GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებას, ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობების აღდგენას, 19 მაისს სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა.

კონფერენციის მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა, აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება ,,ერთობა ხვალისთვის“ თავმჯდომარემ გიორგი შერვაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაციამ, აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება ,,ერთობა ხვალისთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ შორენა ახალაიამ, ასოციაცია მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის ხელმძღვანელმა ალუ გამახარიამ და მრავალპროფილური კოლეჯის ,,სპექტრი“ ხელმძღვანელმა მათე ტაკიძემ.

კონფერენციის მონაწილეებმა ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ისტორიულ, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო კუთხით მიმოიხილეს.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ საუნივერსიტეტო დიპლომატიაზე გაამახვილა ყურადღება. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონში ბიზნეს ურთიერთობების აღორძინების ერთიანი პლატფორმა იყო მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტის მიხეილ ჭელიძის მოხსენების თემა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა სულხან კუპრაშვილმა აფხაზთა სამეფოს დედაქალაქზე ისაუბრა. არქეოლოგიური მასალების მიხედვით ,,ლეონიდების“ სამშენებლო საქმიანობა გააცნო კონფერენციის მონაწილეებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა როლანდ ისაკაძემ. ,,აფხაზეთი რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ სტრუქტურებში 1864-1917 წლებში“ იყო ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის გოდერძი ვაჭრიძის საუბრის თემა. კონფერენციის დასასრულს ქართულ-აფხაზურ კონფლიქტი და საქართველოს ისტორიის თანამედროვე სახელმძღვანელოები მიმოიხილა წერეთლის უნივერსიტეტის ისტორიის საბაკალავრო პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტმა ანი ისიანმა.

კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის თანაორგანიზებითა და აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება ,,ერთობა ხვალისთვის“ ორგანიზებით გაიმართა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური