GE

79 სკოლიდან დღეის მდგომარეობით დასრულებულია 57-ის მშენებლობა-რეაბილიტაცია – ინფრასტრუქტურის მინისტრი

2022 წელს მიმდინარეობდა 79 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, საიდანაც, დღეის მდგომარეობით, დასრულებულია 57 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, წელს დასრულდება კიდევ ათი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ხოლო დარჩენილის დასრულება დაგეგმილია ეტაპობრივად 2024-2025 წლებში, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ 2 ნოემბერს, პარლამენტში სამინისტროს 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ხორციელდება მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის შედეგადაც კიდევ 54 ახალი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი. აქედან გაფორმებულია ხელშეკრულება და სამუშაოები დაწყებულია 11 სკოლაში, გრძელდება სატენდერო პროცედურები.

რაც შეეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, შარშან მიმდინარეობდა 30 საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები, საიდანაც უკვე დასრულდა 13 ბაღის მშენებლობა. დარჩენილი ბაღების მშენებლობა 2024 წელს დასრულდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2023 წელს დაიწყო საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის ახალი პროგრამა, რომლის პირველი ეტაპით გათვალისწინებული ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 184 ბაღზე, ხოლო დანარჩენ ბაღებთან მიმართებაში მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.

წყარო: 1tv.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური