„თსუ-ში, კვლევაში ჩართულ დოქტორანტებს აქეთ ახდევინებენ გადასახადს“
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტებს დამატებით სემსეტრების გადასახადზე მნიშვნელოვანი შეღავათები აღარ ექნებათ. ეს გადაწყვეტილება ფაკულტეტის დეკანმა რამაზ ბოჭორიშვილმა მიიღო. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტები ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ დეკანი არ ფიქრობს ახალგაზრდებზე და ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს. Aris.ge-განათლება ყველა დაინტერესებულ მხარეს ესაუბრა.
მანუჩარ გვარამია – ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის (სპეციალობა -ფიზიკური ქიმია) მეხუთე სემესტრის დოქტორანტი:
„ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე დოქტორანტები, როგორც ძირითად, ასევე დამატებით სემესტრში ვიხდიდით 150 ლარს. დეკანი ერთ მშვენიერ დღეს იღვიძებს ცუდ ხასიათზე და დამატებით სემესტრში გვიზრდის გადასახადს, კერძოდ, პირველი დამატებითი სემესტრი ხდება 300, მეორე 600, მესამე 1125, მეოთხეც 1125 ლარი.
ჩემი აზრით, დეკანის ამ გადაწყვეტილებიდან ნათლად ჩანს, რომ ამ ადამიანს სურს, უფრო მეტი ფინანსური სარგებელის მიღება. ის არ ფიქრობს ხვალინდელ დღეზე და არ აინტერესებს, რა დონის და რა კვალიფიკაციის ახალგაზდები იქნებიან დღევანდელი პროფესორების შემცვლელები. ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, ის უნდა იქნეს ჩამოშორებული ფაკულტეტის ხელმძღვანელი პოზიციიდან! ასეთი ხალხი უნდა შეიცვალოს! აუცილებლად შეიცვლება დეკანი! ის ნახავს, თუ რა ძალა აქვს სტუდენტებს!
მინდა, საზოგადოებამ კარგად გაიგოს, რას ნიშნავს დოქტორანტურაზე სწავლა. მე თსუ-ში როცა ექსპერიმენტებს ვატარებდი, იყო პერიოდები, ლაბორატორიაში 12 საათი ვმუშაობდი. შევდიოდი დილის 10 საათზე და ღამის პირველ საათზეც ბევრჯერ გამოვსულვარ იქიდან. დავდიოდი კონფერენციებზე. დოქტორანტებს უნივერსიტეტის სახელი ბევრჯერ გაგვიტანია საზღვრებს გარეთ. ახლა მე გერმანიაში ვარ, კერძოდ, მიუნხენში. ისეთ შრომაში, რომელსაც თსუ-ში ვაკეთებდი, მიუნხენში ხელფასს მიხდიან. თსუ-ში კი დოქტორანტებს, რომლებიც კვლევაში არიან ჩართული, აქეთ ახდევინებენ გადასახადს და რაც ყველაზე გამაღიზიანებელია, ამ გადასახადსაც უზრდიან“.
ფონჯავიძე ნინო – ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მეექვსე სემესტრის დოქტორანტი. ფიზიკოსი.
„დამატებითი სემესტრების გაძვირება ძალიან ცუდია. თუ გავითვალისწინებთ აქაურ ლაბორატორიულ პირობებს, სადაც ძნელია ექსპერიმენტების განხორციელება. თითოეული ექსპერიმენტი საკმაოდ ძვირიც ღირს. ყველა სტუდენტი ცდილობს, მოახერხოს როგორმე და რომელიმე ნორმალურ ლაბორატორიაში შეძლოს ექსპერიმენტის ჩატარება და ან კვალიფიკაციის ამაღლება. მეც მჭირდება დამატებითი სემსეტრი. ვაპირებ 1 სემესტრი აკადემიური ავიღო და მერე დავიმატო – ერთი. 1 სემესტრი კიდევ არაფერია, 300 ლარი დამიჯდება, მაგრამ ვიცი დოქტორანტები, რომლებსაც 4-5 სემესტრის დამატება უწევთ და მათთვის ნამდვილად პრობლემაა შეღავათების გაუქმება. ამ ბოლო დროს კი აქვთ დოქტორანტის სტიპენდია, მაგრამ ეს არც ისე დიდი შეღავათია.
არის მეორე მხარეც, თუ არიან ისეთი სტუდენტები, რომლებიც არაფერს აკეთებენ და მხოლოდ სტუდენტის სტატუსი სჭირდებათ, ალბათ, მათ მიმართ სამართლიანია გადასახადის გაზრდა, მაგრამ ვინც სწავლობს და მართლა თემის კეთებითაა დაკავებული, იმათმა რა ქნან? ვინც მუშაობს თემაზე, იმათ მაინც დაუტოვონ ძველი თანხა. მინდა, ისიც დავამატო რომ აქ ვინც არიან, დოქტორანტები, სამწუხაროდ, არა აქვთ ისეთი პირობები, რომ მაგხელა გადასახადის, 1200 ლარის გადახდა შეძლონ. ეს პირიქით, ხელს შეუშლის ფაკულტეტზე ხალხის მოზიდვას. თსუ-ში ვინც აბარებს, ძირითადად, მცირე გადასახადის გამო. თორემ სხვაგან გადაიხდიან გადასახადს და ბევრად უფრო თავისუფლად და მშვიდად დაამთავრებენ კიდეც.“
Aris.ge – განათლებამ ჯერ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილესთან მაგული კვერნაძეთან სცადა სიტუაციის გარკვევა:
„გაძვირებას რას ეძახით? გაძვირება იცით, რა არის? 1125 ლარია ოფიციალური გადასახადი. სავალდებულოა მისი გადახდა. გაძვირება სხვა რაღაცაა, როდესაც 1125 ლარზე მეტს გადაახდევინებ სტუდენტს. ფაკულტეტმა წლების განმავლობაში გააკეთა შეღავათი, მაგრამ ამაზე ჯობია თქვენ გიპასუხოთ ფაკულტეტის დეკანმა. ჩემს სფეროში არ შემოდის ეს საკითხი“, – გვითხრა მაგული კვერნაძემ.
ჩვენ შემდეგ ფაკულტეტის დეკანს რამაზ ბოჭორიშვილს ვკითხეთ, თუ რა იყო მისი მოტივაცია, როდესაც დოქტორანტებს დამატებითი სემესტრის გადასახადს უძვირებდა:
„ეს არ არის სწორი ინფორმაცია, უნივერსიტეტის გაზეთს ჩვენ გადავაწოდეთ ფაკულტეტის დადგენილება. დოქტორანტებს ხელი აქვთ ხელშეკრულებაზე მოწერილი. 1125 ლარია გადასახადი და ძალიან მადლობელი ვიქნები, თუკი გაეცნობით ამ დადგენილებას. იქ ყველაფერი დეტალურად წერია. მე მგონი, ზუსტი ინფორმაცია მოგაწოდეთ. ეს საქმე თუ მართლა გაინტერესებთ, გთხოვთ, გაეცნოთ დადგენილებას!,“ – გაგვიცხადა რამაზ ბოჭორიშვილმა.
თსუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დადგენილების გამოგზავნა ვთხოვეთ, სადაც წერია:
„თსუ აკადემიური საბჭოს 2015 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად ფაკულტეტის საბჭომ შეისწავლა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტების განცხადება დოქტორანტურაში სწავლის გადასახადთან დაკავშირებით და დაადგინა შემდეგი: დოქტორანტების განცხადებაში ნათქვამია: „სწავლის გადასახადი ძვირდება“. ფორმულირება არ არის სწორი. კერძოდ, სწავლის სემესტრული გადასახადი არის 1125 ლარი და თსუ-თან შესაბამის ხელშეკრულებაზე დოქტორანტებს ხელი აქვთ მოწერილი. აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის #77/2011 დადგენილებით დამტკიცებული სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის შესაბამისად, ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია დააწესოს შეღავათი და სწორედ ამ შეღავათის ოდენობას აპროტესტებენ დოქტორანტები. კერძოდ, ისინი ითხოვენ დამატებით შეღავათებს დამატებით სემესტრებში“, – ნათქვამია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დადგენილებაში, სადაც დეტალურადაა მოცემული, რამდენია სტატუსშეჩერებული დოქტორანტი.
„კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით დამატებითი სემესტრის დოქტორანტთა საერთო რაოდენობის 92,3% აქვს სტატუსი შეჩერებული, ხოლო მათემატიკის მიმართულებით – 50%-ს“, – წერია დადგენილებაში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე 60 დოქტორანტიდან აქტიური სტატუსის მქონეა მხოლოდ 14 დოქტორანტი, 46 დოქტორანტი სარგებლობს აკადემიური შვებულებით.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციაც მიიჩნევს, რომ თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე დოქტორანტურის საფეხურზე სწავლა არ გაძვირებულა:
„ფაკულტეტის დოქტორანტები სარგებლობდნენ და ამჟამადაც სარგებლობენ საკმაოდ სერიოზული შეღავათებით. კერძოდ, ნაცვლად სემესტრული 1125 ლარისა, იხდიან 150 ლარს. შეიცვალა მხოლოდ დამატებითი სემესტრის გადასახადი. თუმცა, კვლავაც შენარჩუნდა სერიოზული შეღავათი. პირველ დამატებით სემესტრზე ნაცვლად 1125 ლარისა გადასახდელია 300 ლარი, მეორე დამატებით სემესტრზე (ნაცვლად 1125 ლარისა)- 600 ლარი. მეოთხე და მეხუთე დამატებით სემესტრებზე – 1125 ლარი“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.
რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოზიციას, უწყებაში აცხადებენ, რომ დოქტორანტებისთვის დამატებით სემესტრებში შეღავათების დაწესების საკითხს „უნივერსიტეტები თავად არეგულირებენ სრულად“.
ცისანა არის© შერგილაშვილი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება