20 საჯარო სკოლაში ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დაიწყო
მიმდინარე წლიდან პროფესიული განათლება საჯარო სკოლებში შევიდა, მათ შორის თბილისის 90-ე და 21-ე საჯარო სკოლებში, სადაც ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება.
90-ე საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლეებს გრაფიკული დიზაინის შესწავლის შესაძლებლობა აქვთ. მომავალში მსურველთათვის სხვა პროგრამების შეთავაზებაც იგეგმება.
რაც შეეხება 21-ე საჯარო სკოლას, მე-11 კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ სარესტორნო მომსახურება.
“ახალი ინიციატივა მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს სკოლებშივე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილ სასწავლო გარემოში, პრაქტიკაზე დაფუძნებით, ზოგადი განათლების პარალელურად დაეუფლონ მოთხოვნად პროფესიას და მიიღონ, როგორც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი, ასევე, პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი. სწავლის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, დასაქმდნენ პროფესიით ან სურვილის შემთხვევაში გააგრძელონ სწავლა უმაღლესი განათლების საფეხურზე”, – აღნინულია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მიმდინარე წელს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება 20 საჯარო სკოლაში დაიწყო და დაგეგმილია, რომ მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება პროექტში ჩართული სკოლების რაოდენობა.
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები
- ახალი სქემის დოკუმენტი – დამტკიცდა პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი by ARIS.GE-განათლება