GE

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა საქართველოში

ფოტო –
4499

24 ივნისს, 13.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისა და საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მკვლევართა ჯგუფი თსუ მეცნიერ-თანამშრომლებსა და სტუდენტებს შეხვდებიან. შეხვედრაზე საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით გაწეული სამუშაოს, ასევე, ჩატარებული მიზნობრივი ინვენტარიზაციების შედეგებზე ისაუბრებენ.

2012 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააღრიცხვო დოკუმენტაციის ტესტირების მიზნით, ატენის ხეობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პილოტური ინვენტარიზაცია მოეწყო. მასში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის მიმართულების წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლები და სტუდენტები მონაწილეობდნენ. ადგილობრივ თემთან მჭიდრო თანამშრომლობით 120-ზე მეტი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში გამოვლინდა, რომელზეც ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცედურა მიმდინარეობს.

UNESCO-ს 2003 წლის „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის“ კონვენციის განმარტებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა წარმოადგენს საზოგადოების, ცალკეული ჯგუფებისა და ზოგიერთ შემთხვევაში, კერძო პირების მიერ მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარებულ ენასა და დიალექტებს, ადათ-წესებს, ცოდნასა და გამოცდილებას – ასევე მათთან დაკავშირებულ ინსტრუმენტებს, საგნებს, არტეფაქტებსა და კულტურულ სივრცეებს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური