„დღევანდელი სკოლადამთავრებულების დიდმა ნაწილმა ქართული ენა უბრალოდ არ იცის“
ქართული ენის და ლიტერატურის სწავლება 2006 წლიდან ნელ-ნელა, თავდაპირველად ზოგიერთ კლასში, 2011 წლიდან კი, სამივე საფეხურზე, სრულიად ინტეგრირებული გახდა.
თუ მანამდე ცალკე დისციპლინად ისწავლებოდა ენა და მხოლოდ გრამატიკის წესების დაზეპირებაზე იყო ორიენტირებული, 2006 წლიდან გაჩნდა მეორე უკიდურესობა. ლიტერატურულ ტექსტებთან ინტეგრაციის ნაცვლად, ენა, როგორც სპეციალიტები ამბობენ, ლიტერატურის გერი გახდა.
არ ჩატარებულა კვლევები, თუ რა გავლენა იქონია ენისა და ლიტერატურის სწავლების ფორმატის შეცვლამ, თუმცა უკვე საუბრობენ ამ პროექტის წარუმატებლობაზე. სპეციალისტების თქმით, ქართული ენის გრამატიკის სისტემური კურსის უარყოფამ, არსებულ სახელმძღვანელოებში არაორგანიზებულად შემოთავაზებულმა ენის საკითხებმა, ენის სწავლების მხოლოდ ენთუზიასტი მასწავლებლების სურვილზე დამოკიდებულებამ, საქართველოს მასშტაბით ქართული ენის სწავლება ქაოსური და არაერთგვაროვანი გახადა.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება პირველი კლასიდან იწყება და მეთორმეტე კლასის ჩათვლით გრძელდება. ეროვნული სასწავლო გეგმის საათობრივ ბადეში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების კვირეული დატვირთვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის კლასების მიხედვით ამგვარადაა განსაზღვრული: I-II კლასები – 7 საათი; III-IV კლასები – 6 საათი; V-XII კლასები – 5 საათი ასევე მე-12 კლასში პროგრამულ 5 საათს ემატება აბიტურის 1 საათი.
სამინისტროს ცნობით, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითადი პრინციპია საგნის (ენისა და ლიტერატურის) შინაარსობრივი ერთიანობა. ამჟამად მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის საათობრივ ბადეში ქართული ლიტერატურისა და ენის სწავლების საათები ერთმანეთისგან გამიჯნული და ცალ-ცალკე მითითებული არ არის.
„ინტეგრირებული სწავლების დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მოსწავლეები ენობრივ-გრამატიკულ ნორმებს სწავლობენ არა იზოლირებულად, სქოლასტიკური სწავლების გზით, არამედ პრაქტიკული გრამატიკის სახით – კონკრეტულ კონტექსტებზე, ანუ ტექსტობრივ რესურსებზე დაყრდნობით, რაც ხელს უწყობს შეძენილი ენობრივი ცოდნის ფუნქციურად გამოყენების უნარების განვითარებას და ამზადებს მოსწავლეებს სკოლის გარეთა ცხოვრებისთვის. გასათვალისწინებელია, რომ ენა არ არის მხოლოდ გრამატიკა: გრამატიკა ენის სიმდიდრის, ენის სისტემის აღწერის ერთ-ერთი ნაწილია“, – აღნიშნავენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
ენის და ლიტერატურის სწავლების გამიჯვნას ემხრობიან ქართველი მწერლები და ლიტერატორები. EDU.ARIS.GE–მ სწორედ მათ სთხოვა, შეეფასებინათ სკოლაში ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდები.
როგორც პოეტმა რატი ამაღლობელმა გვითხრა, ფორმატში შესაძლოა არ იყოს პრობლემა. მისი თქმით, მთავარია, რას და როგორ ასწავლი, თუმცა ის მაინც დისციპლინების განცალკევების მომხრეა.
„შეიძლება ენა და ლიტერატურის სწავლება ისე იყოს ინტეგრირებული, რომ ერთმანეთს ავსებდეს. სახელდება არ არის მთავარი. ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლების მეთოდია.
“მგონია, რომ ენის სწავლა და ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, არამარტო ტექსტების და ლიტერატურის, არამედ – ენის ბუნების. რა არის გრამატიკა, თუ არა ენის შინაგანი ბუნების ცოდნა?! გააჩნია, როგორ ასწავლი და რას ასწავლი. საკითხს როგორ მიუდგები. მე ვფიქრობ, სერიოზული პრობლემაა მაინც ქართულ ენასთან, სახელმწიფო ენასთან მიმართებაში“, – გვითხა რატი ამაღლობელმა.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის თქმით, ორივე დისციპლინის ერთად სწავლება ზოგადად ადამიანს აზარალებს, რადგან ასეთ შემთხვევაში ორივე საგანს აკლდება დრო.
„ენა არის სერიოზული და ძალიან ღრმა ფენომენი, რომელიც საჭიროებს ფუნდამენტურ ჩაღრმავებას. სხვა საკითხია, რომ დღევანდელი აჩქარებული დრო სხვა გამოწვევებს გვთავაზობს, მაგრამ ჩემი სურვილია და ეს სურვილი გარკვეულ ხედვასაც ეფუძვნება, ქართული ენის, გრამატიკის გაკვეთილები იყოს ცალკე. ასევე – რეალურად ორიენტირებული იმაზე, რომ ადამიანებმა უკეთ გაიცნონ საკუთარი ენა და არამხოლოდ კონკრეტული წესები ისწავლონ.
მე ვფიქრობ, რომ ორივე დისციპლინის ერთად სწავლება აზარალებს არამარტო ლიტერატურას და ენას, აზარალებს, ზოგადად, ადამიანს, მას ვისაც აქვს პრეტენზია, სრულფასოვან მოქალაქეობაზე. მოქალაქეობის და იდენტობის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ცხადია, არის ქართული ენა“, – ამბობს გიორგი კეკელიძე.
პოლიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ სკოლადამთავრებულთა დიდმა ნაწილმა ქართული ენა უბრალოდ არ იცის და მისი თქმით, ეს სწორედ სკოლაში არასათანადო მეთოდით სწავლების ბრალია.
„თუ გავითვალისწინებ იმას, რომ მე, ყველაფერთან ერთად, სამი უნივერსიტეტის პროფესორი ვარ და პირველკურსელებთან მაქვს საქმე, რომლებიც სკოლიდან მოდიან, ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ დღევანდელი სკოლადამთავრებულების დიდმა ნაწილმა ქართული ენა უბრალოდ არ იცის. გრამატიკაზეც არაა აქ ლაპარაკი. საუბარია ელემენტარულ ცოდნაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი პასუხი სრულიად ნათელია. ენა უნდა ისწავლებოდეს და ენა არ უნდა იყოს ლიტერატურის გერი! ეს სხვადასხვა რამ არის! ორი სხვადასხვა სიმდიდრეა!“ – ამბობს ლიტერატურათმცოდნე.
ბერძენიშვილის თქმით, ლიტერატურის და ენის მასწავლებლები ასწავლიან ლიტერატურას და არა ენას, იმიტომ რომ საქართველოში მასწავლებელთა დიდმა ნაწილმა ლიტერატურა უკეთ იცის, ვიდრე ენა.
„არ ვიტყვი პროცენტებს, მაგრამ მდგომარეობა არის დრამატული. ჩვენს ქვეყანაში ენობრივი ნორმები, გრამატიკა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ლიტერატურა არის წარმოსახვის განვითარება, ხოლო ენა და მათემატიკა არის ლოგიკის განვითარება. ორივე გვჭირდება. მარტო წარმოსახვით შორს ვერ წავალთ. ვწუხვარ ძალიან! ფაქტობრივად, სკოლაში ყველაზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქართულ ენასთან დაკავშირებით“, – გვითხრა ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, როდესაც რაღაცას აკლდება დრო, ენას ან ლიტერატურას, ორივე ზარალდება.
„ორივე უნდა იყოს ცალ-ცალკე და არ გამოვრიცხავ, რომ სხვადასხვა მასწავლებელი ასწავლიდეს ენას და ლიტერატურას. ეს იმდენად განსხვავებული რამ არის, სულ არ მგონია, რომ ამისთვის ერთი მასწავლებელი უნდა იყოს აუცილებლად“, – აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
იმის გათვალისწინებით, რომ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს ენის და ლიტერატურის სკოლაში სწავლებასთან დაკავშირებით, რომ სპეციალისტების ერთხმად მიუთითებენ, 11-წლიანი გამოცდილების შემდეგ, სწავლების ფორმატის ცვლილებაზე, ჩვენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვკითხეთ, იგეგმება თუ არა ქართული ენის და ლიტერატურის განცალკევება და სკოლებში ისევ ცალ-ცალკე საგნებად მათი დაბრუნება, რაზეც ასეთი პასუხი მივიღეთ:
„ინტეგრირებულ სწავლებას ახლავს ერთგვარი რისკი ლიტერატურული ტექსტებისა და ენობრივი საკითხების სწავლებისთვის საჭირო დროის განაწილების თვალსაზრისით. ეს საკითხი აქტუალური ხდება მე-5-მე-6 კლასებიდან, როდესაც საკმაოდ იზრდება შესასწავლი ტექსტების რაოდენობა და მოცულობა. დაწყებითი საფეხურის ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში, აღნიშნული კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის საათობრივ ბადეში, გაჩნდა ამგვარი ჩანაწერი: „სასწავლო მიზნების ან/და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, მასწავლებელს შეუძლია ენის სწავლებას დაუთმოს ცალკე საათ(ებ)ი”.
როგორც ჩანს, სწავლების ფორმატის ცვლილებას სამინისტრო არ აპირებს და მხოლოდ მასწავლებლებზეა მინდობილი ქართული ენის ბედი.
მანიფესტი გოგებაშვილის „დედაენის“ დაბრუნების მოთხოვნით, – იდეალური წიგნი ჩავანაცვლეთ საშინელებით
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება