საბაუნის სტუდენტი გაცვლითი პროგრამით ესპანეთში იმყოფებოდა
მარიამ კილასონია, საბაუნის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია, რომელმაც 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი ესპანეთში, ვალენსიის კათოლიკურ უნივერსიტეტში გაატარა.
მარიამი ესპანეთში ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციის დაფინანსებით სწავლობდა, FUCE-ს სასწავლო გრანტით, რომელიც მხოლოდ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი.
„ამ პროგრამამ უპირველეს ყოვლისა შემმატა საკუთარი თავის რწმენა, გავხდი მეტად დამოუკიდებელი, მომწონდა შეგრძნება, რომ ყველაფერი ჩემით, დამოუკიდებლად უნდა გამეკეთებინა. შევიძინე უამრავი მეგობარი და ახლოს გავიცანი უცხოელი პროფესორები, რომლებიც გულწრფელად გვიზიარებდნენ თავიანთი წარმატების გზას. გარდა ამისა, გავხდი უფრო მეტად მომთმენი, კომუნიკაბელური და თავდაჯერებული. უცხოეთში გაცვლითი პროგრამით სწავლა, ერთგვარი პასუხისმგებლობაა, ვინაიდან წარმოადგენ შენს ქვეყანას, სხვებსაც სწორი კუთხით უნდა გააცნო იგი, ამის წარმატებით შესრულება კი საკუთარი თავის რწმენას გმატებს“, – მარიამ კილასონია.
საქართველოში დაბრუნებული მარიამი ფიქრობს, რომ სტუდენტების ცხოვრება საქართველოსა და ესპანეთში მკვეთრად განსხვავდება.
„ეს ორი პარალელური სამყაროა. ვფიქრობ, ყველა ქართველი სტუდენტი უნდა წავიდეს საზღვარგარეთ, რომ თავად ნახონ რა განსხვავებაა ქართულ და უცხოურ სტუდენტობას შორის. გარდა იმისა, რომ იქ ცოტა განსხვავებული განათლების სისტემაა, ასევე განსხვავებულია განათლებისადმი და ზოგადად ცხოვრებისადმი დამოკიდებულება. უცხოეთში სტუდენტები მეტად დამოუკიდებლები არიან. ვურჩევ ყველა სტუდენტს მონაწილეობა მიიღოს გაცვლით პროგრამებში, ისიამოვნონ სწავლის პროცესითა და ყოველდღიურობით. თუმცა, წასვლამდე აუცილებლად გაითვალისწინონ სტიპენდიის რაოდენობა და მიმღები ქვეყნის ცხოვრების დონე, რომ შემდეგ თავიდან აიცილონ გაუთვალისწინებელი სიტუაციები”.
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს დროებით აჩერებს by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- „თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ!“ – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს სტიპენდიები გადაეცათ by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- საბაუნის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტები National Geographic Learning-ის კონფერენციაზე by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი