„სოხუმის უნივერსიტეტში ღალატია!“ – ფაკულტეტების დეკანებს ასოცირებული პროფესორი მიმართავს
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ლექტორი ელგუჯა ქავთარაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 16 ნოემბერს გამართული აკადემიური საბჭოსა და სენატის სხდომის შესახებ წერს და უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებს მიმართავს:
„სოხუმის უნივერსიტეტში ღალატია! 16 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა აკადემიური საბჭოსა და სენატის სხდომა, სადაც განიხილებოდა ფაკულტეტების გაერთიანების საკითხი. გადაწყვეტილება ამ სხდომებზე არ იყო მიღებული, რადგან საკითხი მძიმე და მავნებლურია, ამიტომ ე.წ. „მოთელვა“ გაკეთდა, რადგან ახალ წლამდე ვითომდა განხილვა იყო, შემდეგ კი დაასამარებენ უნივერსიტეტს“, – დაწერა ელგუჯა ქავთარაძემ საკუთარ სოციალურ ქსელში 18 ნოემბერს.
EDU.ARIS.GE-მ პროფესორს დღეს, 19 ნოემბერს, კითხვით მიმართა იმის გასარკვევად, თუ რომელ ფაკულტეტებზე იყო საუბარი შეხვედრაზე.
„საერთოდ უნივერსიტეტში ერთი ფაკულტეტი უნდათ რომ იყოს, ეს განათლების სამინისტროს მიერ თავიდანვე იყო ჩადებული. „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“. რაც ბათუმის უნივერსიტეტზე გავრცელდა, რომელმაც შეინარჩუნა ყველა ფაკულტეტი, ჩვენზე ეს არ გავრცელდა, რადგან სოხუმის უნივერსიტეტის დახურვა პოლიტიკური კონტექსტით არის განპირობებული. „არ არის უნივერსიტეტი, არ არის განათლება!“ – მტრის ლოზუნგი.
რაც შეეხება ფაკულტეტებს, ჩვენ უკვე არ გვქონდა მიღება ამ სპეციალობებზე: პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლიგია, ასევე სამართლის ფაკულტეტი, ეკონომიკა და ბიზნესი. მრავალპროფილური უნივერსიტეტი „ორღობედ“ გადააქციეს. უნივერსიტეტში გაიხსნა „სოფლის მეურნეობის“ ფაკულტეტი, რომელიც ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის მისიას და არა მხოლოდ… ეროვნულ ინტერესებს. მიზანმიმართულად ანგრევენ უნივერსიტეტს და ამას ხელს უწყობს რექტორი თეა ჯუღელი და ასევე უნივერსიტეტის სამსახურებიც. ეს ღალატია!”, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს ელგუჯა ქავთარაძემ.
საკუთარ წერილში ის უნივერსიტეტის დეკანებს მიმართავს და სვამს კითხვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისადმი:
„საინტერესოა, რას ფიქრობს რექტორის მოადგილე, ხარისხის სამსახურის უფროსი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ასევე დეპარტამენტის ხელმძღვანელები.
საკითხის განხილვის პერიოდში აკადემიური საბჭოს, ზოგიერთი წევრი (როგორც მითხრეს) ეხვეწებოდა რექტორს, თეა ჯუღელს, სამი ფაკულტეტი მაინც დავტოვოთო, ემუდარებოდნენ და არა პრინციპულად მოითხოვდნენ. რა გვაქვს სათხოვარი ამ მავნებლებთან, მაგრამ უნივერსიტეტის აკადემიური თუ ადმინისტრაციის დიდი ნაწილი, მონურ პოზიციაში პოზირებს და ხელს უწყობს სოხუმის უნივერსიტეტის დანგრევას!
მინდა მივმართო სოხუმის უნივერსიტეტის ფაკულტეტებსა და მის დეკანებს, მოიწვიეთ ფაკულტეტის საბჭო და ამ საბჭოზე დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია! ანგრევთ უნივერსიტეტს თუ იბრძვით უნივერსიტეტის გადარჩენისთვის!“.
-
უფასო რეზიდენტურის შემოღების საკითხი პარლამენტში კიდევ ერთხელ გააქტიურდა
by ARIS.GE-განათლება
-
დოკუმენტების მიღება დაიწყო – პროფესიულ პროგრამებზე სტუდენტთა საშემოდგომო ჩარიცხვების საბოლოო შედეგები ცნობილია
by პროფესიული განათლების ამბები
-
პარლამენტში მარჩენალდაკარგული ბავშვების ფინანსური დახმარების გაზრდას ითხოვენ – „მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ“
by ARIS.GE-განათლება