GE

„ისტორიაში, მასწავლებლის კვალიფიკაციის დასადასტურებლად, მხოლოდ წერითი გამოცდა არ არის საკმარისი“

„ვარ 23 წლის, ისტორიის ბაკალავრის დიპლომით. საქართველოში ისტორიკოსებისთვის სხვა არჩევანი არც არსებობს, ან მასწავლებელი უნდა გახდეს, ან იმუშაოს რეპეტიტორად, ყველა ჩემი კოლეგა აბარებს დღეს“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს 23 წლის ახალგაზრდა ისტორიკოსმა, გიორგი ნადირაშვილმა განუცხადა, რომელმაც დღეს მასწავლებლის საგნის გამოცდა ჩააბარა. ისტორიის მასწავლებლის საკვალიფიკაციო გამოცდიდან გამოსული მასწავლებლობის მსურველი, გვიხსნის, რომ ამ ქვეყანაში ახალგაზრდებს დიდი არჩევანი არ აქვთ და სწორედ ამიტომ ჰყავს მასწავლებლის გამოცდებს ამდენი მსურველი.

“იმ ახალგაზრდების დასაქმება, რომლებმაც სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებები შეარჩიეს, არიან ისტორიკოსები, განათლების სპეციალისტები, ფილოლოგები.. დასაქმება თითქმის შეუძლებელია ნეპოტიზმის გარეშე, ეს სფეროები დაუფასებელია, ძალიან დაბალ ხელფასზე გვიწევს მუშაობა. პირადად მე, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, რეპეტიტორობა დავიწყე და ჩემს აბიტურიენტებთან ერთად, მეც ვაბარებ გამოცდებს. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ გამოცდას აბიტურიენტებიც საუკეთესოდ ჩააბარებდნენ, ძალიან მარტივია სპეციალისტისთვის”, – გვითხრა მასწავლებლობის მსურველმა.

გიორგი მიიჩნევს, რომ ისტორიაში წერითი გამოცდა არ არის საკმარისი, როგორც მასწავლებლობის მსურველისთვის, ისე მოქმედი პედაგოგებისთვის და ისურვებდა, რომ ისტორიას ზეპირი გამოცდის კომპონენტიც დაემატოს.

“საბოლოდ გამოდის, რომ ათასობით მასწავლებლობის მსურველი აბარებს ამ გამოცდას წარმატებით, კონკურენცია კი 60-კრედიტიან პროგრამაზე ძალიან მაღალია. არ ვფიქრობ, რომ 3 მილიონიან ქვეყანაში ამ რაოდენობით მასწავლებელი უნდა იყოს. ალბათ, საჭიროა, დაიხვეწოს ტესტის ფორმატი და გადაიხედოს, ამით უფრო მეტი კვალიფიცირებული კადრი გვეყოლება და დასაქმების პერსპექტივაც რეალური იქნება”, – ასე განმარტა საკუთარი პოზიცია გიორგი ნადირაშვილმა.

საუბრის დასასრულს, როცა გიორგის ვთხოვეთ, რჩევა მიეცა თანატოლებისთვის, ჩვენმა რესპონდენტმა ხუმრობით გვითხრა – “ალბათ, ვეტყოდი, რომ ნუ გახდებით ისტორიკოსები და ამის ნაცვლად სხვა, ბაზრის მოთხოვნადი პროფესია შეისწავლეთ.. მაგრამ მაინც არ მინდა, დემოტივატორი ვიყო, იბრძოლეთ თქვენი ოცნებებისთვის და მომავლისთვის, ასე ვეტყვი!”.

როგორც ჩვენს რესპონდენტებთან გავარკვიეთ, მასწავლებლის ისტორიის გამოცდაზე შერეული საკითხები შემოვიდა – როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს ისტორიიდან.

EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ დღეს მოქმედი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები გამოცდას ისტორიასა და სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში აბარებენ.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური