GE

„ჯარიც ერთგვარი უნივერსიტეტია, ნუ შეშინდებით ბავშვებო!“ – აბიტურიენტი გამამხნევებელი გზავნილებით

“ჭიათურიდან ჩამოვედი და გამოცდებს დედაქალაქში ვაბარებ, ეს პერიოდი ნათესავებთან ერთად ვცხოვრობ და განსაკუთრებულ მღელვარებაში ვარ. ჩემთვის რთული ტესტი არ ყოფილა, შესასრულებლად 1 საათი დამჭირდა. ყველაზე რთული კი სამოქალაქო განათლების ტესტებში შეცდომების პოვნის დავალება იყო”, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მისთვის ბოლო ეროვნული გამოცდიდან გამოსულმა თემო კაპანაძემ.

ის გამოცდაზე მამიდასთან ერთად მივიდა და სამოქალაქო განათლების ტესტი, როგორც თავად ამბობს, წარმატებით წერა.

თემოს მონაყოლიდან გავიგეთ, რომ სამუშაო თემებად მისი თანატოლებისთვის აქტუალური საკითხები შეხვდა:

“რთული იყო შეცდომების პოვნა ტექსტში და ბოლო დავალება – არგუმენტირება. წლევანდელი ტესტის თემა იყო ახალგაზრდები და ახალგაზრდული გამოწვევები. იყო ერთი საკითხი მწეველებისა და თამბაქოს მოხმარების შესახებ. რუკაზე იყო მოცემული მსოფლიოში მწეველთა რაოდენობა, სად რამდენია და ჩვენ უნდა გვემსჯელა, სად უფრო მეტი იყო მწეველი. ახალგაზრდებზე და არჩევნებზე იყო კიდევ ერთი დავალება, არგუმენტირებას სადაც ითხოვდნენ: უნდა ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება თუ არაო და როგორც საწინააღმდეგო, ისე მხარდამჭერი არგუმენტები უნდა დაგვესახელებინა”, – გვითხრა აბიტურიენტმა.

ჩვენი რესპონდენტი იმასაც ამბობს, რომ სტუდენტობა ახლა მისი მთავარი სურვილია, თუმცა გვიხსნის, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურიც აინტერესებს. თემო ჩვენი დახმარებით იმ მესიჯს აჟღერებს, რომელიც გამამხნევებელი განსაკუთრებით ვაჟი გამოსაცდელებისთვის იქნება:

“რომ ჩავაბარებ, მაინც მექნება ჯარში წასვლის სურვილი. მესმის მათიც, ვისაც არ უნდა, მაგრამ სამოქალაქო განათლებას ვინც აბარებს, ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ძლიერი ჯარი ქმნის ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობას. ჯარიც ერთგვარი უნივერსიტეტია, ნუ შეშინდებით, ბავშვებო. ყველა ეტაპი უნდა გავიაროთ, რომ დამოუკიდებელი ადამიანები და მოქალაქეები გავხდეთ”, – ამხნევებს თანატოლებს აბიტურიენტი.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური