„გაიზრდება პედაგოგების ჩართულობა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში“ – როგორ იმუშავებს ალტე უნივერსიტეტის მასწავლებელთა საბჭო
სწავლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და გავრცელება, ტექნოლოგიების გამოყენება და დანერგვა სწავლებაში, მედიაწიგნიერება, ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობა და მშობელთა ინფორმირებულობის გაზრდა/პედაგოგიზაცია – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც „ალტე უნივერსიტეტის მასწავლებელთა საბჭო“ 2024-2025 წლებში იმუშავებს და პედაგოგების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართულობას შეუწყობს ხელს.
„ალტე უნივერსიტეტის მასწავლებელთა საბჭო“ 18 აპრილს დაფუძნდა და როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, მისი მთავარი მიზანი საქართველოს მასშტაბით სკოლებისა და მასწავლებლების მხარდაჭერაა.
დახურული ღონისძიება ალტე უნივერსიტეტის კამპუსში გაიმართა, მოწვეულ სტუმრებს შორის კი იყვნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, მასწავლებელთა საბჭოს წევრები და ალტე უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციები – „მასწავლებლების ეროვნული ჯილდო“ და „განათლების კოალიცია“, რომლებთან თანამშრომლობის ფარგლებშიც ხორციელდება აღნიშნული ინიციატივა.
საბჭო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 13 პედაგოგს აერთიანებს. მათ შორის არიან „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ სხვადასხვა წლის ათეულის წარმომადგენლები და ალტე უნივერსიტეტის პარტნიორი პედაგოგები საქართველოს მასშტაბით.
დაგეგმილია, რომ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, დაინიცირდება პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება მასწავლებლების საქმიანობაში კონკრეტული პრობლემების აღმოჩენასა და გადაჭრისაკენ.
საპილოტე პროექტს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება აქვს – მის ფარგლებში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების საჭიროებების აქტიური კვლევა განხორციელდება. პედაგოგები კი გაეცნობიან იმ ხელსაწყოებსა და რესურსებსაც, რომელთა გამოყენებით შეძლებენ, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს სამომავლო პროფესიულ ორიენტაციაში დაეხმარონ.
ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტის, ანი ამირანაშვილის განცხადებით, „ალტე უნივერსიტეტი, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მასწავლებლების ჩართულობით, დაგეგმავს და განახორციელებს კონკრეტულ ინიციატივებსა და პროექტებს.
„ეს აქტივობები მიმართული იქნება ერთის მხრივ, მოსწავლეებისათვის იმ ტიპის სერვისების მიწოდებისკენ, რომლებიც მათი სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს, ხოლო მეორეს მხრივ, მასწავლებლებისთვის ისეთი პროექტებისა და აქტივობების დაგეგმვისაკენ, რაც გაზრდის პედაგოგების ჩართულობას საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ეს ყოველივე დაეხმარება მოსწავლეებს, უფრო მეტად მომზადებულები შეხვდნენ ცხოვრების ახალ ეტაპს, რომელსაც სტუდენტობა ეწოდება“, – ამბობს ანი ამირანაშვილი.
პროექტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს განათლების კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია და განმარტავს, რატომ არის „ალტე უნივერსიტეტის მასწავლებელთა საბჭოს“ პროექტი უნიკალური:
„აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანია, რადგანაც განათლების სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორედ სკოლებსა და უნივერსიტეტებს შორის კავშირის დაკარგვაა. ეს პროექტი კი უნიკალური შესაძლებლობაა პედაგოგებისთვის, რათა თავიანთი ხმა მიაწვდინონ უნივერსიტეტებს და მათი ინიციატივები აქტიურად იყოს მხარდაჭერილი“.
როგორც ალტე უნივერსიტეტის მასწავლებელთა საბჭოს წევრი ერთ-ერთი წევრი, მიმოზა ღოლიჯაშვილი გვიხსნის, „ალტე უნივერსიტეტის მასწავლებელთა საბჭოს“ მიზანია, დაეხმაროს პედაგოგებს, საქართველოს მასშტაბით, რათა აღმოაჩინონ თავიანთი საჭიროებები და კონკრეტული გამოწვევების შესაბამისად დაგეგმოს და განახორციელოს ტრენინგ მოდულები, ვორქშოფები თუ სამუშაო შეხვედრები, რაც, მისი თქმით, კიდევ უფრო გააუმჯობესებს სწავლა-სწავლების ხარისხს.
ალტე უნივერსიტეტი უკვე 2 წელია, აქტიურად თანამშრომლობს განათლების კოალიციასთან და გარდა ამისა, უნივერსიტეტი „მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს“ კამპანიის აქტიური მხარდამჭერიცაა. 2024-2025 წელს პროექტი საპილოტე რეჟიმში განხორციელდება.
- ახალი შესაძლებლობები სტუდენტებისთვის – ალტე უნივერსიტეტსა და საქართველოს საბანკო ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა by ალტე უნივერსიტეტი
- ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა IALS-ში გაწევრიანდა by ალტე უნივერსიტეტი
- ესეების კონკურსი XI და XII კლასელებისთვის ალტე უნივერსიტეტისგან – “დემოკრატიული სახელმწიფო” by ალტე უნივერსიტეტი