GE

2019 წლის განმავლობაში არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში 114 პირი ამხილეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2019 წლის 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 306 შემთხვევა დაფიქსირდა.

ასევე, 2019 წლის 9 თვეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, გენერალური პროკურატურისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში მიეცა 152 ადამიანი, რომელთაგან 114 მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 38 – სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში.

2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 127 ადამიანს, რომელთაგან 101 მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 26 – სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში.

არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის საქმეებში ყველაზე მეტად ჭარბობს გარყვნილი ქმედებისა და სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის შემთხვევები.

2019 წლის 9 თვეში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში მხილებულ იქნა 39, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში – 16 ადამიანი.

„2018 წელთან შედარებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს, თუმცა მივმართავთ საზოგადოებას, ბავშვების მშობლებს და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ცნობილი ხდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სქესობრივი დანაშაულის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული დამნაშავეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე -აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გარყვნილი ქმედების ფაქტებზე შეტყობინების ინიციატორები არიან:

  • ოჯახის წევრი/მშობელი – 53%
  • დაზარალებული ბავშვი – 8%
  • სოციალური მომსახურების სააგენტო – 6%
  • მანდატურის სამსახური – 6%
  • სკოლა – 4%
  • მეზობელი – 3%
  • ბავშვზე ზრუნვის ინსტიტუციები – 1%
  • არასამთავრობო ორგანიზაცია – 1%
  • სხვა – 18%

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ცაციაშვილმა განაცხადა, არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩამდენ ადამიანთა მიმართ, სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებისა და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ ადამიანთა მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და მათთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

მისივე თქმით ასევე, შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულთა ბაზა, რომლის მიზანი იქნება სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ ადამიანთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისგან არასრულწლოვნების დაცვა. აღნიშნულ პროექტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური