„აბიტურიენტებს ქართულში ტექნიკურად შევუმსუბუქეთ საგამოცდო პროცესი“ – საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე ამბობს, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში დავალება არ გაიოლებულა და შეტანილი ცვლილებებით მხოლოდ „ტექნიკური თვალსაზრისით შემსუბუქდა“.
26 ოქტომბერს, „რადიო იმედის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას, ნანა ლოლაძე აბიტურიენტებს უხსნის თუ რა შემთხვევაში გაუჭირდებათ სახეშეცვლილი დავალების შესრულება და რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება წერით დავალებაზე მუშაობის პროცესში.
„ჩვენ, ტექნიკური თვალსაზრისით, აბიტურიენტებს კი არ გავუიოლეთ, შევუმსუბუქეთ საგამოცდო პროცესი, ვინაიდან ორი წერითი დავალების შესრულება ნამდვილად დიდი ტვირთი იყო. რაც შეეხება თვითონ დავალებას სირთულის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს არ გამარტივებულა. მინდა ძალიან კარგად გაიაზრონ ჩვენმა ახალგაზრდებმა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი გადაწყვეტენ რომ არასაპროგრამო ტექსტის ანალიზი შემოგვთავაზონ, კონკრეტული პრობლემის ჭრილში, ამ შემთხვევაშიც, ისინი სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ, თუ ძალიან საფუძვლიანად არ ექნებათ შესწავლილი ის საპროგრამო ნაწარმოებები, რომელიც მითითებულია საგამოცდო მასალაში და რომელიც სკოლაში ისწავლება. თუ არ აქვთ ეს ტექსტები ღრმად შესწავლილი, პრობლემატიკა გააზრებული და პედაგოგებთან ერთად ნამსჯელი, არგუმენტირებული მათი მოსაზრებები, ისე ძალიან გაუჭირდებათ. მათი შეშინება არ მინდა, მაგრამ ეს, თავისთავად რთული დავალებაა, არის კოპლექსური და კომპონენტებიანი დავალება – როგორც არგუმენტირებული ესე, ისე მხატვრული ტექსტის ანალიზი, მაგრამ რა თქმა უნდა მხატვრული ტექსტის წილი არის ბევრად დიდი და ამოსავალი მხატვრული ტექსტის ანალიზი უნდა იყოს“, – განაცხადა ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა.
ნანა ლოლაძემ ასევე განმარტა მის მიერ ნახსენები „ტექნიკური შემსუბუქების“ გადაწყვეტილების მიზეზიც და წარსულის მაგალითები გაიხსენა:
„აქ შეიძლება გაჩნდეს კითხვა – მაშინ რატომ ვავალებდით?. პირველ წლებში, აბიტურიენტების ნაწილი წერით დავალებას საერთოდ არ ასრულებდა. შემდეგ, თანდათან წავახალისეთ და არგუმენტირებული ესეს კომპონენტიც შემოვიდა, მაგრამ იწერებოდა ნახევარგვერდიანი თხზულებები, არგუმენტირებული ესეს და მხატვრული ტექსტის ანალიზიც… ბოლო ორი წლის გამოცდების შედეგებმა კი გვაჩვენა, რომ ახალგაზრდები წერდნენ სრულფასოვან ორგვერდიან თხზულებებს და ეს იყო ძალიან დიდი ტვირთი… მაგალითად იწყებდნენ შესანიშნავი კალიგრაფიით წერას და შემდეგ ასოებს ვერ გაარჩევდით ისეთი ნაწერი იყო, ან არ ჰყოფნიდათ დრო დავალების შესასრულებლად, ამიტომ, ეს არ იყო მნიშვნელოვანი“, – განმარტა გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა.
2022 წლის აბიტურიენტებისთვის მისაღებ გამოცდებზე განხორციელებული ცვლილებები 20 ოქტომბერს გასაჯაროვდა.
ამავე თემაზე:
ორიოდ სიტყვა ქართული ენის ტესტების ფორმატის შეცვლაზედა თქმული…
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია 2024 წლის აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით by შედეგები 2024