GE

2020 წლის მისაღებ გამოცდებზე მათემატიკაში მინიმალური ზღვარი დაიწევს – ხშირად დასმული კითხვები და პასუხები 

რადგან 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩატარდება გაბიტურიენტებმა გამოცდასთან დაკავშირებული რიგი ტექნიკური თუ შინაარსობრივი ცვლილებები უნდა გაითვალისწინონ. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რომ აბიტურიენტებს (გარდა ჯანდაცვისა და სახელვებო/სპორტული პროგრამებით დაინტერესბული აპლიკანტებისა) 2020 წლისთვის 3 სავალდებულო საგნის ჩაბარება უწევთ, დადგინდა რომ მათემატიკის მინიმალური ზღვარი დაიწევს და ის მაქსიმალური ქულის 20% იქნება, 25%-ის ნაცვლად.

გარდა აღნიშნული სიახლისა, მიმდინარე წლის ბოლომდე კვლავ ველოდებით სიახლეებს საგამოცდო პროგრამების, საგამოცდო ტესტებისა და კონკრეტულ მიმართულებებზე ჩასაბარებელი საგნების შესახებ. რადგან უმაღლეს სასწავლებლებს კონკრეტულ მიმართულებებზე ჩასაბარებელი საგნების ცვლილებისთვის დრო მიმდინარე წლის დეკემბრამდე მიეცათ.

სიაახლეების მოლოდინში, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი ფორმატით ჩატარებასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა გაუჩნდათ აბიტურიენტებს. EDU.ARIS.GE გთავაზობთ ხშირად დასმულ კითხვებსა და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე გამოცდების ცენტრისგან გაცემულ პასუხებს.

1. რა სიახლეებია დაგეგმილი 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე?

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში 2020 წელს აბიტურიენტები ერთიანეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამედიცინო მიმართულებისა და ასევე, სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებისა, ჩარიცხვის მიზნით გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; მათემატიკა/ისტორია. მესამე გამოცდა დამოკიდებულია პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დარგთაშორისი მიმართულებების არჩევისას ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.

2. როგორც ცნობილია, ზოგიერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე ისევ ოთხი საგანი ბარდება, რომელი საგნები იგულისხმება?

უმაღლესმა სასწავლებლებმა (რომლებსაც ამის სურვილი ჰქონდათ) უკვე განსაზღვრეს, საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, სავარაუდო დამატებითი საგამოცდო საგნები შემდეგი ჩამონათვალიდან: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულეზე, თუმცა დეკემბრის ბოლომდე შესაძლოა ამ ჩამონათვალში ცვლილებებიც მოხდეს.

3. ჯანდაცვის მიმართულებით ნებისმიერ შემთხვევაში ოთხი საგნის ჩაბარება მოუწევს აბიტურიენტს?

ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. ბიოლოგია; 4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისთვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.

4. რა ცვლილება შეეხო იმ პროგრამებს, რომლებზეც შემოქმედებითი ტური ბარდება?

რაც შეეხება სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს, მათზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა სავალდებულოა შემოქმედებით ტურთან ერთად ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა, გრანტის მოსაპოვებლად კი დამატებით – მათემატიკა ან ისტორია.

5. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ისევ ზოგადი უნარების გამოცდა იქნება ჩასაბარებელი?

დიახ, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არსებული ფორმატით გაგრძელდება.

6. როგორ მოხდება გრანტის გაცემა?

გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა, თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი მოითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა – ის ორ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. ერთი კონკურსის ფარგლებში აბსოლუტური (საგრანტო) ქულა გამოითვლება შემდეგ საგნებში მიღებული შედეგების შესაბამისად: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. ისტორია ან მათემატიკა (მესამე საგანი). მეორე კონკურსისას აბსოლუტური ქულის გამოთვლისას გათვალისწინებული იქნება შემდეგ საგნებში მიღებული შეფასებები: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. დაწესებულების მიერ განსაზღვრული მეოთხე საგანი. აბიტურიენტი დაფინანსებას მიიღებს იმ საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც იგი აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას მოიპოვებს.

7. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტმა მათემატიკის გამოცდაც ჩააბარა და ისტორიისაც სხვა ძირითად საგნებთან ერთად?

ამ შემთხვევაში აბიტურიენტი ჩარიცხვებსა და საგრანტო კონკურსში მონაწილეობს იმ საგნის შედეგით (მათემატიკა/ისტორია) რომელშიც უკეთეს შედეგს მიიღებს/რომლის საფუძველზეც იგი გრანტის მეტ ოდენობას მოიპოვებს.

8. თუ აბიტურიენტი ჩააბარებს დამატებით გამოცდას (მაგ: გეოგრაფიას) და ჩაირიცხება იმ პროგრამაზე, რომელზეც გეოგრაფია არ ბარდება, გამოადგება თუ არა მას ამ საგანში მიღებული ქულა?

თუ პროგრამა, რომელზეც აბიტურიენტი ჩაირიცხება, არ ითხოვს იმ დამატებით საგანს, რომელიც მან ჩააბარა, ამ საგნის შედეგს იგი ვერ გამოიყენებს ვერც ჩარიცხვისას და ვერც გრანტის მისაღებად.

9. გამოცდების ჩაბარება სხვა ენაზე თუ იქნება შესაძლებელი?

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება მხოლოდ ქართულ ენაზეა შესაძლებელი. მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, სამოქალაქო განათლებასა და ზოგად უნარებში გამოცდის რუსულ ენაზე ჩაბარების უფლება აქვთ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც ზოგადი განათლება მიღებული აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე,

10. ჩასაბარებელი საგნებიდან რომელს მიენიჭება პრიორიტეტი გრანტის განაწილებისას?

მაღალი კოეფიციენტი (1.5) მიენიჭება ყველა სხვა საგანს, გარდა ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, უცხოური ენებისა, რომელთა კოეფიციენტი იქნება 1.

11. საგამოცდო პროგრამები ან მინიმალური გამსვლელი ქულები თუ შეიცვლება?

პროგრამებში მცირე ცვლილებების შეტანაა დაგეგმილი და ამის შესახებ აბიტურიენტებს წლის ბოლოს ეცნობებათ. რაც შეეხება ზღვარს, მხოლოდ მათემატიკის გამოცდის შემთხვევაში შეიცვლება და გახდება მაქსიმალური ქულის 20%, ნაცვლად 25%-სა.

12. თუ რომელიმე დამატებით საგანში (მაგალითად ფიზიკის გამოცდაში) ჩავიჭერი, გრანტის აღების უფლება მაინც მექნება?

დიახ, ისტორიით ან მათემატიკით შეძლებთ გრანტის აღებას და ჩარიცხვების კონკურსშიც იმ სამი საგნით მიიღებთ მონაწილეობას, რომლებიც წარმატებით გექნებათ ჩაბარებული (ცხადია, მხოლოდ იმ პროგრამებზე განიხილება ჩარიცხვის საკითხი, რომლებზეც თქვენ მიერ ჩაბარებული 3 საგანია სავალდებულო).

13. რატომ გახდა ეს საგნები პრიორიტეტული (ისტორია/მათემატიკა)?

მნიშვნელოვანია, რომ იმ აბიტურიენტებმა, რომლებიც ტექნიკური მიმართულებით გადაწყვეტენ ჩაბარებას, იცოდნენ მათემატიკა. აქამდე არსებული საგამოცდო მოდელი უშვებდა შესაძლებლობას, რომ, ვთქვათ, საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტზე ჩარიცხულიყვნენ აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდის ჩაბარების გარეშეც. ასევე მნიშვნელოვანია ისტორიის ცოდნა ჰუმანიტარული მიმართულებების პროგრამებზე სწავლის გაგრძელებისათვის, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ საკითხის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისეთი ქვეყნისათვის, რომლის ტერიტორიების ნაწილიც ოკუპირებულია.

14. რატომ არ ბარდება ყველა პროგრამაზე ისტორიაც და მათემატიკაც?

ძალიან მცირეა იმ პროგრამების ჩამონათვალი, რომელზეც მხოლოდ ისტორია ან მათემატიკა ბარდება. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როცა ხაზგასმით რელევანტურია რომელიმე მათგანი კონკრეტული სპეციალობისათვის.

15. ვინ იღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომელ პროგრამაზე რომელი დამატებითი საგანი უნდა ჩააბაროს აბიტურიენტმა?

ამ გადაწყვეტილებას იღებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. ისინი არ არიან შეზღუდულები არჩევნის გაკეთების დროს და საშუალება აქვთ საკუთარი შეხედულებისამებრ დაამატონ გამოცდა ნებისმიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

ამავე თემაზე:

2020 წლის ეროვნული გამოცდებისათვის უნივერსიტეტების მიერ არჩეული დამატებითი საგამოცდო საგნების ჩამონათვალი ცნობილია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური