GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლის იუბილეს ზეიმობს – ინტერვიუ რექტორთან

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლისაა. თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის დაარსებამ იმერეთს ახალი სასიცოხლო ძალა შესძინა და რეგიონისა და არა მხოლოდ რეგიონის ახალგაზრდებისათვის უმაღლესი განათლება ხელმისწვდომი გახადა – სწორედ ასე ხსნის მისი დაარსების მნიშვნელობას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, როლანდ კოპალიანი.

იგი აცხადებს, რომ 90 წლის მანძილზე უნივერსიტეტი წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს ინარჩუნებს და ამ დროის განმავლობაში ახალგაზრდების მხრიდან მის მიმართ ინტერესი არასოდეს განელებულა. შესაბამისად, არც უნივერსიტეტს გადაუხვევია თავისი მთავარი მისიისთვის, რაც ქვეყნისათვის სწორი ღირებულებების მქონე პროფესიონალების გამოზრდაში გამოიხატება.

რა გზა გაიარა უნივეტსიტეტმა დღევანდელობამდე მოსასვლელად და როგორია მისი სამომავლო გეგმები, თუნდაც 100 წლის იუბილესთვის, ამაზე უნივერსიტეტის რექტორი EDU.ARIS.GE-ს დეტალურად ესაუბრა:

როლანდ კოპალიანი: 90 წლის წინ, პედაგოგიური ინსტიტუტის თბილისიდან ქუთაისში გადმოსვლით დაიწყო ჩვენი ისტორია – 1990 წელს, პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეიქმნა. 2006 წელს ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი შემოუერთდა, ხოლო 2010 წელს სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სულ რაღაც 10 წელი გვაშორებს საუკუნეს და ამ ხნის მანძილზე მან არაერთი ცვლილება განიცადა.

90 წლის წინ სასწავლო პროცესი 4 სასწავლო განყოფილებით დაიწყო და დღეს იგი უკვე 9 ფაკულტეტს აერთიანებს, მასში შემავალი მრავალფეროვანი პროგრამებით. 11 ათასამდე სტუდენტი გვყავს, მათ შორის უცხოელები. რაც ყველაზე მთავარია, აქ არაერთი გამოჩენილი პროფესორ-მასწავლებელი მოღვაწეობდა და დღესაც გვყავს წარმატებული აკადემიური პერსონალი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მომავალი თაობების აღზრდაში. ბუნებრივია, გვყავს კურსდამთავრებულები, რომლებიც წარმატებული არიან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეც და ამის გამო ძალიან ამაყები ვართ.

– როგორ ფიქრობთ, რა როლი ითამაშა მან ქართული საუნივერსიტეტო ცხოვრებისა და იმერეთის რეგიონის განვითარებაში?

– დავიწყოთ იმით, რომ ქუთაისში უმაღლესი სასწავლებლის გადმოტანით განათლების მიღება ბევრისთვის ხელმისაწვდომი გახდა, რამაც ხელი შეუწყო რეგიონში პროფესიონალი კადრების ჩამოყალიბებას განათლების, კულტურის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ინჟინერიის, ეკონომიკის მიმართულებით. კვალიფიციური მასწავლებლების აღზრდით, ხელს ვუწყობთ დასავლეთ საქართველოს სკოლების კადრებით უზრუნველყოფას. ასევე მოთხოვნადი და სწრაფად დასაქმებადი არიან საინჟინრო მიმართულების სტუდენტები. მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს სოფლის მეურნეობის განვითარებაშიც, ვამზადებთ კვალიფიციურ კადრებს ბიზნესის, ეკონომიკის, იურიდიული მიმართულებით. ჩვენი წვლილი შეგვაქვს რეგიონის ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში, მედიის სრულყოფაში, კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში. ვფიქრობ, 90 წლის წინ გავხდით რეგიონის ერთ-ერთი მთავარი სასიცოცხლო ძალა და ამ პოზიციას დღესაც ვინარჩუნებთ.

– რა მიგაჩნიათ იმ მთავარ მიღწევად, რის გამოც ახალგაზრდებმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა აირჩიონ?

– 90 წლის მანძილზე რომ უნივერსიტეტი ინარჩუნებს წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს, როგორც მრავალდარგოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო კერა და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლებას, კვლევით საქმიანობას, ხელს უწყობს სტუდენტების პიროვნულ განვითარებას, ვფიქრობ, ეგაა ყველაზე მთავარი. გარდა განათლების მიღებისა, ჩვენთან, სტუდენტებს თავად აქვთ შესაძლებლობა იყვნენ სხვადასხვა სოციალური, კულტურული, სპორტული აქტივობის განმახორციელებლები, უნივერსიტეტისა და ქვეყნის ღირსეული წარმომადგენლები სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში.

– რას სთავაზობს, რა შესაძლებლობებს უხსნის იგი დღევანდელ, თანამედროვე სტუდენტს იმისათვის, რომ სწავლის პროცესში საინტერესო, მრავალფეროვანი საუნივერსიტეტო ცხოვრებით დაკავდეს, დასრულების შემდეგ კი კონკურენტუნარიან და დამსაქმებლისთვის სასურველ კადრად შედგეს?

– გარდა იმისა, რომ სტუდენტებს ვთავაზობთ მრავალფეროვან საბაკალავრო, სამაგისტრო თუ სადოქტორო პროგრამებს, მათ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ მობილობით მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. გაცვლითი პროგრამები სტუდენტებს საშუალებას აძლევს საკუთარი კარიერა საერთაშორისო დონეზე დაგეგმონ. უნივერსიტეტი სთავაზობს სწავლის საფასურის გადახდის მოქნილ სისტემას, არაფორმალური განათლების მიღებისა და, რა თქმა უნდა, სხვადასხვა კულტურულ თუ სპორტულ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობას. სპეციალურად მათთვის ეწყობა კარიერის დღეები, სადაც სტუდენტებსა და დამსაქმებლებს ერთმანეთს ვახვედრებთ. შედეგად, საკმაოდ ბევრი სტუდენტი გვყავს, რომელიც სხვადასხვა კომპანიაში წარმატებით დასაქმდა. მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობებზე.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამებისა და საუნივერსიტეტო ინიციატივების წახალისება. შესაბამისად, გვაქვს სხვადასხვა სახის სტიპენდიები – როგორც სახელობითი, ისე სახელმწიფო და საუნივერსიტეტო. ასევე, მერიის სტიპენდია. მათ შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სოციალური პროგრამებით, როგორიცაა ადმინისტრაციის, სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტის სოციალური გრანტები. ასევე შეუძლიათ მიიღონ სხვადასხვა სახის სამთავრობო სტიპენდიები. მაგალითად: უნგრეთის, ესტონეთის, ჩეხეთის, შვეიცარიის, სლოვაკეთის, იაპონიისა და ა.შ. გვყავს ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები ,,ადილა“ და ,,კოლხა“, სპორტული გუნდები, სადაც კარიერის გაგრძელება პროფესიონალურ დონეზე შეუძლიათ.

– რა არის, თქვენი აზრით, დღევანდელი, თანამედროვე უნივერსიტეტის მთავარი მისია? რას უნდა აძლევდეს იგი ახალგაზრდებს, საზოგადოებას, სახელმწიფოს და რამდენად ადეკვატურები არიან ქართული უნივერსიტეტები ამ გამოწვევებისადმი?

– ვფიქრობ, ისევე როგორც წინათ, დღევანდელი თანამედროვე უნივერსიტეტის მთავარი მისია, გარდა მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობისა, სტუდენტში ლიდერის თვისებების, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაა. უნივერსიტეტებმა ხელი უნდა შეუწყონ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას განათლებული და კვალიფიციური სამუშაო ძალის უზრუნველყოფით.

– რას აკეთებს უნივერსიტეტი ახალგაზრდების, თავისი სტუდენტების სამეცნიერო კვლევითი საქმიანობისადმი ინტერესისა და ჩართულობის გაზრდისთვის?

– სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობით დაინტერესებისთვის სისტემატურად ვატარებთ სამეცნიერო კონფერენციებს. ასევე, გვაქვს კვლევითი კომპონენტის მქონე სასწავლო კურსები, ვაქვეყნებთ და ვაფინანსებთ დოქტორანტების კვლევით ნაშრომებს, უზრუნველვყოფთ სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის ერთობლივი კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას მაღალრეიტინგულ გამოცემებში და რა თქმა უნდა დოქტორანტებისა და მაგისტრების კვლევით საგრანტო პროექტებში ჩართულობას.

– როგორია უნივერსიტეტის გეგმები არსებობის თითქმის საუკუნოვანი ისტორიის შემდეგ – იგეგმება თუ არა უნივერსიტეტში რადიკალური ცვლილებები? რას მიიჩნევთ პრიორიტეტულად და არის თუ არა რაიმე ისეთი, რაც უცვლელად გსურთ შენარჩუნდეს?

– უნივერსიტეტში, ამ ეტაპისათვის, რადიკალური ცვლილებების განხორციელება არ იგეგმება. ჩვენი პრიორიტეტებია: სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს კიდევ უფრო განვითარება, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობა, ინტერნაციონალიზაციის პროცესის კიდევ უფრო გამრავალფეროვნება; კვლევითი მიმართულებების გაძლიერება.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ავღნიშნო, რომ რამდენიმე დღეში უნივერსიტეტს ახალი რექტორი ეყოლება. მინდა მას, ვინც ამ პოსტს ჩაიბარებს, მომავალ საქმიანობაში წარმატება ვუსურვო, ჩვენი უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ.

– სად გსურთ რომ იყოს უნივერსიტეტი 10 წლის შემდეგ, 100 წლის იუბილეზე? განვითარების რა ეტაპზე (არსებული რეალობის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა)?

– 100 წლის იუბილეს, ვისურვებდი, შევხვდეთ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებით, საერთაშორისო დონეზე უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლებით, კიდევ უფრო ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზებით, აკადემიური პერსონალით, მეტი წარმატებული კურსდამთავრებულით, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ამაყად გააგრძელებენ სასწავლებლის ისტორიას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური