5000-მდე წარჩინებულ მოსწავლეს საჩუქრად კომპიუტერი წლის ბოლომდე უნდა გადაეცეს

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სკოლებში უზრუნველვყოთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“, რომლის ფარგლებშიც ყოველ წელს ათასობით შრომისმოყვარე მოზარდს გადაეცემა კომპიუტერი“, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ბათუმში განაცხადა, სადაც წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
2024 წელს აჭარის რეგიონში ჯამში 396 წარჩინებული მოსწავლეა, აქედან 180 ბათუმის სკოლებში სწავლობს.
განათლების სამინისტროს 10 ოქტომბრის ინფორმაციით, წელს საქართველოს მასშტაბით 5000-მდე წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდება.
„დღეს ძალიან ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას შევხვდი. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, პირადად მიმელოცა ჩვენი მოსწავლეებისთვის სწავლაში მიღწეული წარმატება. დღეს კომპიუტერები ბათუმის სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს გადავეცით, თუმცა ეს პროცესი გაგრძელდება და 2024 წელს ქვეყნის მასშტაბით ჯამში 5000-მდე მოსწავლეს დავაჯილდოებთ“, – განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, ყოველწლიურად კომპიუტერები გადაეცემათ იმ საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს.
“აღსანიშნავია, რომ წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 4 846 წარჩინებული მოსწავლე იყო, წელს კი – 4 956 მოსწავლეა. პროგრამის მთავარ მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს”, – აცხადებენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.
-
განათლების სამინისტრო განმარტებას აკეთებს სკოლებში ჩინური ენის შეტანის შესახებ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
განათლების მინისტრს ზოგადი განათლების ახალი ხედვა აქვს – რა შეიცვლება მიმართულებაში by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
განათლების სამინისტრო 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმის პირველად პროექტს აქვეყნებს – დოკუმენტი და საჯარო განხილვების ვადა by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო