GE

აშშ-ის საელჩოს პოსტზე გაკეთებული კომენტარის შემდეგ, გორის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

გორის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ ქარელი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი ადასტურებს. მისი თქმით, დირექტორმა თანამდებობის დატოვების შესახებ, განცხადებით განათლების სამინისტროს უკვე მიმართა.

სკოლის დირექტორმა 5 ივლისს აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩების ერთობლივ განცხადებას, რომელიც თბილისში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს ეხებოდა, შემდეგი სახის კომენტარი დაუწერა ,,ყველამ თავის … მამიდას მიხედოს”.

საელჩოების ერთობლივი განცხადება კი შემდეგი შინაარსის იყო: ,,ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას. მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერს და სამართალდამცავ უწყებებს იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებებით, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც მოქმედებენ თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით, და საჯაროდ დაგმონ ძალადობა.”

გორის მე-5 საჯარო სკოლის შენობას 2016 წელს, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დაფინანსებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შედეგად 700 მოსწავლე თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლაში სწავლობს.

წყარო: qartli.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური