GE

CIU-ს მულტიმედია ცენტრში მომზადებული ფილმების ციკლის – „ქართული ფულის თავგადასავალი – ოცდაათი ამბავი“ პრეზენტაცია გაიმართა

7 ნოემბერს, „ილიაობის“ კვირეულის ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრში მომზადებული მოკლემეტრაჟიანი სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ციკლის – „ქართული ფულის თავგადასავალი – ოცდაათი ამბავი“ – პრეზენტაცია გაიმართა.

უნივერსიტეტის მიერ 9 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, მედიაპროექტი ეროვნული ვალუტის შემოღების 30 წლის იუბილეს მიეძღვნა და ქართული ნუმიზმატიკის ოცდაექვსსაუკუნოვან ისტორიას ასახავს. პროექტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო დაფინანსებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა.

ღონისძიებას ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, სასკოლო საზოგადოების, საქართველოს ეროვნული ბანკისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

CIU-ს ვიცე-კანცლერმა, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჭალაგანიძემ პროექტის მნიშვნელობაზე, მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა:

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრი თავისი დაარსების დღიდან „მესამე მისიის“ განხორციელებასაც ემსახურება, რაც, განათლებასა და მეცნიერებასთან ერთად, კულტურული ღირებულებების პროპაგანდასა და პოპულარიზაციას გულისხმობს. ჩვენს ბაზაზე ეროვნული მნიშვნელობის მატარებელი არაერთი პროექტი მომზადდა. „ქართული ფულის თავგადასავალი – ოცდაათი ამბავი“ – არსებული პრაქტიკის კიდევ ერთი დასტური და წარმატებული გაგრძელებაა. დამსწრე საზოგადოებას სწორედ აღნიშნული მედიაპროდუქტის შესახებ ვუამბეთ, ამჯერად, ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმში.

ვისაუბრეთ ფულზე, რომელიც ჩვენი სოციალური მობილობის ამსახველია, თავისუფლებისა და შემოქმედებითობის ინსტრუმენტი, იდენტობისა და კულტურის აღმნიშვნელი. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი ნამუშევარი ფართო აუდიტორიის წინაშე წარგვედგინა“, – აღნიშნა ნინო ჭალაგანიძემ.

იდეის ავტორმა და შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა სულხან მელაძემ აუდიტორიას მედიაპროექტის კონცეფცია და მისი მომზადების პროცესი გააცნო.

CIU-ს კანცლერმა და ყვარლის საპატიო მოქალაქემ, ვახტანგ წივწივაძემ დამსწრე საზოგადოებას უნივერსიტეტის ისტორია, განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ყვარლის ფულის მუზეუმის კურატორმა, როლანდ სპანდერაშვილმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი ქართული ნუმიზმატიკის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის სანდო, დოკუმენტურად დამოწმებული მასალების საფუძველზე აუდიოვიზუალურ ფორმატში წარმოჩენის პირველი მცდელობაა. მანვე პროექტის განხორციელებაში საქართველოს ეროვნული ბანკის როლს გაუსვა ხაზი.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, პროექტი შეაფასა ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერმა, ზურაბ ჩხეიძემ:

„მოხარული ვართ, რომ ყვარელში მსგავსი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ჩვენი მოსახლეობისთვისა და ზოგადად, ქვეყნისთვის ეროვნული თემებისა და საკითხების პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია“.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ყვარლის მუნიციპალიტეტთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, CIU-ს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც იმსჯელეს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური