GE

„არ ვიცი რა იმედი უნდა გვქონდეს, როცა სამგზავრო ბარათის გამო ვხდებით მაგისტრატურის სტუდენტები“

საგამოცდო ცენტრებთან 2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრირებული აპლიკანტები 08:00-დან იმყოფებიან. დღეს მათ წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის დავალებები შეასრულეს. EDU.ARIS.GE 191-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრთან მყოფ აპლიკანტებს ესაუბრა; მათ ვკითხეთ რა მოლოდინები და გეგმები აქვთ. მომავალ მაგისტრებს ჩვენთან საუბრისას არ დაუმალავთ, რომ ქართული განათლების მიღების სურვილი არ აქვთ, მაგრამ უმუშევრობის გამო სხვა ალტერნატივას ვერ ხედავენ და თან, სტუდენტის სტატუსიც სჭირდებათ.

„როცა ბაკალავრის ხარისხი მივიღე, უკვე მქონა მუშაობის გამოცდილება, სხვადასხვა პერიოდულობით ვმუშაობდი კონსულტანტად სპორტულ მაღაზიაში, ასევე კურიერად საქართველოს ფოსტაში, ვსწავლობდი პროგრამირებას, მაგრამ არც ერთი მათგანი არ აღმოჩნდა სტაბილური; ამ სფეროში შეუცვლელი კადრები არ არსებობს. როცა სტუდენტები ვიყავით, გარკვეული ფასდაკლებებით მაინც ვსარგებლობდით ე.წ სამგზავრო ბარათი გვქონდა და ნახევარი ტარიფით ვმგზავრობდით, ახლა კიდევ ფული თუ არ გაქვს სახლიდანაც ვერ გამოხვალ. მეც მაქვს ხოლმე მსგავსი სიტუაციები, გადავწყვიტე, რომ ისევ სტუდენტი გავხვდე, იქნებ გაცვლითით წავიდე და რაღაც შანსები იყოს არ ვიცი რა იმედი უნდა გვქონდეს, როცა სამგზავრო ბარათის გამო ვხდებით მაგისტრატურის სტუდენტები, ამ ქვეყანაში ახალგაზრდებს არ აფასებენ და მგონი არც არავის“, – ამბობს ერთ-ერთი აპლიკანტი.

კიდევ ერთი აპლიკანტი კი, რომელიც ახლა დასაქმებულია ამბობს, რომ ასეთი მომავალი არ სურს.

„არ მინდა პესიმისტურად ვიფიქრო, მაგრამ იმ სამსახურში, სადაც ახლა ვმუშაობ ვერ ვგრძნობ ვერც განვითარებას, ვერც დაფასებას. საუკეთესო სტუდენტი ვიყავი და არ მემეტება ჩემი თავი ასეთი მომავლისთვის. ამიტომ ვაბარებ, რომ რაღაც შევცვალო და მერე იქნებ სხვა შემოთავაზებებიც გაჩნდეს. ჩემი მსგავსი ბევრია. აქ ვინც ვართ, იმედი გვაქვს, თუმცა მეც ბევრს ვიცნობ წარმატებას რომ მიაღწიეს. არ ვიცი, იღბალიც არის ალბათ, ხელშეწყობაც, ამ მხრივ მე არ გამიმართლა, თუმცა მჯერა ცვლილებების და ჩემი თავის რწმენაც მაქვს“.

მესამე გამოსაცდელი მაგისტრანტობის სიკეთეებზე საუბრობს და სამწუხაროდ, მის ჩამონათვალშიც არ გვხვდება ერთ პუნქტად განათლების გაღრმავების პერსპექტივა.

„მეორედ ვაბარებ მაგისტრატურაზე, რადგან როცა ჩავაბარე და ჩავირიცხე ვეღარ შევძელი გაგრძელება, არ მეყო ფინანსები. ახლა ნორმალური სამსახური მაქვს და გავრისკე. მეკითხებიან ხომ მუშაობ და რად გინდა სწავლაო. პირველ რიგში, ალბათ სტუდენტის სტატუსისთვის, ნახევარი ტარიფით ვმგზავრობთ, თეტრში, კინოში ფასდაკლებებით ვსარგებლობთ, ბევრი ადგილია, სადაც ფასდაკლებებს უკეთებენ სტუდენტებს. ახლა კიდევ ყველაფერი ზედმეტად დიდი ფუფუნება გახდა ჩვენთვის და ეს სტატუსიც ზუსტად ამიტომ მჭირდება, კიდევ იმიტომ, რომ არ ვიცი პროფესიული ზრდისთვის იქნებ საჭიროც იყოს. უფრო პრაგმატულად რომ ვფიქრობ აქ იმიტომ ვარ, თორემ რადიკალური ცვლილებების დიდად არ მჯერა“, – გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა აპლიკანტმა.

საერთო სამაგისტრო გამოცდების ძირითადი სესიაბი 30 ივლისს დასრულდება. ხვალ კი აპლიკანტებს კვლავ დილის სესიაზე გამოცხადება მოუწევთ, ისინი ტესტურ დავალებებს ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში შეასრულებენ.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური