GE

ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება „საქართველო, მიყვარხარ!“ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

30 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება – „საქართველო, მიყვარხარ!“.

უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიება მოიცავდა როგორც აკადემიურ, ისე მხატვრულ ნაწილს. სასულიერო პირებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს პატრიარქის ცხოვრების, მრავალწლიანი მოღვაწეობისა და მისი განსაკუთრებული როლის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში. ყურადღება გამახვილდა ილია II-ისა და უნივერსიტეტის ურთიერთობაზე, ასევე იმ ინიციატივებზე, რომელთა ავტორიც პატრიარქი იყო და რომლებიც დროთა განმავლობაში ქართულ საზოგადოებაში ტრადიციად ჩამოყალიბდა.

ღონისძიებას უძღვებოდნენ ფილოლოგიის დოქტორი სოფიკო ჭუმბურიძე და ისტორიკოსი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა შალვა კირთაძემ. ღონისძიებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე და სასულიერო დასი, ასევე მოწვეული სტუმრები და აკადემიური საზოგადოება ესწრებოდა.

ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტში შექმნილი ლექსები წარმოადგინეს მწერლებმა: გია ხოფერიამ და ომარ გვეტაძემ. მხატვრულ ნაწილში უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლი „ადილა“ (ხელმძღვანელი მაიზერ გაზდელიანი) და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „საშემსრულებლო ხელოვნების“ პროგრამის სტუდენტები (ხელმძღვანელი ტატიანა ჯავახიშვილი) მონაწილეობდნენ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ილია II-ის ღვაწლის კიდევ ერთხელ გააზრებასა და მის მიერ დამკვიდრებული ღირებულებების პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობაში. საღამომ მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია – სრულად სავსე დარბაზი და აუდიტორიის გულწრფელი ჩართულობა ნათლად წარმოაჩენდა პატრიარქისადმი საზოგადოების ურყევ პატივისცემასა და სიყვარულს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური