გრუნისა და USAID-ის ერთობლივი პროექტი – სამართლებრივი ინგლისურის ლექტორთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ, დასრულდა
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი საქართველოს უნივერსიტეტებში სამართლებრივი ინგლისურის ცოდნის დონის ასამაღლებლად.
2024 წლის 22 ივლისს გაიმართა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, მამუკა თავხელიძემ; USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ჰერბ ბოუმენმა და სამართლის სკოლის დეკანმა, გულიკო გალდავამ. აღინიშნა, რომ პროფესიული ინგლისურის ცოდნის გაუმჯობესების საჭიროება დღეს განსაკუთრებით მწვავედ დგას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ამდენად, მნიშვნელოვანია ამგვარი პროექტების განხორციელება. შეხვედრაზე პროექტის ტრენერმა, გრუნის პროფესორმა – ხატია თანდილაშვილმა, შეაჯამა პროექტი, ისაუბრა განხორციელებული აქტივობებისა და მისი შედეგების შესახებ.
პროექტის ფარგლებში გადამზადდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს 6 რეგიონული უნივერსიტეტის 13 ლექტორი, მათ შორის, პარტნიორი უნივერსიტეტების: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის; შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქუთაისი); იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.
სასწავლო პროგრამის მონაწილეებმა შეიძინეს ისეთი სამართლებრივი საკითხების ცოდნა, როგორებიცაა: ადამიანის უფლებები; სასამართლო სამართალწარმოება და დავების ალტერნატიული გადაწყვეტა; კონსტიტუციური, ევროპული, საერთაშორისო, სახელშეკრულებო, კომერციული, შრომის, საბანკო და ინტელექტუალური საკუთრების სამართალი და სხვა. ლექტორებმა, ასევე, გაიღრმავეს ცოდნა სამართლებრივი ინგლისურის საკვანძო ტერმინოლოგიებსა და ფრაზებში, გაეცნენ სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიასა და სახელმძღვანელოებს, მოამზადეს სრულყოფილი სილაბუსი, რომელიც ეფუძნება სრულიად ახალ საკვანძო, ავთენტურ მასალას.
ლექტორთა კვალიფიკაციის ამაღლების საფუძველზე, უნივერსიტეტების სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მაღალ დონეზე დაუფლებოდნენ სამართლის პროფესიულ ინგლისურს, გახდნენ კონკურენტუნარიანი იურისტები როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე და შექმნან მაღალი სტანდარტების სამეცნიერო ნაშრომები.
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებულმა პროექტმა, ხელი შეუწყო უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარების, ინფორმაციის გაცვლისა და სამომავლოდ, ერთობლივი ღონისძიებების განსახორციელებლად.
- GRUNI-ს ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს ბათუმის წარმომადგენლობაში წარადგინეს მოხსენება – „მედიაცია – დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმი“ by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი