GE

აბიტურიენტების თხოვნა „ნაეკის“ ქართული ენის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელს და ნანა ლოლაძის პოზიცია

„სრული გაუგებრობაა აბიტურიენტებში, ისევე როგორც რეპეტიტორებში. გთხოვთ, იქნებ აგვიტვირთოთ თხზულების ნიმუში, რომელსაც ამდენი ქულა ეთმობა. პირველები ვართ, ვისაც ამ სისტემით გვიწევს წერა და იქნებ დაგვეხმაროთ“, – ამ თხოვნით მიმართეს დღეს, 24 თებერვალს, 2022 წლის აბიტურიენტებმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელს, ნანა ლოლაძეს, რომელიც ონლაინ ღია კარის დღის ფარგლებში მათ შეკითხვებს პასუხობდა.

ღია კარის დღეზე, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქართული ენის დავალებაში ცვლილებამ საკმაო გაურკვევლობა გამოიწვია მოსწავლეებში. აბიტურიენტების ნაწილისთვის გაუგებარია თუ როგორი უნდა იყოს თემის სტრუქტურა და შეფასების კრიტერიუმები, სწორედ ამიტომ ნიმუშის ატვირთვას ითხოვენ.

თუმცა ნანა ლოლაძეს აბიტურიენტების თხოვნაზე რეაგირება არ ჰქონია და მან კიდევ ერთხელ ახსნა, რომ „ახალი ტიპის დავალება მოსწავლეებისთვის უფრო ხელსაყრელია და გამოცდას ამარტივებს“.

„აბიტურიენტებს ქართულში ტექნიკურად შევუმსუბუქეთ საგამოცდო პროცესი“ – საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი

მისი თქმით, ქართულ ენაში გამსვლელი ქულა საკმაოდ დაბალია – 16. თუმცა ეს ბარიერი პირობითია, რადგან უნივერსიტეტებს აქვთ პრეროგატივა თავად დააწესონ საგამოცდო ზღვარი, ზოგიერთ სასწავლებელში კი ქართულის ენის ბარიერი შედარებით მაღალია, რაც აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. კონკრეტული უნივერსიტეტების ბარიერების შესახებ ზუსტი ინფორმაცია კი მომავალ კვირას გამიქვეყნდება.

„16 ქულა პირობითია, უნივერისტეტებს აქვთ პრეროგატივა, თავად განსაზღვრონ ზღვარი, მაგალითად თსუ-ს და სამედიცინოს მაღალი ბარიერი აქვს, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მომავალ კვირას გამოქვეყნდება ჩვენს საიტზე“, – აღნიშნა ნანა ლოლაძემ.

ასევე იხილეთ:

„ნაეკი“ აბიტურიენტებისთვის ქართულში თხზულების ნიმუშს „ჩარჩოში მოქცევის“ მიზეზით არ აქვეყნებს – ბაზარი კი სავსეა გამომცემლების ნიმუშებით

მოამზადა თეკლა ტაბატაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური