GE

გიორგი მაჩაბელი: ჩვენი მიზანია, სქემა მასწავლებლის უფლებებს არ ზღუდავდეს

გარე დაკვირვება მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ის კომპონენტია, რომელიც სქემაში ყველაზე გვიან, ისიც პილოტურად ამოქმედდა. სრულად ეს პროცესი  ახლაღა იწყება. მასწავლებლები მოუთმენლად ელოდნენ რეგისტრაციის გახსნას. სრულიად ბუნებრივია, რომ მათ მოლოდინს ახალი სტატუსის თანმდევი ანაზღაურების ზრდაც ამძაფრებს. EDU.ARIS.GE-ს გარე დაკვირვების მიზანსა და დანიშნულებაზე, მისი წარმართვის პროცესზე ესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი.

–ეს სქემის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან საშუალებას გვაძლევს, ობიექტურად და გახსნილად შევაფასოთ პედაგოგის საქმიანობა კლასში, გაკვეთილზე. აქამდე სისტემას არ ჰქონდა საშუალება შეეფასებინა, თუ პედაგოგი როგორ იყენებს გაკვეთილზე თავის ცოდნა-გამოცდილებას, პროფესიულ უნარებს, როგორ გარემოს ქმნის სწავლა სწავლებისთვის, რა მეთოდებს მიმართავს და რამდენად ეფექტურად. ამ კომპონენტზე დიდ იმედებს ვამყარებთ. მთავარია, გარე დაკვირვების  პროცესი ყველა ეტაპზე იყოს გამჭვირვალე და ობიექტური. გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული პილოტირების გაანალიზებამ დაგვანახა მისი ძლიერი და სუსტი მხარეები; განვსაზღვრეთ შესაძლო რისკები და შესაბამისად, შევიტანეთ ცვლილებები, როგორც ინსტრუმენტში, ასევე პროცედურაში. ამ ცვლილებების გათვალისწინებით, გამოვაცხადეთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია, უკვე ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება აქტივობის მიზანს, მას, გარდა კონკრეტული პედაგოგის შეფასებისა, სხვადასხვა ასპექტი აქვს. ერთის მხრივ, ჩვენი სურვილია, მივიღოთ ობიექტური სურათი იმის შესახებ, თუ  რა საჭიროებები  აქვთ უფროს მასწავლებლებს პროფესიული განვითარების თვალსაზრისით და რით შეიძლება დაეხმაროს ცენტრი მათ. მეორე მხრივ, ცენტრი იღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ მუშაობს ჩვენი პროფესიული განვითარების პროგრამები, რა ეფექტის მომტანია ისინი მასწავლებლებისთვის; როგორ იყენებენ პედაგოგები სწავლებაში იმ ცოდნას და უნარებს, რომელიც ამ პროგრამებში მონაწილეობისას შეიძინეს ან განივითარეს.

–გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის ვადა, განსხვავებით პილოტირებისაგან, საკმაოდ შემჭიდროებულია…

–გარე დაკვირვების პროცესი უკვე დაიწყო და ვარწმუნებთ ყველას, რომ აღარ შეჩერდება. ეს ვადა საკმარისია მიმდინარე სემესტრში გარე დაკვირვების მსურველთა რეგისტრაციისათვის. მათი პოტენციური ოდენობა ჩვენთვის ცნობილია, მოლოდინი არსებობდა და თუ მასწავლებელს გარე დაკვირვებაზე  გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რეგისტრაციას წუთები სჭირდება. მით უფრო, რომ ამჯერად მხოლოდ მარტივ აპლიკაციას ავსებენ. ვისაც ეს გადაწყვეტილება  ჯერ არ მიუღია, მომავალ წელს მიეცემა შესაძლებლობა.  გარე დაკვირვება სასწავლო პროცესზეა მიბმული, რადგან უშუალოდ გაკვეთილზე დაკვირვებას გულისხმობს. ჩვენ დრო გვჭირდება დარეგისტრირებულთა განრიგის დასამტკიცებლადაც. მერე გეგმების ატვირთვა უნდა მოესწროს, დამკვირვებელთა გადანაწილება… ამ სემესტრში დიდი დრო აღარ გვრჩება და რეგისტრაციის ვადის შემჭიდროვება გონივრული და ყველაზე უმტკივნეულო იყო.

რამდენ მასწავლებელს აქვს პოტენციური შესაძლებლობა დარეგისტრირდეს გარე დაკვირვებაზე?

–560 მასწავლებელი აკმაყოფილებს  გარე დაკვირვებაზე დარეგისტრირების წინაპირობას. გვაქვს ჩვენი გათვლები, რომლის გათვალისწინებითაც ვაკეთებთ ანალიზს. შესაბამისად, ბიუჯეტიც მოსალოდნელი ნაკადის გათვალისწინებით იგეგმება. ცენტრი გეგმაზომიერად მიყვება პროცესს და  რაიმე განსაკუთრებულ მოულოდნელობებს არ ველოდებით.

–რაც შეეხება გარე დაკვირვების  პროცესს, აქ რა სიახლეებია?

–პილოტირებამ დამკვირვებლებთან დაკავშირებით, გარკვეული ნიუანსები გამოკვეთა. დავასკვენით, რომ სასურველია პროცესში აქტიურად ჩაერთონ რეგიონული უნივერსისტეტების წარმომადგენლები, რომლებიც კონკრეტულ საგნების შესაბამის აკადემიურ კვალიფიკაციას ფლობენ და თან კავშირი აქვთ სკოლასთან. ეს  სტიმული იქნება  უმაღლესი განათლების დაწესებულებებისთვისაც, რომ აქტიურად ჩაერთონ სქემის განვითარების პროცესში.  ჩვენთვის ეს იქნება დამატებითი რესურსი, რადგან პილოტირებამ გვიჩვენა, რომ ამ მიმართულებით, რესურსი მწირია. უკვე მივმართეთ ამ უმაღლეს სასწავლებლებს, ვთხოვეთ ინფორმაციის გავრცელება თავიანთი აკადემიური წრეებში. გარე დამკვირვებლობის მსურველებისთვის ჩატარდება ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები.  სიახლე იქნება, რომ გაკვეთილს ერთი დამკვირვებელი ეყოლება და ამოქმედდება აპელაციის შესაძლებლობაც. პილოტირებამ დაადასტურა, რომ პროცესის გამჭვირვალობა და ობიექტურობის დაცვა წარმოადგენს პრიორიტეტს. არ უნდა გაჩნდეს განცდა, რომ ვიღაც იჩაგრება და ვიღაც სუბიექტურად შეაფასეს.

–პილოტირების დროს იყო ასეთი პრეტენზიები?

–პილოტირებამ ძირითადად მშვიდად და ობიექტურად ჩაიარა. 100 მასწავლებლიდან 86-მა გადალახა ქულათა დაწესებული ზღვარი. თუმცა იყო მომენტები, რომლებიც გაანალიზდა და ეს ცვლილებებშიც აისახა. ძირითადი პროცედურა კი უცვლელი რჩება.

–მასწავლებელთა გარკვეულ ნაწილს  კრედიტქულები რეალურად მოპოვებული აქვს, მაგრამ სისტემაში ამის ასახვა წლის ბოლოს მოხდება და მათთვის პროცესები ფერხდება. ჩნდება ეჭვი, რომ ეს გახანგრძლივება ფულად რესურსებს უკავშირდება…

–ჩვენი მიზანია, სქემა გახდეს ნაკლებბიუროკრატიული და ის არ ზღუდავდეს მასწავლებლების უფლებებს. მათ აქვთ უფლება მოითხოვონ, რომ აქტივობები მყისიერად   შეფასდეს და შემდეგი აქტივობის განხორციელებისთვის შეზღუდვა არ ჰქონდეთ. ამ მიმართულებით, წინადადებები წარვადგინეთ სამინიტროში. სამინისტრო იზიარებს ჩვენს პოზიციას და ალბათ, უახლოეს პერიოდში, ეს ცვლილებები დამტკიცდება. რაც შეეხება ზემოთნახსენებ ეჭვს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, პროცესების ანალიზზე, პირველ რიგში, ვგულისხმობთ ფინანსურ გათვლებს. აქ შემაფერხებელ ფაქტორს  ფულადი რესურსები  ნამდვილად არ წარმოადგენს.

–კიდევ რა ცვლილებებია მოსალოდნელი სქემაში?

–როგორც აღვნიშნე, წინადადებები ცვლილებების შესახებ  წარდგენილი გვაქვს სამინისტროში, ზოგიერთი საკითხი საკანონმდებლო ნაწილის ცვლილებას საჭიროებს. პარლამენტშიც მიმდინარეობს მათი განხილვა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში მივიღებთ დასტურს.  ცვლილებების ნაწილი კი  მთავრობის განსახილველია… გადაწყვეტილების მიღებისთანავე საზოგადოება დაზუსტებულ ინფორმაციას მივაწვდით.

მასწავლებლის პროფესიაში შესვლის ახალი გზები – სკოლაში მოწვეული პედაგოგის სტატუსი შემოდის

მოამზადა ნინო კაპანაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური