო, როგორ მოხდა ყველაფერი სინამდვილეში?“. დაეხმარეთ მას გაიგოს ეკრანზე ნაჩვენები ისტორიის დასაწყისი და დაბოლოება, დააინტერესეთ იმით, რაც კადრს მიღმა დარჩა.

მიიღეთ სიამოვნება

უმთავრესი აზრი, რომელიც თქვენს შვილს უნდა შთააგონოთ ყველა შესაძლო გზით, მდგომარეობს იმაში, რომ კითხვა თავისთავად სიამოვნებაა. არა დასჯა და მოსაწყენი აუცილებლობა, არამედ საუკეთესო სიამოვნება და ჯილდო. ამის გარეშე ნამდვილად არაფერი გამოვა.

წყარო: lifehacker

ა.ზ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური