GE

„ალტე უნივერსიტეტში“ აბიტურიენტებისთვის ინგლისური ენის ესეების ვორქშოფი ჩატარდა

18 დეკემბერს „ალტე უნივერსიტეტში“ ინგლისური ენის ესეების ვორქშოფზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის პირველი შეხვედრა შედგა. უნივერსიტეტმა იმ აბიტურიენტებს უმასპინძლა, რომელთათვისაც, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენის წერითი კომპონენტი გამოწვევაა. უმაღლეს სასწავლებელში აცხადებენ, რომ აბიტურიენტების ხელშეწყობა და თითოეული მათგანის განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.

„ალტე უნივერსიტეტის“ მარკეტინგისა და პიარის სამსახურის ხელმძღვანელი, ანი ამირანაშვილი ამბობს, რომ ინგლისურის ესეების წერის ვორქშოპი აბიტურიენტებს აძლევს საშუალებას კარგად გააანალიზონ ერთიანი ეროვნული გამოცდების წერითი ნაწილის მნიშვნელოვანი კომპონენტები. გარდა ამისა, იგი აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტი კვლავ აგრძელებს აღნიშნული ვორქშოფების სერიას და მხარდაჭერას ჰპირდება ყველა აბიტურიენტს, რათა მისაღებ გამოცდებზე მიიღონ მაღალი ქულები და აჩვენონ საუკეთესო შედეგები.

„ვორქშოფის ჩატარების იდეა სწორედ მას შემდეგ გაგვიჩნდა, რაც მოვიძიეთ ინფორმაცია და შევისწავლეთ აბიტურიენტების საჭიროებები. ერთ-ერთი, რაც გამოიკვეთა, სწორედ ინგლისური ენის ესეების წერის სირთულეა. დღევანდელი ვორქშოფი ამ პროექტის მიმართულებით პირველია და რა თქმა უნდა, პერიოდულად განმეორდება მთელი წლის განმავლობაში – ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ჯერ დიდი დროა, სწორედ ამიტომ, ჩვენ თითოეულ აბიტურიენტს მივცემთ საშუალებას, რომ გვესტუმრონ „ალტე უნივერსიტეტის“ შენობაში და ჩვენს პრაქტიკოს ლექტორებთან ერთად გაიარონ ესეების წერის ტექნიკა, ანალიზი, გაიაზრონ დაშვებული შეცდომები და ა.შ.“, – ამბობს ანი ამირანაშვილი.

ვორქშოფის დროს აბიტურიენტებს ეძლევათ დავალება, რომელსაც ისინი შეასრულებენ, გააგზავნიან ელექტრონულ ფოსტაზე, რის შემდეგაც უნივერსიტეტის პროფესორი შეასწორებს და თითოეულ მათგანს დაუბრუნებს რეკომენდაციებითა და რჩევებით შესწორებულ კუთვნილ სამუშაო ფაილს.

„ალტე უნივერსიტეტის“ მიერ ორგანიზებულ ვორქშოფს დაესწრო მე-12 კლასელი ნინო ჩიქოვანი. ნინო ამბობს, რომ ორსაათიანი ლექცია, რომელიც მან მოისმინა, ძალიან დაეხმარება ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებაში. გარდა ამისა, ნინო აღფრთოვანებულია უნივერსიტეტის კამპუსით.

„პირველ რიგში, ძალიან მომეწონა გარემო. ძალიან ლამაზი და კომფორტული აუდიტორია დაგვხვდა. ლექტორი საუკეთესოდ იყო მომზადებული და ბავშვებიც მოწადინებულები ვიყავით. ყველას გვინდოდა, რაც შეიძლებოდა, მეტი და მეტი გაგვეგო ინგლისური ენის ესეების წერის ტექნიკის შესახებ.

ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ბევრი რამ გავიგეთ. ასევე, მივიღეთ დავალებაც, რომელსაც აუცილებლად გავუზიარებ ლექტორს და დიდი მოთმინებითაც დაველოდები მის უკუკავშირს. მე ისედაც არ მიჭირდა ესეების წერა, მაგრამ ამ ვორქშოფზე ბევრი დამატებითი დეტალის შესახებ მივიღე ინფორმაცია. უკვე უფრო მეტი ნდობა მაქვს უნივერსიტეტისა და თავად ლექტორის მიმართაც და ძალიან მიხარია, რომ აქ მოვხვდი. შეხვედრის ბოლოს სერტიფიკატებიც ავიღეთ და ფოტოებიც გადავიღეთ. ისე მომეწონა „ალტე უნივერსიტეტში“ გატარებული რამდენიმე საათი, რომ პროფესიის შერჩევასთან დაკავშირებით დაგეგმილ ლექციასაც აუცილებლად დავესწრები“, – ამბობს ნინო ჩიქოვანი.

„ალტე უნივერსიტეტში“ შემდგომი ღონისძიებები არამხოლოდ დეკემბერში, არამედ წლის განმავლობაშია დაგეგმილი. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ დიდი მომართვიანობის გამო, აღნიშნული ვორქშოფი კვლავ გაიმართება, თუმცა ამჟამად დისტანციურად და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება. ვორქშოფებს „ალტე უნივერსიტეტის“ ლექტორი და ენების ცენტრ „გლობუსი“-ს დამფუძნებელი ლელა იაშვილი უძღვება.

ალტე უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური