GE

ხიდები, რომლებსაც სიყვარული და სახელმწიფო ენა აშენებს – პირველი ქართული სექტორის ისტორიული ნაბიჯები ბოლნისში

ავტორი: ქრისტინე გიორგაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლა, დაწყებითი საფეხურის უფროსი მასწავლებელი. 

ბოლნისში, (სოფ. მუშევანში) ადგილზე, სადაც მოსახლეობის 100% ეთნიკურად აზერბაიჯანელია, აზერბაიჯანულ სკოლაში გაიხსნა პირველი ქართული სექტორი, გაისმა ქართული ბგერები, გასცდა სკოლის ფარგლებს და გავრცელდა სოფელში, რამაც გამოიწვია მოთხოვნის გაზრდა ქართულ სექტორზე. ჩვენთვის ეს ისტორიული ფაქტია რომელსაც დიდი სიყვარულით ვკვებავთ.

ბგერები, რომლებიც ყოველდღე ჩემი საკლასო ოთახიდან ისმის, ჩემთვის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ანბანის სწავლება. ეს არის ახალი სამყაროს აღმოჩენა, ურთიერთგაგების დასაწყისი და მომავალი, სადაც ერთმანეთს კიდევ უფრო კარგად ვუგებთ. ჩვენს აზერბაიჯანულენოვან სკოლაში, სადაც წლების განმავლობაში მხოლოდ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეები სწავლობენ, 2026 წელი სრულიად გარდამტეხი და ისტორიული აღმოჩნდა – აქ პირველი ქართული სექტორი გაიხსნა. ეს არ ყოფილა უბრალოდ ადმინისტრაციული გადაწყვეტილება; ეს იყო დიდი იდეის, გამბედაობისა და ქვეყნის სიყვარულის შედეგი. პროექტის სულისჩამდგმელი და ინიციატორი ჩვენი სკოლის დირექტორი, მაია ისიაანია, რომელმაც ზუსტად დაინახა ის საჭიროება და პოტენციალი, რაც ამ ნაბიჯს მოჰყვებოდა. მე კი, როგორც მასწავლებელმა – ქრისტინე გიორგაძემ, ეს იდეა უდიდესი პასუხისმგებლობით ავიღე ჩემს თავზე და ყოველდღიურ, თავდაუზოგავ შრომად ვაქციე.

პირველი ნაბიჯები და პატარა თარჯიმნები ოჯახებში

როდესაც საქმეს ნულიდან იწყებ, სადაც მოსწავლეების გარემოცვაში ქართული ენა თითქმის არ ისმის, გამოწვევა ორმაგად დიდია. ბევრ ოჯახში მშობლებმა საერთოდ არ იციან სახელმწიფო ენა, რაც თავიდან დიდ ბარიერად გვეჩვენებოდა. თუმცა, ბავშვების მონდომებამ და ჩვენმა ყოველდღიურმა მუშაობამ საოცარი შედეგი გამოიღო. დღეს ეს პატარები არა მხოლოდ თავად სწავლობენ, არამედ საკუთარ სახლებში სინათლე შეაქვთ – ისინი უკვე თავად უთარგმნიან მშობლებს, ეხმარებიან ყოველდღიურ კომუნიკაციაში და ხდებიან მთავარი კავშირი საკუთარ ოჯახებსა და იმ დიდ სახელმწიფოს შორის, რომლის სრულფასოვანი მოქალაქეებიც არიან. ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, უდიდესი ბედნიერებაა იმის დანახვა, თუ როგორ ასწავლის ბავშვი მშობელს ქართულ სიტყვას. ამ დროს ვხვდები, რომ ჩემი შრომა კლასის კედლებს გასცდა და მთელ თემს შეეხო.

საღამო, რომელმაც გულები გააერთიანა

ამ დღეს ჩვენი კლასის ცხოვრებაში განსაკუთრებული დღე იყო – მოვაწყვეთ შემაჯამებელი, დასკვნითი საღამო. ეს არ იყო უბრალო ღონისძიება, ეს იყო ნამდვილი დღესასწაული, ემოციების, ფერებისა და მიღწეული შედეგების ზეიმი. ბავშვებმა, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ პირველ ნაბიჯებს დგამდნენ, დღეს სცენიდან თავისუფლად, ამაყად და საოცარი ჟინით ააჟღერეს ქართული სიტყვა. დარბაზში მსხდომი მშობლების თვალებში ერთდროულად იკითხებოდა გაოცება, სიამაყე და უდიდესი მადლიერება. საღამომ იმდენად ნაყოფიერად და ემოციურად ჩაიარა, რომ კიდევ ერთხელ დაგვანახა: ენა არ ყოფს, ენა აერთიანებს. როცა ვუყურებდი, როგორ ბრწყინავდა თითოეული ბავშვის თვალი, როგორ ამბობდნენ ლექსებს და მღეროდნენ, ვხვდებოდი, რომ ყოველი უძილო ღამე, ყოველი სპეციალურად მათთვის შექმნილი რესურსი, თბილისიდან ბოლნისამდე ყოველდღიურად განვლილი გზა და დახარჯული ენერგია ამ წამად ღირდა. ესენი არიან ბავშვები, რომლებიც ხვალ ჩვენი ქვეყნის მომავალს შექმნიან.

მომავლის იმედი და გაზრდილი მოთხოვნა

ამ ერთმა სასწავლო წელმა იმდენად ხელშესახები და შთამბეჭდავი შედეგი გამოიღო, რომ გამოძახილმაც არ დააგვიანა. საზოგადოებაში ნდობა და ინტერესი ელვისებურად გაიზარდა. ახალრეგისტრირებულ მოსწავლეებს შორის ქართულ სექტორზე მოთხოვნა საგრძნობლად არის მომატებული. მშობლებმა დაინახეს, რომ ეს არ არის მხოლოდ განათლება, ეს არის უდიდესი პერსპექტივა მათი შვილებისთვის, რათა იყვნენ რეალიზებულები, წარმატებულები და ინტეგრირებულები ერთიან ქართულ სივრცეში. მიმაჩნია, რომ ჩვენი პირველი ქართული სექტორი დღეს მთელი საქართველოს განვითარებისთვის გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია. ჩვენ ერთად ვამსხვრევთ სტერეოტიპებს, ვშლით უხილავ ბარიერებს და ვზრდით თაობას, რომლისთვისაც საქართველო და ქართული ენა მშობლიური, საყვარელი და საამაყოა. წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, თუმცა ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევით, ეს სექტორი კიდევ ბევრჯერ ასახელებს ჩვენს სკოლასა და მთელ ქვეყანას. დიდი გზა იწყება პირველი ნაბიჯით, და ეს ნაბიჯი ჩვენ უკვე მყარად გადავდგით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური