GE

აწსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

2015 წლის 17 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის AR/201/10 – 150/12 ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სახელწოდებით – „ფუნქციონალური დანიშნულების კვების პროდუქტების წარმოების ინოვაციური ტექნოლოგიები“.

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ოფიციალური ინფორმაციით, კონფერენცია, რომელსაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურა ესწრებოდა, რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ გახსნა. მონაწილეებს მიესალმნენ: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოადგილე, პროფესორი თინათინ ბოჭორიშვილი, აწსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი, როლანდ კოპალიანი, აწსუ საინჟინრო – ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, მერაბ შალამბერიძე, ბათუმის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ა. კალანდია.

კონფერენციის ძირითადი საკითხი იყო შოთ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2012 წლის გამოყენებითი კვლევების კონკურსში გამარჯვებული საგრანტო თემის ,,ახალი თაობის დიაბეტური პროდუქტების ტექნოლოგიების დამუშავების ძირითადი შედეგების განხილვა – პრეზენტაცია.

საერთაშორისო კონფერენციაზე ხუთი სექცია მუშაობდა: ფუნქციონალური კვების აქტუალური საკითხები და ინოვაციური ტექნოლოგიები; თანამედროვე სასურსათო ტექნოლოგიები და სურსათის უვნებლობა; ქიმიურ-ფარმაცევტული ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის აქტუალური საკითხები; კვების წარმოების პროცესები და მოწყობილობები და სანიტარულ-ჰიგიენური დანიშნულების ფეხსაცმელი და ტანსაცმელი კვების მრეწველობაში. მომხსენებელთა მიერ წარმოდგენილი თემები საკმაოდ აქტუალური და თანამედროვე კვებისა და ფარმაცევტულ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული იყო.

კონფერენციის დასასრულს შეაჯამეს სექციური მუშაობა.

edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი