GE

„ივანე ჯავახიშვილი – 150“ – საიუბილეო ღონისძიებები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა

2026 წლის 16 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი გაიმართა. საიუბილეო პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტში მოეწყო ფოტოგამოფენა და მოკლემეტრაჟიანი სიუჟეტის პრეზენტაცია – „ივანე ჯავახიშვილი სტუდენტების თვალით“. ღონისძიებების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია „ივანე ჯავახიშვილი – 150“, რომელიც პლენარული სხდომით გაიხსნა.

კონფერენციის მონაწილეებს მისალმებელი სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა შალვა კირთაძემ და მარკეტინგის, პროექტებისა და ღონისძიებების სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ფხაკაძემ. მათ სიტყვით გამოსვლებში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ივანე ჯავახიშვილის უდიდეს ღვაწლსა და მის მნიშვნელობაზე ქართული მეცნიერებისა და განათლების განვითარების პროცესში. პლენარულ სხდომაზე მოხსენებები წარმოადგინეს პროფესორებმა იმერი ბასილაძემ და სულხან კუპრაშვილმა.

კონფერენციის მუშაობა გაგრძელდა სექციებში:

I სექცია: „ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო ნააზრევი ჰუმანიტარულ და პედაგოგიურ მეცნიერებათა ჭრილში“ (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი; პედაგოგიური ფაკულტეტი);

II სექცია: „ივანე ჯავახიშვილის ინტერდისციპლინური მემკვიდრეობა და თანამედროვე კვლევითი ინტერპრეტაციები“ (ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი).

ასევე ჩატარდა ესეების კონკურსი – „ივანე ჯავახიშვილი – 150“, რომელიც სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში განხორციელდა. ღონისძიებების დასასრულს გაიმართა შედეგების შეჯამება.

საიუბილეო ღონისძიებები ჩატარდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და პროფესურის ორგანიზებით, მარკეტინგის, პროექტებისა და ღონისძიებების სამსახურის მხარდაჭერით.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური