ცნობილია, ვისი დიპლომი გათანაბრდება მაგისტრის ხარისხთან და რა უნდა იცოდნენ უმაღლესში 2010 წლამდე ჩარიცხულებმა
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა და საკომიტეტო მოსმენებზე უკვე 17 აპრილიდან გავა საქართველოს მთავრობის ინიცირებული და განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც 2010 წლამდე მიღებული განათლებისა და დიპლომების აღიარებას და ასევე მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებას ითვალისწინებს.
ცვლილება კანონში: „4-წლიანი დასწრებული და 5-წლიანი დაუსწრებელი სწავლების აღიარება თანაბრად მოხდება“
მოკლედ, თუ რას მივიღებთ კანონპროექტის დამტკიცების შედეგად:
– ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, 2010 წლის პირველ სექტემბრამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად, აღიარებული იქნება.
– სახელმწიფოს მიერ აღიარებული იქნება 2005 წლამდე ჩარიცხული პირის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი, იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც კვალიფიკაციის მინიჭების დროს ფლობდა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიას.
– 2010 წლის 1 სექტემბრამდე ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებული იქნება მაგისტრის დიპლომთან.
როგორ ხსნის განათლების სამინისტრო კანონის მიღების აუცილებლობას:
არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღება აუცილებელია იმ მიზნით, რომ აღმოიფხვრას „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ზემოხსენებული ხარვეზები. კერძოდ, აღნიშნული მიზნის მისაღწევად აუცილებელია, რომ კანონში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები, მათ შორის, განისაზღვროს, რომ 2010 წლის 1 სექტემბრამდე ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან. აღნიშნული ცვლილების განხორციელების გარეშე, პირები, რომლებმაც დაასრულეს ოთხ წლიანი, ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა, ვერ შეძლებენ მოახდინონ საკუთარი უფლებების რეალიზაცია სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე. აღნიშნული კანონის მიღების გარეშე შენარჩუნდება არასამართლიანი და უთანასწორო მიდგომა, რამდენადაც ოთხ წლიანი (ე.წ დასწრებული) ერთსაფეხურიანი პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი გაუთანაბრდება ბაკალავრის ხარისხს, ხოლო ხუთ წლიანი (ე.წ დაუსწრებელი) პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი გაუთანაბრდება მაგისტრის ხარისხის. ამასთან, კანონის მიღება აუცილებელია, რათა საკანონმდებლო ნორმამ გაითვალისწინოს, აგრეთვე, 2006-2007 წლების ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა დიპლომების ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომთან გათანაბრების საკითხიც და ასევე, ის შემთხვევებიც, როდესაც მიუხედავად ვალდებულებისა, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2007-2008 სასწავლო წლის დაწყების შემდგომაც გასცეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მოქმედი ხარისხები.
ამასთანავე, კანონის მიღება აუცილებელია, რათა იმ პირებმა, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულნი იყვნენ 2010 წლის 1 სექტემბრამდე და რომლებმაც სწავლა დაასრულეს არააკრედიტებულ რეჟიმში საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ინსტიტუციური აკრედიტაციის დაკარგვის/გაუვლელობის გამო, შეძლონ მათ მიერ მიღებული განათლების აღიარება.
გასათვალისწინებელია, რომ ამ კანონის მიღების გარეშე პირები, რომლებმაც განათლება ნაწილობრივ მიიღეს არალიცენზირებულ დაწესებულებაში (ისეთი შემთხვევები, როცა დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მოპოვება განხორციელდა პირის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემდეგ (კვირის, თვის ან წლის განმავლობაში)), ვერ შეძლებენ მათ მიერ მიღებული განათლების ნამდვილობის დადასტურებას სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე.
იმ პირობებში, როდესაც მსგავს შემთხვევებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უკვე დადგენილია პრაქტიკა და პირებს, სასამართლოსთვის მიმართვის გზით, უღიარდებათ მათ მიერ მიღებული განათლება, მიზანშეწონილია, განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რათა ასეთ პირებს საკუთარი უფლებების რეალიზაციისათვის არ დასჭირდეთ სასამართლოსთვის მიმართვა.
საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენილი კანონპროექტის ძირითადი არსი და ყველა სხვა დეტალი იხილეთ განმარტებით ბარათში
-
ქვედაკაბა მუხლამდე და გრძელი, შარვალი და პიჯაკი – ცნობილია, როგორი იქნება სასკოლო ფორმები ახალი სასწავლო წლიდან (ესკიზები)
by ARIS.GE-განათლება
-
„არ ეჩვენებინოთ პროგრამა, სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია“
by ARIS.GE-განათლება
-
გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“
by ARIS.GE-განათლება