GE

2–ის ნაცვლად 1 დამკვირვებელი – მასწავლებლის გარე დაკვირვების წესში ცვლილებები დამტკიცდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში არსებული „გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 13 ივნისის №102/ნ ბრძანებაში, როგორც დაგეგმილი იყო, ცვლილებები დამტკიცდა.

ცვლილების თანახმად, შეიცვალა დამკვირვებელთა რაოდენობა და ნაცვლად 2–ისა მასწავლებლის გაკვეთილს ერთი დამკვირვებელი დააკვირდება. ამასთან, მოიხსნა გარე დაკვირვების გაკვეთილის შემდგომი შეხვედრაც.

ვინ ახორციელებს დაკვირვებას:

  1. გარე დაკვირვებას ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – გარე დამკვირვებელი.
  2. გარე დამკვირვებელს უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი აკადემიური ხარისხი, რომელში ჩატარებულ გაკვეთილზეც ახორციელებს გარე დაკვირვებას და აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, რომელში ჩატარებულ გაკვეთილზეც ახორციელებს გარე დაკვირვებას და წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი გარე დაკვირვება;

ბ) უნდა ჰქონდეს პროფესიულ ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის წარმართვის გამოცდილება  ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით, რომელში ჩატარებულ გაკვეთილზეც ახორციელებს გარე დაკვირვებას;

გ) უნდა ჰქონდეს წამყვანი მასწავლებლის/მენტორის სტატუსი და ზოგად, პროფესიულ ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის წარმართვის გამოცდილება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით, რომელში ჩატარებულ გაკვეთილზეც ახორციელებს გარე დაკვირვებას.

  1. გარე დაკვირვების პროცესს გაკვეთილის შეფასების უფლების გარეშე შეიძლება დაესწრონ მასწავლებლის ზედამხედველი ფასილიტატორი ან/და რესურსცენტრის მიერ წარდგენილი პირი.“.

გარე დაკვირვების ეტაპები:

გარე დაკვირვება შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

ა) წინასაგაკვეთილო შეხვედრა;

ბ) გაკვეთილზე დაკვირვება;

დ) გაკვეთილის შეფასება.“

გაკვეთილის დაგეგმვა:

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გარე დაკვირვების ჩატარების კონკრეტული თარიღის შესახებ ერთი დღით ადრე აცნობებს შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და რესურსცენტრს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ვალდებულია უზრუნველყოს მასწავლებლისა და ფასილიტატორის ინფორმირება და მომდევნო დღისთვის საგაკვეთილო პროცესის შეუფერხებელი ორგანიზება.

  1. წინასაგაკვეთილო შეხვედრა წარიმართება გარე დამკვირვებელსა და მასწავლებელს შორის და ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს შორის გაკვეთილის წარმართვის დღეს.
  2. წინასაგაკვეთილო შეხვედრაზე მასწავლებელი წარადგენს ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმას, გარე დამკვირვებელსა და სხვა დამსწრე პირებს აწვდის ინფორმაციას კლასზე, მოსწავლეების საჭიროებებზე, დაგეგმილ აქტივობებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.“

გაკვეთილზე დაკვირვება:

  1. გაკვეთილზე დაკვირვება მოიცავს მასწავლებლის მიერ დაგეგმილი საგაკვეთილო პროცესის წარმართვას, რომელსაც აკვირდება გარე დამკვირვებელი.
  2. გარე დამკვირვებელი ავსებს ამ წესის დანართით გათვალისწინებულ გაკვეთილის აღწერის ფორმას. გაკვეთილის აღწერის ფორმა უზრუნველყოფს იმ ფაქტობრივი გარემოებების აღწერას, რაც უკავშირდება მასწავლებლის მიერ გაკვეთილის წარმართვას.
  3. გარე დამკვირვებელი აფასებს მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს, გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით.“

გაკვეთილის შეფასება და საჭირო ქულები დადებითი შეფასებისთვის:

  1. გაკვეთილის ჩატარებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში მასწავლებელი ვალდებულია ჩატარებული გაკვეთილის შესახებ რეფლექსია ატვირთოს ელექტრონულ სისტემაში გამოყოფილ სპეციალურ ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი არ შეფასდება.
  2. გაკვეთილზე დაკვირვება და მისი შეფასება ხორციელდება გაკვეთილის შეფასების რუბრიკის საფუძველზე. გარე დამკვირვებელი აფასებს გაკვეთილს ქულებით, გაკვეთილის შეფასების რუბრიკით გათვალისწინებული თოთოეული კრიტერიუმის მიხედვით.
  3. ელექტრონულ სისტემაში მასწავლებლის შეფასება ასახული უნდა იქნეს გაკვეთილის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
  4. გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 32, გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს არანაკლებ 24 ქულას.
  5. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებში გაკვეთილების შეფასების მაქსიმალური ქულაა 28. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს არანაკლებ 21 ქულას.
  6. თუ მასწავლებელი მიიღებს უარყოფით შეფასებას გარე დაკვირვებაში, მას ხელახალი რეგისტრაციის უფლება მიეცემა გარე დაკვირვების გავლის მომდევნო სასწავლო წელს.“

საპრეტენზიო განაცხადი და თანხის დაბრუნება:

შედეგის გასაჩივრებისთვის გადახდილი საფასური უკან უბრუნდება მასწავლებელს, თუ საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასება დადებითი შეფასებით.“

აპელაციისას გადახდილი საფასურის (50 ლარი) დაბრუნების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება საფასურის გადახდიდან 1 თვის განმავლობაში. საფასურის თანხა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაბრუნდება საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში.“

საპრეტენზიო კომისია განიხილავს საპრეტენზიო განაცხადებს და გადაწყვეტილებას იღებს გარე დაკვირვების დროს გამოყენებული ყველა დოკუმენტაციის საფუძველზე, მათ შორის გარე დამკვირვებლის მიერ შევსებული გაკვეთილის შეფასების რუბრიკის, მასწავლებლის მიერ წარდგენილი გაკვეთილის გეგმისა და რეფლექსიის საფუძველზე. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია მოიწვიოს გარე დამკვირვებელი და მასწავლებელი და მოისმინოს მათი მოსაზრებები ჩატარებული გაკვეთილის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს საპრეტენზიო კომისიის წევრის/წევრების ვიზიტი იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც განხორციელდა გარე დაკვირვება.“

2017-2018 სასწავლო წლის პირველი სემესტრისთვის გარე დაკვირვება განხორციელდება საპილოტე რეჟიმში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია განისაზღვროს ამ წესისგან განსხვავებული რეგულაციები.

რა სიახლეებს ითვალისწინებს გარე დაკვირვების პროცესი – მნიშვნელოვანი დეტალები პედაგოგებისათვის

გიორგი მაჩაბელი: ჩვენი მიზანია, სქემა მასწავლებლის უფლებებს არ ზღუდავდეს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური