GE

500-მდე მსურველიდან პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის სტატუსი 25 პირმა მოიპოვა

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტების სერტიფიცირების კონკურსი დასრულდა. შედეგად, 500-მდე აპლიკანტიდან სერტიფიცირებული პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი მხოლოდ 25 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დღეს, 19 ოქტომბერს ავრცელებს და იმ ვრცელ პროცესს განმარტავს, რომელიც კანდიდატებმა გაიარეს.

“კურსის ფარგლებში შემოსული 500-მდე აპლიკანტიდან კონკურსით გათვალისწინებული I ეტაპი (წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით) წარმატებით დაძლია 464 კანდიდატმა, II ეტაპი (კანდიდატთა უნარების/პიროვნული თვისებების შეფასება (გასაუბრება)) წარმატებით დაძლია 121 კანდიდატმა, ხოლო IV ეტაპი (საბოლოო შეფასება (გასაუბრება)) წარმატებით გაიარა და შესაბამისად, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის სერტიფიცირებული სტატუსი მოიპოვა 25 პირმა”, – ნათქვამია EQE-ს ინფორმაციაში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით კი, ხარისხის სპეციალისტთა სერტიფიცირების პროცესი გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით 2020 წელს დაიწყო და მონაწილეთათვის შეფასების რამდენიმე რთული ეტაპის გადალახვასა და ტრენინგების ციკლს მოიცავდა. კონცეფციის თანახმად, ავტორიზაციის ექსპერტობის მსურველმა პირმა ჯერ სწორედ ხარისხის უზრუნველყოფის სერტიფიცირებული სპეციალისტის სტატუსი უნდა მოიპოვოს, რაც შესაბამისი უნარების განვითარებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების უზრუნველყოფის მექანიზმს წარმოადგენს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური