GE

„2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება. გამოცდისთვის რეგისტრაცია 24 ნოემბერს დაიწყება და 1-ელ დეკემბერს დასრულდება“, – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დღეს, 24 ნოემბერს EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გივი მიქანაძის თქმით, მსოფლიოს სახელმწიფოთა დიდი ნაწილი ატარებს სახელმწიფო ენის გამოცდებს, რომელთა შედეგების მიხედვით, გამოსაცდელს ეძლევა ენის ფლობის შესაბამისი და იმ კონკრეტული ქვეყნის მიერ აღიარებული სერტიფიკატი.

როგორც განათლების მინისტრმა განმარტა, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი სტუდენტებისთვის, საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების მქონე უცხოეთის მოქალაქეებისთვის, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვისა და ბიზნესსექტორში დასაქმებული არაქართულენოვანი კადრებისთვის.

ამ თემაზე EDU.ARIS.GE აქამდეც წერდა: სახელმწიფო ენაში გამოცდას NAEC-ი ჩაატარებს – წესი და პროცედურა პრემიერ-მინისტრმა დაამტკიცა

„სახელმწიფო ენის გამოცდა მნიშვნელოვანია ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაძლიერებისა და ენის ფუნქციონირების არეალის გაფართოებისათვის. სწორედ ამ მიზნით, სახელმწიფო ენის სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა გამოცდა, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ამიერიდან სახელმწიფო ენის გამოცდა წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება და ოთხი კომპეტენციის შემოწმების შესაძლებლობას მოგვცემს. ესენია: მოსმენა, კითხვა, წერა და ლაპარაკი. ამ ეტაპზე განსხვავებული სირთულის ორი ტესტირება ჩატარდება: პირველი განსაზღვრავს ქართული ენის ფლობის A1 და A2 დონეებს, მეორე – B1 და B2 დონეებს. დონეების დიფერენცირება იმის მიხედვით მოხდება, თუ რამდენ ქულას დააგროვებს აპლიკანტი.

2030 წლიდან, A1, A2, B1 და B2 დონეებთან ერთად, C1 და C2 დონეების განმსაზღვრელი გამოცდების ჩატარებას ვგეგმავთ და ამ მიმართულებითაც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს“, – აღნიშნა მინისტრმა.

რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს პირმა, რომელიც სახელმწიფო ენის გამოცდას ჩააბარებს – გამოქვეყნდა ტესტის ნიმუშები, მოსმენის დავალებები, შეფასების სქემა და კრიტერიუმები

გივი მიქანაძის განცხადებით, ქართული ენის გამოცდისთვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე online.naec.ge.

მხედველობადაქვეითებული და უსინათლო გამოსაცდელებისათვის გათვალისწინებულია ბრაილის სისტემა ან სპეციალური ელექტრონული პროგრამა.

სახელმწიფო ენის ფლობის დონის დამადასტურებელ დოკუმენტს, სახელმწიფო ენის გამოცდის შედეგების გათვალისწინებით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი გასცემს.

განათლების სამინისტროს ცნობით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საგამოცდო ტესტზე მუშაობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა – დასაწყისში მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიცადა ცალკეული კომპეტენციების შესამოწმებელი დავალებები, შემდეგ, მიღებული შედეგების ფსიქომეტრიული ანალიზისა და ექსპერტული შეფასების გათვალისწინებით, შეიქმნა ტესტურ დავალებათა ბანკი და საგამოცდო ტესტის ფორმატი შემუშავდა.

ასევე იხილეთ:

სახელმწიფო ენაში გამოცდას NAEC-ი ჩაატარებს – წესი და პროცედურა პრემიერ-მინისტრმა დაამტკიცა

„სახელმწიფო ენაში საცდელი საგამოცდო მასალა მომზადდება“ – დამტკიცდა 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა ქართული ენის ერთიანი პროგრამისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური