GE

3 მილიონიანი სამეცნიერო გრანტების ახალი კონკურსი გამოცხადდა – დეტალები

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ახალი კონკურსი გამოცხადდა, რომლის დაფინანსების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან უპრეცედენტო თანხა – 3 მილიონი ლარია გამოყოფილი.

როგორც განათლების სამინისტროს მიერ 3 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, გამოყენებითი კვლევების ახალმა საგრანტო კონკურსმა ინოვაციური სამეცნიერო პროექტების დაფინანსების გზით მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას უნდა შეუწყოს ხელი.

უწყების ინფორმაციითვე, განათლების მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული კონკურსის მიზანს წარმოადგენს ორიგინალური კვლევების შერჩევა/დაფინანსება, რომლებიც კონკრეტული პრობლემების ან პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად ახალი ცოდნის შექმნას ან არსებული ცოდნის ახლებურად გამოყენებას ემსახურება. გარდა ამისა, კონკურსი ითვალისწინებს ახალი ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიის, მეთოდოლოგიის, პროდუქტის, მომსახურების ან გადაწყვეტის გამოყენებითობის დადგენას პროტოტიპის ლაბორატორიულ, სიმულაციურ გარემოში ექსპერიმენტაციისა და ქმედითობის, მისი რეალურ გარემოში გამოცდისა და გამოყენების დემონსტრირების გზით.

კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება 3 ლოტი:

კონცეფციის დამტკიცება – მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დადგენა ლაბორატორიულ ან სიმულაციურ გარემოში გამოცდის გზით.

  • პროექტის ხანგრძლივობაა 1-2 წელი;
  • კონცეფციას უნდა გააჩნდეს „საქპატენტის“ მიერ გაცემული დადებითი დასკვნა გამოგონების პატენტუნარიანობაზე;
  • გამარჯვებული პროექტის ჯამური ბიუჯეტია 180 000 ლარი.

პილოტირება – მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დასაბუთება რეალურ ინდუსტრიულ გარემოში, წარმოებაში გამოცდის გზით.

  • პროექტის ხანგრძლივობაა – 1 – 2 წელი;
  • კვლევის იდეა უნდა ეფუძნებოდეს საქართველოში ან უცხოეთში გაცემულ პატენტს, რომელიც ძალაში იქნება კონკურსის გამოცხადების დღიდან მინიმუმ 2 წლის ვადით;
  • გამარჯვებული პროექტის ჯამური ბიუჯეტია 240 000 ლარი.

დანერგვითი კვლევა – მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დემონსტრირება საწარმოო გარემოში, საწარმოო ხაზის სერვისის აპრობაცია ბაზარზე გასასვლელად.

  • პროექტის ხანგრძლივობაა – 1 – 2 წელი;
  • კვლევის იდეა უნდა ეფუძნებოდეს საქართველოში ან უცხოეთში გაცემულ პატენტს, რომელიც ძალაში იქნება კონკურსის გამოცხადების დღიდან მინიმუმ 2 წლის ვადით;
  • გამარჯვებული პროექტის ჯამური ბიუჯეტია 360 000 ლარი.

კონკურსის ფარგლებში პროექტების შეფასების კრიტერიუმები და პროცედურები იცვლება თანამედროვე ევროპული მიდგომების შესაბამისად.

“აღსანიშნავია, რომ გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი მოიცავს EUROSTAT/OECD-ის კლასიფიკაციით დადგენილ სამეცნიერო მიმართულებებსა და დარგებს, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული მეცნიერების ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან”, – აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

ამავე თემაზე:

სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მოპოვების მსურველთათვის პროექტის შეფასების კრიტერიუმები შეიცვალა – მთავრობის დადგენილება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური