GE

რომელი პროფესიები ლიდერობს 2015 წელს აბიტურიენტებში

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ, მაია მიმინოშვვილის განცხადებით, აბიტურიენტებში სპეციალობის/მიმართულების არჩევის დროს პრიორიტეტები სხვა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არ იცვლება და არც 2015 წელია გამონაკლისი.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, პოპულარული მიმართულებების შესახებ უფრო ზუსტად საუბარი აგვისტოს თვეში იქნება შესაძლებელი.

„ამ მიმართულებით პრიორიტეტები დიდად არ იცვლება. სამართალმცოდნეობა, ეკონომიკა, ბიზნესი და საერთაშორისო ურთიერთობები არის მომხიბვლელი ჩვენი აბიტურიენტებისთვის. ჰუმანიტარული განხრით ნაკლებად. თუმცა, ამ თემაზე უფრო ზუსტად ვიმსჯელებთ აგვისტოს დასაწყისში. იმდენად, რამდენადაც აგვისტოს დასაწყისამდე, კიდევ აქვთ აბიტურენტებს საშუალება, რომ არჩევანი შეცვალონ. ვიდრე სააპელაციო პროცესი დაიწყება, იქამდე შეუძლიათ არჩევანის ცვლილება. სამწუხაროდ, ტექნიკურ საგნებზე და სპეციალობებზე მოთხოვნა ნაკლებია. მათემატიკა იყო საგანი, რომელსაც სხვა საგნებთან შედარებით ბევრი აბიტურიენტი აბარებდა, ეხლა კი შემცირდა იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებსაც მათემატიკა აქვთ არჩეული. სამაგიეროდ ძალიან გაიზარდა იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც გეოგრაფიას ირჩევენ. ვფიქრობ, თვლიან, რომ გეოგრაფია უფრო მარტივი საგანია“,- განაცხადა მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, აბიტურიენტების მხრიდან, არჩევითი საგნების პრიორიტეტულობის ასეთ ცვლილებას, ისიც განაპირობებს, რომ ფაკულტეტზე, რომელზე ჩაბარების სურვილიც აქვთ, კონკრეტულ უნივერსიტეტს, სწორედ ეს საგანი აქვს სავალდებულოდ გამოცხადებული.

„უმაღლესი სასწავლებლები გასაგები მიზეზების გამო, ირჩევენ გეოგრაფიას ისეთ მიმართულებაზე, სადაც არავითარ კავშირში გეოგრაფია არ არის. უნივერსიტეტები თავად ირჩევენ ჩასაბარებელ საგნებს და ჩვენ ამაში არ ვერევით. დაფინანსების წესის გათვალისწინებით, უნივერსიტეტი მაქსიმალურად არის დაინტერესებული, რაც შეიძლება მეტი აბიტურიენტი მოიზიდოს. ეს არ არის ცუდი, მაგრამ, როდესაც უმაღლესი სასწავლებლისთვის დაფინანსების თითქმის ერთადერთი წყარო არის სტუდენტისგან შემოსული თანხები, ნებსით თუ უნებლიეთ ჩვენ ვუბიძგებთ, აქცენტი გააკეთონ არა ხარისხზე არამედ რაოდენობაზე. აღნიშნულს რა თქმა უნდა უშველის დაფინანსების წესის შეცვლა. ეს არის სასწრაფოდ გასაკეთებელი და ძალიან მნიშვნელოვანი,“ – აღნიშნა მიმინოშვილმა.

რაც შეეხება ყველაზე პოპულარული კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების რეიტინგს, ეროვნული ცენტრის დირექტორმა გასული წლის მაგალითი მოიყვანა, რომლის თანახმად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჯავახიშვილი, ხოლო კერძოში თავისუფალი უნივერსიტეტი ლიდერობდა.

„მინდა აბიტურიენტები დავაწყნარო, ნერვიულობის დრო აღარ არის“, – მაია მიმინოშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური