2026 წლის მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაცია 20 აპრილს დაიწყება – სიახლე ტესტირების მონაწილეებისთვის
მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაცია 20 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) დღეს, 17 აპრილს ავრცელებს.
NAEC-ის ცნობით, მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე – online.naec.ge – 6 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ.
აუცილებელია, კანდიდატებმა 20 აპრილის 10:00 საათიდან 4 მაისის 18:00 საათამდე გამოცდების საფასური გადაიხადონ (არანაკლებ ერთი გამოცდის).
სიახლე:
2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და ასევე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.
კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ვერ აირჩევენ იმ საგნებს, რომელთა ტესტური დავალების/დავალებების შინაარსი იდენტურია (მათ შორის, თუ საგნის ტესტური დავალება/დავალებები ნათარგმნია უცხოურ ენაზე).
გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო ასე განმარტავს: “საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველად, 2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, ერთდროულად დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და აგრეთვე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.
გადაწყვეტილება მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის სისტემურ გაძლიერებას ემსახურება. შედეგად, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება უზრუნველყოფს სწავლების სტანდარტების ამაღლებას და ქმნის სამართლიან და ხარისხზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს”.
მონაწილეთათვის ერთი გამოცდის საფასური შეადგენს 50 ლარს, რომლის გადახდა ხორციელდება „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით.
ასევე იხილეთ:
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტურის საბოლოო შედეგები და რეიტინგული სია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია
by აბიტურიენტებისათვის
-
2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე