GE

ალტე უნივერსიტეტის სასკოლო სტარტაპ მარათონი დასრულდა

ალტე უნივერსიტეტმა უკვე მეორედ წარმატებით დაასრულა სასკოლო სტარტაპ მარათონის პროექტი. პროექტში 120-ზე მეტი გუნდი და ჯამში 500-ზე მეტი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. რეგისტრირებული 120 გუნდიდან ტრენინგების ეტაპზე 21 გუნდი გადავიდა, ხოლო ფინალურ ეტაპზე 14-მა გუნდა მიიღო მონაწილეობა.

სტარტაპ მარათონის ფინალი 16 დეკემბერს ალტე უნივერსიტეტში გაიმართა. მონაწილე გუნდებმა მენტორებთან ერთად დამუშავებული პრეზენტაციებით წარადგინეს საკუთარი ბიზნეს იდეები ჟიურისთან. ჟიური ალტე უნივერსიტეტისა და პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების: Gita, Entrepreneur Georgia, TBC-ის წარმომადგენლებისგან იყო დაკომპლექტებული.

პროექტს ტრადიციულად არც წელს ჰყოლია მხოლოდ 1 გამარჯვებული. ჟიურის თითოეულმა წევრმა საკუთარი რჩეული გამოავლინა და შესაბამისი პრიზები გადასცა.

TBC ახალი თაობისთვის და TBC სტარტაპერის რჩეული გუნდი Robofarmia გახდა, რომელმაც საჩუქრად 5000 ლარი მიიღო. Robofarmia ალტე უნივერსიტეტის ერთ-ერთი რჩეული სტარტაპიც გახდა და უნივერსიტეტისგან დამატებითი ფულადი პრიზი გადაეცა. ეს სტარტაპი ქმნის თვითმართვად, მრავალფუნქციურ რობოტს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იმართება და ასრულებს შესაბამის ბრძანებებს ბუნებრივი კატასტროფების დროს. რობოტი დაეხმარება მაშველებს ნანგრევების ქვეშ ადამიანების პოვნაში და დაადგენს მათ სავარაუდო ადგილმდებარეობას, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.

ალტე უნივერსიტეტს კიდევ 2 რჩეული გუნდი ჰყავდა: დიდოსტატი, რომლის თითოეული წევრიც ალტე უნივერსიტეტის სასწავლო გრანტით დაჯილდოვდა და Shieldify, რომელსაც უნივერსიტეტი ინვესტირებისთვის საჭირო პროცედურებში დაეხმარება. Shieldify კიბერშეტევებისგან დაცვის უნიკალურ შესაძლებლობას და სრულიად ახალ, AI-ზე დაფუძნებულ firewall-ს სთავაზობს მომხმარებლებს. „დიდოსტატი“ Gita-ს რჩეულიც გახდა და მას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო პროტოტიპის დამუშავებაში და სხვადასხვა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაში დაეხმარება. გუნდი მუშაობს ხელის პროთეზის დამზადებაზე, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მომხმარებელმა რეალურად შეიგრძნოს შეხება ისე, როგორც ბუნებრივი კიდურის არსებობის შემთხვევაში შეიგრძნობდა.

Entrepreneur Georgia-ს რჩეული გახდა სტარტაპი Halove, რომელიც სრულ მედიამხარდაჭერას მიიღებს სტატრაპის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე. Halove უნიკალური ტექნოლოგიაა, რომელიც სპეციალურად შექმნილი ხელთათმანის მეშვეობით ჟესტების ენას ვერბალურ და წერილობით კომუნიკაციად აქცევს.

ალტე უნივერსიტეტი პარტნიორებთან ერთად მესამე სასკოლო სტარტაპ მარათონის ჩატარებას კი 2024 წელს გეგმავს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური