„ნაეკი“ აბიტურიენტებისთვის ქართულში თხზულების ნიმუშს „ჩარჩოში მოქცევის“ მიზეზით არ აქვეყნებს – ბაზარი კი სავსეა გამომცემლების ნიმუშებით
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში შესატანი ცვლილებების შესახებ 20 ოქტომბერს გახდა ცნობილი, იქამდე აბიტურიენტები ძველი პრინციპით მეცადინეობდნენ. ცვლილება შეეხო ქართული ენისა და ლიტერატურის წერით დავალებასაც: 2022 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში იქნება შემდეგი ტიპის დავალებები: I. ტექსტის რედაქტირება; II. წაკითხულის გააზრება (აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს შეთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან ერთ-ერთი და უპასუხოს ამ ტექსტის შესახებ დასმულ არჩევითპასუხებიან კითხვებს) და III. წერითი დავალება (აბიტურიენტმა უნდა იმსჯელოს დავალების პირობაში მოცემული საკითხის შესახებ იმ მხატვრული ტექსტის საფუძველზე, რომელიც მან აირჩია საგამოცდო ტესტის II ნაწილის (წაკითხულის გააზრების) დავალებების შესასრულებლად).
რაც ნიშნავს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურაში აბიტურიენტები ორის ნაცვლად, ერთი წერით დავალებას შეასრულებენ, რომელსაც თხზულება ერქმევა. აქამდე არსებული მეორე წერითი დავალება კი სხვა ტიპის დავალებად ჩამოყალიბდა და წაკითხულის გააზრებად გადაკეთდა.
გამოცდების ცენტრმა გამოაქვეყნა ტესტის ნიმუშიც, თუმცა როგორც აბიტურიენტების მიერ EDU.ARIS.GE -სთვის დასმული კითხვებიდან ჩანს, ნიმუში არასრულყოფილია: „რატომ არ აქვეყნებენ ან როდის გამოქვეყნდება თხზულების ნიმუში?“, – სვამენ კითხვას აბიტურიენტები და მიაჩნიათ, რომ ზუსტად რა სახის დავალებაა შესასრულებელი, საბოლოოდ ცნობილი არ არის.
დაახლოებით 2 თვის წინ, გამოცდების ცენტრის ცხელი ხაზის წარმომადგენელმა აღნიშნულ კითხვას ჩვენთან საუბარში უპასუხა, რომ ნიმუში დეკემბერში დაიდებოდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრეს. მიზეზად კი ის სახელდება, რომ თუ ბავშვები ზუსტ ნიმუშს ნახავენ, ჩარჩოებში მოექცევიან.
მშობლებსა და აბიტურიენტებს კი, ვინც თხზულების ნიმუშის გამოქვეყნებას სთხოვს, გამოცდების ცენტრი ასე პასუხობს:
„თხზულება არ გამოქვეყნდება იმ მოსაზრების გამო, რომ ეს იქნება ბავშვების ჩარჩოებში მოქცევა. მათ თვითონ უნდა შეძლონ ამის გაკეთება, რადგან მოცემულობა არის ძალიან თვალსაჩინო. მე-12 კლასელმა უნდა შეძლოს და დაწეროს მოცემული ნიმუშის მითითებით თხზულება. განყოფილებამ, რომელიც სპეციალისტებით, ექსპერტებით არის დაკომპლექტებული და ქართული ჯგუფი ქვია, შეისწავლა ეს საკითხი და გადაწყვიტა, რომ თხზულების დადება არ არის რეკომენდირებული და მიზანშეწონილი“.
იმ ვითარებაში, როდესაც განათლების სამინისტროს სსიპ-ი უარს ამბობს, წერითი დავალების ნიმუში გამოაქვეყნოს და პანდემიის გამო ისედაც გაუგონარ სასწავლო რეჟიმში მყოფი აბიტურიენტების მდგომარეობა კიდევ უფრო არ დაამძიმოს, გამომცემელთა ბიზნესი ყვავის. ცვლილებების დაანონსებიდან ორ კვირაში უკვე მზად იყო წიგნები, რომლებიც გამოცდის ჩასაბარებლად აბიტურიენტმა მომზადებისას უნდა გაიაროს. შესაბამისად, საკითხავია, რომელ ჩარჩოებზე საუბრობს გამოცდების ცენტრი. აღსანიშნავია, რომ იგივე გამომცემლებმა ოქტომბრის დასაწყისში წინა საგამოცდო ტესტების მიხედვითაც გამოსცეს ახალი წიგნებიც და, სავარაუდოდ, 20 ოქტომბრამდე გაასაღეს კიდეც.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი EDU.ARIS.GE -ს კითხვაზე, ზუსტი ნიმუშია თუ არა წარმოდგენილი აღნიშნულ წიგნებში, პასუხობს, რომ მათ მსგავსი სახელმძღვანელოების ამბავი საერთოდ არ ეხებათ და პასუხსაც ვერ გაგვცემენ.
გამოცდების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული წერითი დავალების ნიმუშის მიხედვით, აბიტურიენტებს ევალებათ კონკრეტული სათაურის ქვეშ იმსჯელონ, თუ როგორაა წარმოჩენილი ტექსტის მოცემულ მონაკვეთში ესა თუ ის პრობლემა და რამდენად აქტუალურია იგი დღეს.
„ყურადღებით გაეცანით დავალების პირობას. ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი ნათლად, მკაფიოდ და დასაბუთებულად, არგუმენტები გაამყარეთ სათანადო მაგალითებით. მსჯელობა უნდა იყოს ლოგიკურად გამართული და აბზაცებით დანაწევრებული; შეარჩიეთ შესაბამისი სტილი. დაიცავით სალიტერატურო ენის ნორმები. ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს გასაგები (გარკვეული) ხელწერით. ის მონაკვეთები, რომელთა ამოკითხვაც გაძნელდება, შეფასებისას მხედველობაში არ იქნება მიღებული. გაითვალისწინეთ: ნაშრომი არ გასწორდება, თუ თქვენი მსჯელობა შემოიფარგლება ოთხი-ხუთი წინადადებით. ნაშრომი, რომლის მოცულობა არ აღემატება 150 სიტყვას, ენობრივი თვალსაზრისით არ შეფასდება“, – წერია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული გამოცდის ტესტის ნიმუშის იმ ნაწილში, რომელიც თხზულებას ეხება.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ირმა მაისურაძე 13 წელია, აბიტურიენტებს ამზადებს. ირმას აზრით, საგამოცდო ტესტებში ცვლილებები იმისათვის შევიდა, რომ ცოტა ნაკლები გრანტები გასცენ. „იმედი აქვთ, ახალ დავალებას ვერ მოერგებიან ბავშვები კარგად და ვერ დაწერენ მაღალ ქულებზე“, – ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი EDU.ARIS.GE – სთან საუბარში.
ირმა მაისურაძე: ბავშვებს ხომ უნდა ჰქონდეთ ნიმუშად რაღაც, როგორც უნდა დაწერონ. არ ეუბნებიან, როგორ უნდა დაწერონ და ჩვენ, მასწავლებლებსაც არ გვეუბნებიან. ვინ უნდა ასწავლოს, როგორ უნდა დაწეროს ბავშვმა? მე რომ პირველ წელს მასწავლებელთა გამოცდაზე მივედი, არ ვიცოდი, როგორ თემას ითხოვდნენ. სამი ქულა დამაკლდა იმ დიდქულიან დავალებაში და მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ გავიგე, რას ითხოვდნენ. ტრენინგი რომ გავიარე და მასწავლეს, როგორი თემა უნდა დამეწერა, ჩავაბარე ორივე გამოცდა. ყველაფერი მარტივია – ბავშვი უნდა მოერგოს ტექსტს. რაც არ უნდა ნიჭიერი და განათლებული იყოს ბავშვი, თუ მათ წესს არ მოერგო, ქულას მაინც არ მისცემენ.
-კოვიდ პანდემიის გამო ბევრ სკოლაში ფაქტობრივად ჩავარდნილია საგაკვეთილო პროცესი. რა ქნას ბავშვმა, რომელსაც, არ აქვს საშუალება იაროს რეპეტიტორთან?
-პანდემიის გამო, ფაქტობრივად ყველა მე-12 კლასი დისტანციურ სწავლებაზეა გადასული. ვინც ემზადება რეპეტიტორთან, ხომ კარგი, მაგრამ დიახ, ლეგიტიმურად ისმის კითხვა, სხვებმა რა ქნან? ვფიქრობ, უმეტესობა მაღალ ქულებს ვერ აიღებს. არადა, აქამდე, ბავშვები მომზადების გარეშეც აბარებდნენ ქართულს.
20 ოქტომბერს გამოაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნაწილში ცვლილება, თუმცა, მერე ერთი უცნაური რამ მოხდა. მაგალითად, ერთერთი ავტორი აბიტურიენტებისათვის 2009 წლიდან ყოველ წელს უშვებს თითო წიგნს, სადაც ზუსტად იმის შესაბამისი დავალებები და ნიმუშებია მოცემული, როგორსაც გამოცდებზე ითხოვენ. ყოველი ოქტომბრის დასაწყისში გამოდის მისი წიგნი და წელსაც ასე მოხდა. წიგნი ვიყიდე ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არანაირი წინაპირობა არ არსებობდა იმისა, რომ ამ წელსვე შეიცვლებოდა გამოცდის ფორმატი, რადგან ორი წლის წინაც შეცვალეს. როგორც კი ახალი ტესტის ნიმუში დაიდო, ორ კვირაში, მან მეორე წიგნი გამოუშვა. გეკითხებით: ორ კვირაში შეიძლება ადმიანმა სრულყოფილი წიგნი შექმნას ყველა დავალებით, ნიმუშებით და ა. შ.? იქ არის რედაქტირებები, მხატვრული ტექსტის ანალიზის ათასნაირი ნიმუში და დაწერილი თხზულებები, როგორიც, წესით, უნდა იყოს გამოცდაზე. ეს ყველაფერი ორ კვირაში გააკეთა ამ კაცმა? როგორც ჩანს, წიგნი მზად იყო და მაშინვე ჩაუშვეს დასაბეჭდად. შეთანხმების გარეშე ხომ არ გამოუშვებდა ასეთ წიგნს, ასე ხომ არ ხდება, რაღაც ცენზურა ხომ არსებობს?
მერე სხვებმაც დაბეჭდეს მსგავსი წიგნები. სანამ ასეთი გამომცემლების ნიმუშები იქნებოდა, უკვე ვიცოდი, რა უნდა მექნა. ვიღებდი ძველ ტექსტებს, სათაურს მე ვაძლევდი ტექსტის მიხედვით და ჩვეულებრივად ვმეცადინეობდით. მერე კი შემოგვემატა ამ ავტორის წიგნიც. აღსანიშნავია, რომ აქამდე მისი წიგნები 8 ლარი ღირდა, ახლა კი 12 ლარი ღირს და ერთმა ჩემმა მოსწავლემ 15 ლარიც კი გადაიხადა.
13 წელია, რაც ბავშვებს ვამზადებ. 2012 წლიდან გახდა საგამოცდო ტესტი დაახლოებით ისეთი, როგორიც ახლაა. შედგებოდა 4 დავალებისგან და 80 ქულიანი იყო. პირველი დავალება იყო რედაქტირება, მეორე – არგუმენტირებული ესე, მესამე – წაკითხულის გააზრება და მეოთხე – მხატვრული ტექსტის ანალიზი. 2018 წლის ჩათვლით ასეთი ტესტი გვქონდა. 2018 წელს შეცვალეს ტესტი – მოაშორეს წაკითხულის გააზრება და დანარჩენი დატოვეს – რედაქტირება, არგუმენტირებული ესე და ასევე, მხატვრული ტექსტის ანალიზი. ტესტი იყო 70 ქულიანი. ახლა კი, ორი წლის შემდეგ, შუაგულ პანდემიაში, ისე შეცვალეს, არც კი გაგვაფრთხილეს. გვეუბნებიან, ხომ ვამბობდით, რომ ტესტი უფრო და უფრო გართულდებოდა და დროგამოშვებით შეიცვლებოდაო. გახადეს 60 ქულიანი და ბარიერიც დასწიეს – 18 ქულაა გადასალახი ბარიერი. არგუმენტირებული ესე გააუქმეს და ჩააშენეს მხატვრული ტექსტის ანალიზში.
ტესტის ნიმუში მაშინვე დადეს, როგორც კი შეიცვალა წერითი დავალება. მოცემულია მონაკვეთი ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივიდან“ და მერე იწყება წაკითხულის გააზრება, თუმცა ადრინდელი წაკითხულის გააზრება იყო 15 ქულიანი და ახლა 10 ქულიანია. წაკითხულის გააზრებას რომ გააკეთებ და გასცემ პასუხს, მერე მოდის წერითი თხზულების დავალება. რა თემატიკაზეც არის მხატვრული ტექსტი, იმას შეუსაბამეს თხზულების თემაც. მაგალითად, „ოთარაანთ ქვრივის“ შემთხვევაში ასეთი ფორმულირება აქვს: „როგორია საზოგადოების დამოკიდებულება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც „სხვის საქმეში ერევა“. ოთარაანთ ქვრივი რომ ყველას საქმეს არჩევს, არავის არაფერს არჩენს და სამართლიანია, ამაზე უნდა იმსჯელონ – „როგორაა წარმოჩენილი ტექსტის მოცემულ მონაკვეთში ეს პრობლემა და რამდენად აქტუალურია იგი დღეს“. ბავშვმა ეს პრობლემა დღევანდელობაში უნდა გადმოიტანოს და გამოდის, რომ როცა განიხილავს მოცემულ ტექსტს, მერე უნდა დაამატოს მსჯელობა. მე ჩაშენებას ვეძახი ამ მომენტს – ინდივიდუალური მოსაზრება უნდა დაამატოს, თავისი დამოკიდებულება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც სხვის საქმეში ერევა. ახსნას, როგორები არიან ასეთი ადამიანები, დღეს თუ არიან მსგავსები და მერე თქვას, როგორი იყო ოთარაანთ ქვრივი. ამას დიდი გაგება არ სჭირდება, მაგრამ ბავშვი შეიძლება დაიბნეს. თავიდან ბავშვებიც დაფრთხნენ და მასწავლებლებიც – ეს რა გაგვიკეთეს ჩვენც და ბავშვებსაცო, იძახდნენ. მე კი სიახლე მიყვარს. ყველაფრის მიუხედავად, ვთვლი, რომ სიახლე არასოდესაა ცუდი. შევისწავლე კრიტერიუმები და დავიწყეთ მოცემული ნიმუშის მიხედვით მუშაობა თხზულებაზე ისე, როგორც მე მივხვდი. მერე, წიგნი რომ წამოგვეწია, რა თქმა უნდა, უფრო დავხვეწეთ.
-წერით ტესტებში კიდევ ერთი სიახლეა – 120-ის მაგივრად, ბავშვმა აუცილებლად 150 სიტყვა უნდა გამოიყენოს.
-დიახ, წინა წელს თუ მხატვრული ტექსტის ანალიზი 120 სიტყვიანი მაინც უნდა ყოფილიყო და სხვა შემთხვევაში, მე-7-მე-8-მე-9 კრიტერიუმები არ შემოწმდებოდა, ახლა გვითხრეს, 150 სიტყვაზე ნაკლები თუ იქნება, ისევ არ შემოწმდება ამ კრიტერიუმებით და ქულა დააკლდება. ეს სამი კრიტერიუმი რომ მოგაკლონ, ჯამში 11 ქულაა, ცოტა კი არ არის. თუ ადრე ბავშვს ვეუბნებოდი, რომ მაქსიმუმ 150 სიტყვიანი თხზულება დაეწერათ, ახლა ვეუბნები, რომ 150 და მეტ სიტყვიანი დაწეროს. ანუ უფრო მეტი უნდა იმსჯელოს. თავისუფალი მსჯელობა არგუმენტირებულ ესეში გადასარევად შეეძლო ბავშვს და ისედაც კარგად ჩანდა მსჯელობა და მისი აზროვნება. ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმისათვის გაკეთდა, რომ ცოტა ნაკლები გრანტები გასცენ. იმედი აქვთ, რომ ამას ვერ მოერგებიან ბავშვები კარგად და ვერ დაწერენ მაღალ ქულებზე. ბოლო წლებში ძალიან კარგი შედეგები იყო, მაღალ ქულებს იღებდნენ ბავშვები. ვფიქრობ, კერძო უნივერსიტეტები რჩებიან ბავშვების გარეშე, რადგან სიდუხჭირეა, ვერ იხდიან მშობლები ბავშვების სწავლის ფულს და ყველას გრანტი უნდა. საგამოცდო ტესტებში ცვლილებები იმისათვის შევიდა, რომ ცოტა ნაკლები გრანტები გასცენ. იმედი აქვთ, რომ ახალ დავალებას ვერ მოერგებიან ბავშვები კარგად და ვერ დაწერენ მაღალ ქულებზე.
-თხზულების ნიმუშის გამოქვეყნება ბავშვს ჩარჩოებში ჩასვამსო, – გვეუბნებიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. რამდენად ეთანხმებით?
-თხზულების ნიმუშის გამოქვეყნება აუცილებელი იყო და ვერანაირად გამოიწვევდა ბავშვის ჩარჩოებში ჩასმას. ყოვლად შეუძლებელია, ადამიანი ტესტს არ მოერგოს და მაღალი ქულა აიღოს. არასოდეს ვიცით, რომელი მწერლის ნაწარმოები მოვა გამოცდაზე. შეიძლება უცხოელი მწერლის ნაწარმოებიც იყოს. ქართულის ტესტი უკვე რამდენი წელია გამორიცხავს ბავშვის ჩარჩოებში ჩასმას. ბავშვი თუ ვერ წერს, ვერც დაწერს. ჩვენს დროს იყო ასე – რამდენიმე თემას დავიზეპირებდით და რომელიმე მოვიდოდა იქიდან. ახლა ასე აღარ არის და ბავშვებმა უნდა იცოდნენ, როგორი ფორმით უნდა გააკეთონ ის ყველაფერი, ვარჯიში უნდათ, როგორ დააკავშირონ ერთმანეთს ესე და მხატვრული ტექსტის ანალიზი ერთმანეთს. მაინც ვერ დაწერენ დაზეპირებულ თემას. ორი ერთნაირი თემა კი არასოდეს მოდის, არ ყოფილა ასეთი რამ. ბოლო ორი წელია, ძველი მწერლობაც კი აღარ მოდიოდა გამოცდაზე, რადგან ბავშვები კარგად წერდნენ, დაზეპირებულია ძველი მწერლობა. თანამედროვე მწერლობაზე გადავიდნენ, რომელსაც ნაკლებად იცნობენ ბავშვები და მასწავლებლები. არა საპროგრამო ნაწილში ბევრი თანამედროვე მწერალია შემოტანილი საგამოცდოდ, რომლებსაც ხშირად მასწავლებლებიც არ იცნობენ. ჭილაძეების, გეგეშიძის, დოჩანაშვილის, რჩეულიშვილის უცნობი ნაწარმოებებია, რომელიც ფართო მასას არ აქვს წაკითხული. მე მაინტერესებს და ვკითხულობ ყველაფერს, მაგრამ მაინც მხვდება ისეთი, რომელიც არ წამიკითხავს.
უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების მსურველები კი ფიქრობენ, რომ ჩარჩოებში დავალების მოცემულობა უფრო სვამს, ვიდრე თხზულების ნიმუშის გამოქვეყნება იქნებოდა.
„სპეციალურად არ გვაძლევენ ნიმუშებს, რომ ბოლომდე ვერ მივხვდეთ, რა უნდათ და ვერ ავიღოთ მაღალი ქულები“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აბიტურიენტი.
მევლუდი ბერუაშვილი – აბიტურიენტი: ბევრი მასწავლებელი აბიტურიენტებს წინა წლის მასალებით ამეცადინებს. ვფიქრობ, უფრო გაამარტივეს წერითი დავალება და ნიმუშის გამოქვეყნება კი არ ჩაგვსვამდა ჩარჩოებში, პირიქით – დავალების მოცემულობა, რადგან ესეში უფრო კარგად შეგეძლო საკუთარი აზრის დაფიქსირება, იქ უფრო მეტი თავისუფლება იყო, ვიდრე ამ ახალ ვარიანტში. ესეში, სადაც გინდოდა, იქით გადაუხვევდი და აქ გაძლევენ კონკრეტულ თემას და ტექსტს, რომლის მიხედვითაც უნდა დაწერო.
მარიამ ფოლადაშვილი – აბიტურიენტი: ძალიან მოულოდნელი იყო ამ ტესტების შეცვლა. თან, უკვე რომ დავიწყეთ სააბიტურიენტო მასალის შესწავლა, მაშინ შეიცვალა და დისკომფორტი შეგვიქმნა. რაც შეეხება ნიმუშის გამოქვეყნებას, აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს, რადგან ჩარჩოებში კი არ მოვექცევით, უბრალოდ, ბიძგი გვექნება, საით უნდა წავიდეთ და რა მხრიდან უნდა შევხედოთ თემას. ნიმუში რომ არ არის მოცემული, აუცილებელია, რეპეტიტორთან სიარული, თორემ ბავშვს ამ ყველაფერში გარკვევა გაუჭირდება. ჩარჩოებში როგორ მოექცევი, როდესაც წინასწარ არავინ ვიცით, რა თემა მოვა და რასთან დაკავშირებით. ყველა თემას მაინც სხვადასხვაგვარად უნდა მივუდგეთ. გამომცემლების წიგნები კი არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, იქაც არ არის მოცემული ბოლომდე თემა ისე, რასაც გამოცდაზე გვთხოვენ. ვითომ მოცემულია, რის მიხედვით უნდა დავწეროთ, მაგრამ მაინც არ არის ბოლომდე ახსნილი. შესაძლოა, სრულ თავისუფლებას გვაძლევენ და ეს ქულების მოპოვებაში უფრო დაგვეხმაროს კიდეც, მაგრამ მეორეს მხრივ, შეიძლება, სპეციალურად არ გვაძლევენ ნიმუშებს, რომ ბოლომდე ვერ მივხვდეთ, რა უნდათ და ვერ ავიღოთ მაღალი ქულები.
ასევე იხილეთ:
გაუქმდება თუ არა ე.წ. უფასო ფაკულტეტები – განათლების მინისტრის განმარტება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება