ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი – „Teens in AI 2024“ დასრულდა
წელს პირველად გლობალური ჰაკათონი – Teens in AI 2024 საქართველოში ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით ჩატარდა. გამარჯვებული გუნდის „Carrier Connection“ მენტორ-კოორდინატორი ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი, ნოდარ ლაგურაშვილი გახლდათ.
Teens in AI, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ყოველწლიურად ატარებს გლობალურ ტექათონებს, რომლებიც 12-18 წლის მოზარდებს შთააგონებს, გაერთიანდნენ და ერთობლივი მუშაობის შედგად, AI-სა და მონაცემთა მეცნიერების გამოყენებით, გადაჭრან რეალური პრობლემები. Პროექტი მიზნად ისახავს ტექნოლოგიის გამოყენებას სამართლიანი სამყაროს შესაქმნელად, სადაც თითოეულ ინდივიდს აქვს თანაბარი შესაძლებლობა, გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი, ხელი შეუწყოს ინოვაციებს და წარმოქმნას პოზიტიური საზოგადოებრივი ცვლილებები.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური გენდერული სხვაობის 2023 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ STEM სფეროში პოზიციების მხოლოდ 29.2% იკავებენ ქალები, მსგავსი პროცენტული მაჩვენებელი აღინიშნება AI-ის მიმართულებითაც, ეს ყოველივე კი ხაზს უსვამს აღნიშნული საკითხის ირგვლივ უთანასწორობის აღმოფხვრისა და გამოსწორების გადაუდებელ საჭიროებას.
Teens in AI-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ელენა სინელი, დასძენს: „ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების ინდუსტრიაში არსებული განსხვავებების აღმოფხვრა გადამწყვეტია იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მომავალი, რომელიც ასახავს ხმათა მრავალფეროვნებას და აღმოფხვრის არსებულ მიკერძოებებს. ჩვენი მიზანია, მოზარდებს ადრეული ასაკიდანვე შევძინოთ უნარ-ჩვევები, რომელთა საშუალებითაც გაეცნობიან ტექნოლოგიის პოტენციალს და გაიაზრებენ, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას საზოგადოებისთვის. თანასწორობის მიღწევა ახლა უფრო აუცილებელია, ვიდრე ოდესმე, განსაკუთრებით გოგოებისთვის.“
„საქართველოში ხელოვნური ინტელექტის სფეროს პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური პროგრესისა და სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. მოზარდების ჩართვა მსგავს პროექტებში ხელს უწყობს ინოვაციების წახალისებას და ამზადებს მომავალ თაობას განვითარებადი სამუშაო ბაზრისთვის. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, გადახედონ ადგილობრივ პრობლემებს, წვლილი შეიტანონ ინოვაციებში და შექმნან ტექნიკურად განათლებული სამუშაო ძალა, რომელიც შეესაბამება საქართველოს საზოგადოების საჭიროებებსა და ღირებულებებს.“ – ნანი არაბული – ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დეკანი; საქართველოში Teens in AI წარმომადგენელი.
პროექტის წარმატებით განხორციელებასა და ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები: სალომე ონიანი – ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის თანახელმძღვანელი, თამარ ბენდელიანი – ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის მენეჯერი.
Teens in AI 2024-ში მონაწილეობის მიღების სურვილი, საქართველოს მასშტაბით, 305-მა მოსწავლემ გამოთქვა. ჰაკათონის ფინალურ ეტაპზე 26 გუნდი და 46 მენტორი იღებდა მონაწილეობას.
პროექტის დასასრულს გამოვლინდა Teens in AI საქართველო 2024-ის 3 გამარჯვებული გუნდი, რომლებიც სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. Პირველ ადგილზე გასული გუნდის ნამუშევრის შესახებ ვიდეო კი გაიგზავნა პროექტის საერთაშორისო ჟიურისთან, რომელიც გამარჯვებულის ვინაობას 25 აპრილს დაასახელებს.
გამარჯვებული გუნდის – „Carrier Connection“ წევრებმა, შექმნეს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩატბოტი Nodo, რომელიც ეხმარება ახალგაზრდებს, თავიანთ ინტერესებსა და უნარებზე დაყრდნობით, კარიერის დაგეგმვაში, სასურველი პროფესიის, უნივესრიტეტისა და ფაკულტეტის შერჩევასა და ინფორმაციის მოძიებაში.
პროექტის პარტნიორმა, საქართველოს გაეროს ასოციაციამ, USAID-ის პროგრამის – „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, დააჯილდოვა ჟიურის რჩეული გუნდი AI-intelligentsia, რომელიც ქუთაისისა და მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის წევრებით იყო დაკომპლექტებული.
პროექტის ჟიურის წევრები:
- ნანა დიხამინჯია – ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი;
- გიორგი აბაშიშვილი – ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი;
- მურო თაკალანძე – საქართველოს გაეროს ასოციაციის განათლებისა და ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელი;
- ზურაბ პერტაია – Edutech-ის დამფუძნებელი;
- თემურ ჩიჩუა – საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პროგრამული უზრუნველყოფის ხელმძღვანელი.
გლობალური ჰაკათონი Teens in AI 2024 საქართველოში წელს პირველად ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით ჩატარდა და იგი სრულად მოხალისეობრივი გახლდათ. პროექტი მიზნად ისახავდა ხელოვნური ინტელექტის პოპულარიზაციასა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას მოსწავლეებში.
პროექტის პარტნიორები:
საქართველოს გაეროს ასოციაცია, USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში; Edutech; საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია.
- გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ალტე უნივერსიტეტსა და ლატვიის გამოყენებით მეცნიერებების უნივერსიტეტს (EKA) შორის by ალტე უნივერსიტეტი
- ალტე უნივერსიტეტსა და პორტუგალიის კოიმბრას უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა by ალტე უნივერსიტეტი
- ალტე უნივერსიტეტსა და საბერძნეთის ALBA Business School-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა by ალტე უნივერსიტეტი