GE

„ამ რეფორმას განათლებაში, პირველ რიგში, შეეწირა ქართული ენა –აბსოლუტურად უვიცები მოდიან“

„ქართული ენა, გარდა იმისა, რომ ჩვენი მშობლიური ენაა, სახელმწიფო ენაა და სახელმწიფო ენას ყველა კარგად უნდა ფლობდეს! მაინცდამაინც ქართული რატომ? მე არ მითქვამს, რომ მაინცდამაინც ქართული ისწავლონ. ისწავლონ რუსული, გერმანული, ინგლისური, ფრანგული. გოგებაშვილი რას ამბობდა, იცით? „შეისწავლეთ რაც შეიძლება მეტი უცხო ენა. დაეწაფეთ ევროპულ ენებს, მაგრამ კარგად გვახსოვდეს, ყოველი ევროპელი, სანამ შეისწავლის სხვის ენებს, ჯერ საფუძვლიანად სწავლობს მშობლიურს“.  ამის საწინააღმდეგო  ვინმეს რამე აქვს?

და საერთოდ, ქართველების მტერი უნდა იყოს ის, ისევ გოგებაშვილს დავესესხები, ვინც ქართველს ეტყვის, არ ისწავლო სხვა ენა და დარჩი მარტო შენი ენის ანაბარა. ეს იქნება ქართველების მტრობა. უცხო ენები უნდა ვისწავლოთ, არამარტო – ქართული. თუ გვინდა, რომ განათლებულები გვერქვას“, – ეს სიტყვები  ქართული ენის და ლიტერატურის სახელმძღვანელოების ავტორმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ნათელა მაღლაკელიძემ EDU.ARIS.GE-ს ინტერვიუს დროს უთხრა.

იგი სკოლაში ქართული ენის სწავლების სავალალო მდგომარეობაზე საუბრობს.

–თქვენ ქართული ენის და ლიტერატურის სახელმძღვანელოების ავტორი ბრძანდებით. რას იტყვით ენის საათების გადანაწილებასთან დაკავშირებით. რატომ ეთმობა ცოტა საათი ენის სწავლებას?

–ჩვენს სახელმძღვანელოებში სრული ქაოსია ენის საკითხებთან დაკავშირებით. სასწავლო გეგმაში შედეგებია მოცემული. რა უნდა ვასწავლოთ, ის ხომ არსად არ წერია? ამან გამოიწვია ის,  რომ ზოგი ავტორი საერთოდ აღარ ამახვილებს ყურადღებას ენის საკითხებზე და სახელმძღვანელოები ამ მხრივაც განსხვავდება ერთმანეთისგან. მარტო მასწავლებლებსაც ნუ დავაბრალებთ!

ჩემი, როგორც ამ დარგის სპეციალისტის, სურვილი რა იქნება, იცით? როგორც მეშვიდე -მეთორმეტე კლასებში ლიტერატურის ჩამონათვალში გაჩნდა 60%-იანი ბლოკი, რაც აუცილებლად უნდა იყოს სახელმძღვანელოებში შეტანილი, ენაშიც უნდა გაჩნდეს ასეთი სავალდებულო ჩამონათვალი, რაც აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს. დანარჩენი უკვე მასწავლებლის კეთილ ნებაზე იყოს დამოკიდებული.

7-და 8 საათი რომ ეთმობოდა სკოლაში ენას, იმ შედეგს მაინც არ გვაძლევდა, რისთვისაც იყო ეს 7-8 საათი. რაოდენობა ყოველთვის ხარისხს არ ნიშნავს. ისიც ვთქვათ, რომ ხშირად თვითონ მასწავლებლებიც აფუჭებდნენ საქმეს. ენის საათზე ლიტერატურას ატარებდნენ ან საერთოდ ენის გაკვეთილს ატარებდნენ ისე, რომ მოსწავლისთვის აბსოლუტურად არ იყო  საინტერესო. ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ენის საათები ცალკე არ არის.

–ზოგადად, სკოლებში ქართული ენის და ლიტერატურის სწავლებასთან დაკავშირებით რა პრობლემებს ხედავთ? რა შედეგები მოგვცა ქართული ენის და ლიტერატურის ინტეგრირებულმა სწავლებამ?

–ის შედეგები მოგვცა, რაზეც ვსაუბრობდი. ენაში აბსოლუტურად უვიცები მოდიან!  ენა მარტო გრამატიკის წესების დაზეპირება არ არის, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ. ენა არის მართლწერა და მართლმეტყველება. ანტონ კათალიკოსი რას ამბობდა, იცით? პირველი სასკოლო გრამატიკის შემქმნელი და ფუძემდებელი. „გრამატიკა არს შემძლებლობა მართლუბნობად და მართლწერად“. თუ ვერ წერენ და ვერ მეტყველებენ ჩვენი მოსწავლეები, ამის მიზეზი ისიც არის, რომ ჩვენს რეფორმას, პირველ რიგში, შეეწირა ქართული ენა. რეფორმა დაიწყო ქართული ენის საათების გაუქმებით. 5 საათზე დაიყვანეს. ინტეგრირებულად ასწავლეთ ქართული ენაო. ვასწავლეთ და რა შედეგებიც მივიღეთ, ყველა ხედავს.

–სტუდენტების მომზადების დონესაც რომ შევეხოთ, ქართული ენის და ლიტერატურის მიმართულებით, რა სირთულეებს აწყდებით სტუდენტებთან?

–მასწავლებელს ყოველთვის ვიცავ. ის ჩემი კოლეგაა და ვიცი, რა შრომის გაწევა უხდება. მაგრამ გულის ტკივილით მინდა ვთქვა, რომ სულ უფრო უარესი და უარესი ნაკადი მოდის სკოლიდან! იმ დღეს სიმწრით ვთქვი:  ესეც შენი რეფორმირებული სკოლის შედეგი-მეთქი.

მე ძალიან დიდი ხანია ვასწავლი პედაგოგიკის განხრით, მაგრამ მსგავსი სუსტი ნაკადი, წელს რომ გვყავს, არასოდეს მყოლია. ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. ჩემი კოლეგებიც იზიარებენ ამ მოსაზრებას.

რისი ბრალია ეს? ამას ვერ გეტყვით. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველამ გადალახა ზღვარი. მოვიდნენ ჩვენთან, მაგრამ ელემენტები არ იციან. ელემენტებში რას ვგულისხმობ? ისიც არ იციან, რომ 7 ბრუნვაა ქართულში, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.

–როგორ ჩააბარეს მაშინ გამოცდა?

–ვერ გეტყვით. ადრე როცა ასეთი სუსტი კონტინგენტი მოდიოდა, ეს იყო მისაღებ გამოცდებზე კორუფციის შედეგი. ახლა კორუფცია გამორიცხულია. მაშ რისი ბრალია ეს? ალბათ, ბარიერს უნდა აწევა.  ძალიან დაბალია. ეს სხვადასხვა სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. ფაქტი კი ისაა, რომ მოსწავლე აღარაა ორიენტირებული სწავლაზე. ყველა იმას ფიქრობს, რომ ერთი წელი წავა, მოემზადება და ჩააბარებს. ის ერთი წელი სკოლაში გაცდენილი 12 წლის ანაზღაურება ნამდვილად არ არის!

კიდევ კარგი, რომ არსებობს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი, რომელიც ბავშვებს სთხოვს ენის ცოდნას. ისინი რომ არა, მერე გენახათ რა შედეგი გვექნებოდა ენაში.

„დღევანდელი სკოლადამთავრებულების დიდმა ნაწილმა ქართული ენა უბრალოდ არ იცის“

ქართული ენა მსოფლიოში ყველაზე რთული ენების ხუთეულში მოხვდა

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური