GE

„აღმოაჩინე ფიზიკა ექსპერიმენტებით“ – SANGU მოსწავლეებს პროექტში „მე ექსპერიმენტატორი“ მონაწილეობის მისაღებად იწვევს

1-ელი დეკემბრიდან, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აგრძელებს პროექტს – „მე ექსპერიმენტატორი“ და საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეებს ფიზიკის სამყაროში სამოგზაუროდ იწვევს.

უნივერსიტეტის მიერ 17 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს სკოლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, განსაკუთრებით კი ფიზიკის პოპულარიზაციას და წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის მიერ სრულად ფინანსდება.

უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორიაში მოსწავლეები გაეცნობიან ექსპერიმენტებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფიზიკის განვითარებაში. მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავადაც ჩაატარონ მარტივი ცდები, დააკვირდნენ მოვლენებს და მიღებული შედეგები შეაფასონ.

რას მოიცავს ვიზიტი?

  • უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორიის მონახულებას;
  • უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ სადემონსტრაციო ექსპერიმენტებს;
  • კვლევით ექსპერიმენტებში მონაწილეობას;
  • უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობას;
  • გამასპინძლებას უნივერსიტეტის კაფეტერიაში.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეებს. თითოეულ ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 20 მოსწავლე. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

როდის ტარდება ვიზიტები?

ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია 2026 წლის 1-ელი დეკემბრიდან 2027 წლის 30 მაისის ჩათვლით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 15:00 საათზე. სასურველი თარიღის არჩევა შეგიძლიათ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული ხელმისაწვდომი თარიღებიდან.

როგორ ხდება რეგისტრაცია?

პროექტში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ სკოლის მიერ განხორციელებული ჯგუფური რეგისტრაციის საფუძველზე. რეგისტრაციას ახორციელებს სკოლის წარმომადგენელი, რომელიც მიუთითებს მონაწილე მოსწავლეების რაოდენობას და ირჩევს სასურველ ვიზიტის დღეს.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

აღმოაჩინე ფიზიკა ექსპერიმენტებით – გახდი პროექტის „მე ექსპერიმენტატორი“ მონაწილე.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური