GE

ქუთაისელი ქალი, რომელმაც ქალაქს კლასიკური უნივერსიტეტი შეუქმნა – აწსუ-ის ერთადერთი ქალი რექტორის ისტორია

საქართველოს საგანმანათლებლო სივრცე ქალი რექტორებით განებივრებული არ არის. ისტორიულადაც, ქალთა წარმომადგენლობა რექტორის პოზიციაზე ყოველთვის მცირე იყო და დღესაც, ქვეყანაში არსებული 64 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებში), სულ ათამდე ქალი მმართველი გვყავს.

1939 წელს, ქალაქ ქუთაისში დაბადებული მეცნიერი, პედაგოგი და ფილოლოგი, ნანული კაკაურიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთადერთი ქალი რექტორი იყო 1986 -1991 წლებში. სწორედ მისი მართვის ოთხწლიანმა პერიოდმა მოამზადა საფუძველი იმ ისტორიული მომენტისთვის, რასაც 1990 წლის სექტემბერში სასწავლებლის ოფიციალური რეფორმირება და აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტად გარდაქმნა მოჰყვა. EDU.ARIS.GE სწორედ მას ესაუბრა ქალი რექტორების ძალასა და საკუთარ ისტორიაზე უნივერსიტეტის კედლებში. მით უმეტეს, რომ ის დღესაც მთელი მონდომებითა და წარმატებით მოღვაწეობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1990 წლის სექტემბერში, როდესაც სასწავლებელს უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა, ქალბატონი ნანული მცირე ხნით კვლავ აგრძელებდა მუშაობას ახლად გარდაქმნილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად (1990-1991 წლებში). ნანული კაკაურიძის რექტორობის პერიოდი დაემთხვა საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს და გარდამტეხ ეტაპს – საბჭოთა კავშირის რღვევასა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პიკს. სწორედ ამ მღელვარე პოლიტიკურ კონტექსტში, მისი ხელმძღვანელობით, სასწავლებელში ფუნდამენტური და ისტორიული მნიშვნელობის ცვლილებები განხორციელდა, რომელთა შესახებ სტატიის ბოლოს მოცემულ ქრონოლოგიაში გაგიზიარებთ ინფორმაციას, იქამდე კი EDU.ARIS.GE-ს რამდენიმე კითხვას ნანული კაკაურიძე გასცემს პასუხს:

– ქალბატონო ნანული, რას ნიშნავს იყო საგანმანათლებლო დაწესებულების მმართველი ქვეყნისთვის ისეთ გარდამტეხ ეტაპზე, როდესაც თქვენ მოგიწიათ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, როგორ გახსენდებათ, რა იყო რთული და რა გაძლევდათ ძალას, სწორად გემართათ?

– უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მართლაც რთულ პერიოდში მომიხდა. მოსაზრება, რომ შეიძლებოდა პედაგოგიური ინსტიტუტის ტრანსფორმაცია უნივერსიტეტად, რექტორობის დასაწყისიდანვე მქონდა, მაგრამ ამისათვის მნიშვნელოვანი მომზადება იყო საჭირო. საფუძვლად კი მიმაჩნდა უნივერსიტეტის აკადემიური შემადგენლობის მაღალი პროფესიონალიზმი და დიდი სურვილი მიზნის მიღწევისა.

მოსამზადებელი პერიოდი იყო რექტორატის, დეკანატების, აკადემიური პერსონალის მთელი შემადგენლობის ერთობლივი მუშაობის შედეგი, რაც დიდი ძალა იყო და წარმატებული შედეგით დამთავრდა. ყველაზე რთული პერიოდი კი იყო 90-იანი წლები, როდესაც სტუდენტებს სურვილი ჰქონდათ მიტინგებს დასწრებოდნენ, რაც მათი უფლება იყო, მაგრამ არა ლექციების გაცდენის მეშვეობით. მათთან ურთიერთობით ეს საკითხიც მოწესრიგდა.

უნივერსიტეტის დაარსებისადმი მიძღვნილ საზეიმო დღეს ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მთელი საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელმა ქუთაისში მოიყარა თავი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის, მონაწილეობა ამ ზეიმში და საჩუქრად უნივერსიტეტისათვის ღვთისმშობლის ხატის გადმოცემა.

– რა არის ის მთავარი, საეტაპო ცვლილება, ნაბიჯი ან სიახლე უნივერსიტეტისთვის თქვენი რექტორობის პერიოდში, რომლითაც დღემდე ამაყობთ?

– საეტაპო ცვლილებები ძალზედ რთული იყო: უპირველესად საჭირო იყო უნივერსიტეტის კორპუსების მატერიალურ-ტექნიკური ვითარების მოწესრიგება, კორპუსების რემონტი, კაბინეტებისა და ლაბორატორიების აღჭურვა, ახალი კორპუსის მშენებლობა, უნივერსიტეტის შესაბამისი ახალი სასწავლო მიმართულებებისა და სასწავლო პროგრამების, ფაკულტეტების შექმნა, მეცნიერების მოწვევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, დოქტორანტურაში ახალგაზრდა მეცნიერთა მომზადება შემდგომი სალექციო და სამეცნიერო მუშაობისათვის, დასავლეთ ევროპის ქვეყნების სამეცნიერო ცენტრებთან კავშირების დამყარება და ა. შ.

ყველაზე რთული საკითხი მშენებლობები და რემონტი იყო, რის გამოც ხშირად მძიმე სიტუაციები იქმნებოდა და მე, ასეთ შემთხვევაში, ვცდილობდი მაქსიმალურად დავხმარებოდი მშენებლებს სამშენებლო მასალების შეძენაში. ერთი კურიოზული ფაქტი ის იყო, როდესაც ზესტაფონის რაიონის მმართველს ვთხოვე, წიდის მოწოდებაში დაგვხმარებოდა ახალი კორპუსის მშენებლობის საძირკველისათვის. გაირკვა, რომ წიდა ვალუტაზე იყიდებოდა, მაგრამ დახმარება საბოლოოდ მაინც მივიღეთ.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო განათლების სამინისტროს მიერ უნივერსიტეტის ფინანსური უზრუნველყოფა მშენებლობისა და რემონტების წარმართვისათვის შესაბამისი თანხების გამოყოფის გამო.

განსაკუთრებული მადლობა კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო ბატონ როინ მეტრეველს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს, რომელმაც სპეციალური ბრძანებით ყველა ქუთაისელი დოქტორანტი გაათავისუფლა გადასახადისაგან, ასევე მადლობა ამავე უნივერსიტეტის სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების პროფესორებს, რომლებიც უნივერსიტეტის ჩამოყალიბებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში სალექციო და სამეცნიერო მუშაობას წარმართავდნენ ახლადშექმნილი ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

– რას ფიქრობთ, რატომ არ გვყავს უნივერსიტეტების მმართველებად მეტი, ან თუნდაც რაოდენობის ნახევარი ქალი მმართველები, რა იწვევს ამას თქვენი დაკვირვებითა და შეფასებით?

– ამ შეკითხვაზე მინდა პროფესორ ელიუტინთან შეხვედრა გავიხსენო: იგი განათლების საკავშირო მინიტრი იყო და მასთან შეხვედრა მოსკოვში შედგა. ბატონმა ელიუტინმა მითხრა, რომ ქალი- რექტორების რიცხვი საკავშირო მასშტაბით ძალიან მცირეა და ეს ტვირთი რექტორობისა ძალზედ მძიმეა: „დაწყებული ცოცხიდან, დამთავრებული მეცნიერებით – ყველაფერი თქვენს მხრებზე იქნება“ -თქვა მან.

შესაძლოა, ბატონი ელიუტინი მართალია – რექტორობის ტვირთი მართლაც მძიმეა. მამაკაცებს კი, ალბათ, მეტი ფიზიკური ძალა აქვთ, მაგრამ ქალებს, შეიძლება მეტი სულიერი შესაძლებლობები ჰქონდეთ და არანაკლებად შეეძლოთ დიდი და მნიშვნელოვანი საქმის კეთება.

ნანული კაკაურიძის როლი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში ასეთია:

მზადება საუნივერსიტეტო სტატუსისთვის და ინსტიტუტიდან უნივერსიტეტად გარდაქმნა – 1980-იანი წლების ბოლოდან სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაიწყო ინტენსიური აკადემიური და სტრუქტურული მზადება, რათა პედაგოგიურ ინსტიტუტს კლასიკური უნივერსიტეტის სტატუსი მიეღო. გაფართოვდა კათედრები, გაძლიერდა სამეცნიერო კვლევები და გაიზარდა მაღალი კვალიფიკაციის პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა. ნანული კაკაურიძის რექტორობის დროს, 1990 წელს, ყოფილ ქუთაისის ალექსანდრე წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტს ოფიციალურად მიენიჭა უნივერსიტეტის სტატუსი და მას დიდი ქართველი კლასიკოსის, აკაკი წერეთლის სახელი ეწოდა. ეს იყო უდიდესი წინსვლა ქუთაისისა და მთელი დასავლეთ საქართველოს საგანმანათლებლო სივრცისთვის, რამაც სასწავლებლის პრესტიჟი თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანა.

სასწავლო პროგრამების დეიდეოლოგიზაცია – საბჭოთა რეჟიმის დასასრულს, ნანული კაკაურიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, უნივერსიტეტიდან განიდევნა სავალდებულო კომუნისტური იდეოლოგიის საგნები (როგორიც იყო მარქსიზმ-ლენინიზმი, სკკპ ისტორია და ა.შ.). სასწავლო გეგმები გადაეწყო ეროვნულ და კლასიკურ აკადემიურ ღირებულებებზე.

ეროვნული სულისკვეთების გაძლიერება და სტუდენტური მოძრაობების გამოცოცხლება – როგორც ფილოლოგმა და ჰუმანიტარმა, მან ხელი შეუწყო უნივერსიტეტში ქართული კულტურის, დასავლური ლიტერატურისა და თავისუფალი აზროვნების პოპულარიზაციას, რაც უმნიშვნელოვანესი იყო დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე მყოფი ქვეყნის ახალგაზრდობისთვის. 1988–1989 წლებში, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობისას, ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი დასავლეთ საქართველოში საპროტესტო მუხტისა და სტუდენტური გაფიცვების ერთ-ერთი მთავარი კერა გახდა. როგორც რექტორი, იგი ამ რთულ პერიოდში აბალანსებდა საბჭოთა ადმინისტრაციულ წნეხსა და სტუდენტების ეროვნულ სულისკვეთებას.

საერთაშორისო და სამეცნიერო კავშირების გაღრმავება – ამ წლებში დაიწყო აკადემიური სივრცის ნაწილობრივი გახსნა დასავლური სამყაროსთვის. თავად ნანული კაკაურიძემ, როგორც გერმანისტიკისა და საზღვარგარეთული ლიტერატურის სპეციალისტმა, ხელი შეუწყო უცხოური ენების სწავლების გაძლიერებასა და კულტურული კავშირების დამყარებას.

ასევე იხილეთ:

რა მიმართულებით უნდა განვითარდეს მსოფლიო უმაღლესი განათლება – პრობლემები და UNESCO IESALC-ის ცხრა ნაბიჯი ქვეყნებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური