რა სიახლეებს ითვალისწინებს გარე დაკვირვების პროცესი – მნიშვნელოვანი დეტალები პედაგოგებისათვის
უფროსი მასწავლებლების სურვილს გარე დაკვირვების გავლის შესახებ კარი გაეხსნა – 560 უფროს მასწავლებელს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ აქტივობისთვის საჭირო წინაპირობას, ანუ უკვე აქვთ დაგროვილი 13 კრედიტქულა, eshool-ის შესაბამის ბმულზე რეგისტრაცია შეუძლიათ. 26 თებერვლის ჩათვლით დარეგისტრირებული მასწავლებლები გარე დაკვირვებას მიმდინარე სემესტრში გაივლიან.
მასწავლებლებს უჩნდებათ კითხვები გარე დაკვირვების წესების და პროცედურის, სიახლეების შესახებ. ამ საკითხებზე EDU.ARIS.GE-ს მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი ესაუბრება:
–რამ განაპირობა ცვლილებები და კონკრეტულად რა შეიცვლა?
–წინა სემესტრში პილოტურად წარიმართა ეს აქტივობა. პილოტირება, სწორედ იმისთვის არის საჭირო, რომ კომპონენტი პრაქტიკულად გამოიცადოს და დაიხვეწოს. პირველი ცვლილება ეხება გაკვეთილის შეფასების რუბრიკას. მასში დამოუკიდებელ სფეროდ გამოიყო მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენცია. გარე დამკვირვებელთა ნაწილი სამართლიანად აღნიშნავდა, რომ რადგან არსებობს თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ მასწავლებელს არ ჰქონდეს შესაბამისი საგნობრივი ცოდნა, მაგრამ კარგად ფლობდეს მეთოდებს, ქმნიდეს კეთილგანწყობილ საგაკვეთილო გარემოს და ასე შემდეგ, ასეთ შემთხვევაში, დამკვირვებლისთვის, რომელიც შეფასების რუბრიკას უნდა ეყრდნობოდეს გაკვეთილის „ჩაგდება“ ძალიან რთული იქნებოდა; აქედან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ ერთი სფერო ყოფილიყო საგნობრივ კომპეტენციაზე ორიენტირებული. მას შემდეგ, რაც დამტკიცდება ახალი რუბრიკა, ის გამოქვეყნდება, ამასთან, ჩვენ ჩავატარებთ კონსულტირებას შეფასების ჯგუფებთან, თან ყველა სკოლას ვაცნობებთ, რომ იგივე შეცვლილი რუბრიკით უნდა შეაფასონ შიდა შეფასების გაკვეთილიც. აქვე დავძენ, რომ ახალი რუბრიკის დამტკიცებამდე ჩატარებული და შეფასებული გაკვეთილები რჩება ჩვეულებრივ, ძველი რუბრიკით შეფასებულად. ხოლო ახალი რუბრიკის დამტკიცებიდან, ამ რუბრიკის გამოყენება დაიწყება.
მეორე ცვლილება ეხება გარე დამკვირვებლების რაოდენობას. პილოტირების დროს გაკვეთილზე დასაკვირვებლად მიდიოდა ორი გარე დამკვირვებელი. ერთი იყო ცენტრის მიერ დაქირავებული გარე დამკვირვებელი, მეორე, ასევე ცენტრის მიერ დაქირავებული ფასილიტატორი იმავე რეგიონიდან. გაკვეთილს ორივე დამოუკიდებლად აფასებდა. ახლა გაკვეთილს დაესწრება ცენტრის მიერ წარგზავნილი ერთი გარე დამკვირვებელი, რომელიც შეაფასებს გაკვეთილს, ამავდროულად, როგორც მანამდე, გაკვეთილზე დასწრების უფლება აქვს მასწავლებლის ფასილიტატორსა და რესურსცენტრის წარმომადგენელს, შეფასების უფლების გარეშე; რადგან შეფასებას ერთი დამკვირვებელი აკეთებს, ობიექტურობის დაცვის მიზნით, შემოვიტანეთ აპელაციის შესაძებლობა, რაც პილოტირების დროს არ გვქონდა.
–რატომ გადაწყდა, რომ ერთ დამკვირვებელს შეეფასებინა გაკვეთილი?
–გაკვეთილზე სტრესული სიტუაციის (რაც მეტი ადამიანი შედის გაკვეთილზე, ეს მოსწავლეებისთვის დამატებითი სტრესია) თავიდან არიდების მიზნით, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომელსაც წინ მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან გასაუბრება უძღვოდა. ერთი დამკვირვებლით შემოვიფარგლეთ და სამაგიეროდ, აპელაციის შესაძლებლობა შემოვიღეთ.
სხვა ცვლილებები გარე დაკვირვების წესსა და პროცედურებში არ გვაქვს.
–EDU.ARIS.GE -ის მკითხველებს აინტერესებთ, როგორ წარიმართება პროცედურა, თუ მასწავლებელი გარე შეფასებაში გადალახავს ბარიერს და კრედიტქულებს მოიპოვებს?
–ასეთ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს ყველა სხვა (კვლევა და 2 სამოდელო გაკვეთილი) სავალდებულო აქტივობაში კრედიტქულები მიღებული აქვს (ვგულისხმობთ, რომ სისტემაში ასახულია) და გარე დაკვირვების კრედიტქულებიც აისახება, სკოლა აკეთებს წარდგინებას მისთვის წამყვანის სტატუსის მინიჭების შესახებ. მოქმედი რეგულაციებით, სემესტრის ბოლოს მოხდება ახალი სტატუსის მინიჭება, როგორც პილოტირების დროს მოხდა 42 მასწავლებლის შემთხვევაში, როცა ისინი იანვარში ახალ სტატუსში გადავიდნენ. თუ მასწავლებელს რომელიმე სავალდებულო აქტივობა აქვს შესასრულებელი, შეასრულებს ამ აქტივობას და კრედიტქულების სისტემაში ასახვის შემდეგ, სკოლა გააკეთებს წარდგინებას სტატუსის შეცვლაზე. ცენტრის მიერ მოხდება ამ სტატუსის დადასტურება, რასაც შესაბამისი ანაზღაურების მიღება მოჰყვება.
–რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს გარე შეფასების გაკვეთილი ,,ჩაუვარდა“, მას აქვს ხელახლა ცდის უფლება? ან კარგავს თუ არა უფროსის სტატუსს?
–იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელმა გარე დაკვირვების გაკვეთილზე ბარიერი ვერ გადალახა და კრედიტქულები ვერ მოიპოვა, მას მომდევნო სასწავლო წელს უფლება აქვს გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ, ხელმეორედ გაიაროს რეგისტრაცია და მოითხოვოს გარე დაკვირვება, მაგრამ აუცილებელია, ეს მომდევნო სასწავლო წელი ხვდებოდეს კონკრეტული მასწავლებლისათვის დათქმულ ვადაში (3წელს+1წელი). თუ ეს ვადა შეზღუდულია, მასწავლებელმა უნდა მოასწროს სტატუსის შენარჩუნებისთვის სავალდებულო აქტივობის – შიდა შეფასების 2 გაკვეთილის ჩატარება და მასში კრედიტქულების მოპოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პრაქტიკოსის სტატუსში გადავა.
ამავე თემაზე:
გიორგი მაჩაბელი: ჩვენი მიზანია, სქემა მასწავლებლის უფლებებს არ ზღუდავდეს
როგორ ფასდება მასწავლებლის დამატებითი აქტივობები სქემის მიხედვით – ვიდეოინსტრუქციები
მასწავლებლის პროფესიაში შესვლის ახალი გზები – სკოლაში მოწვეული პედაგოგის სტატუსი შემოდის
მოამზადა ნინო კაპანაძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება