ახალციხეში მოსწავლეების მშობლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას ითხოვენ
ახალციხელი მოსწავლეების მშობლები, სკოლების დირექტორებს განცხადებით მიმართავენ და სწავლების დისტანციურ რეჟიმში გაგრძელებას ითხოვენ. მათი თქმით, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს, დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად კი სხვა გამოსავალი არ აქვთ.
„გთხოვთ, მოგვცეთ უფლება ჩემმა შვილმა სწავლა 29 დეკემბრამდე დისტანციურ რეჟიმში გააგრძელოს“, – მშობლები მსგავს განცხადებებს სკოლის დირექტორის სახელზე წერენ. მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობლის, ინა ევსტაფიშვილის განცხადებით, დისტანციური სწავლა დაინფიცირების რისკს, როგორც მოსწავლეს, ასევე მისი ოჯახის წევრებს შეუმცირებს.
„თანახმა ვარ, რომ სწავლება იყოს დისტანციური, არა მხოლოდ ბავშვების უსაფრთხოებისთვის. ის ბავშვები ოჯახებში მოდიან, სადაც გვყავს მოხუცები და თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებისთვისაა ეს საჭირო. განცხადებაც გვაქვს დაწერილი“, – ამბობს ინა ევსტაფიშვილი.
მეექვსე სკოლის მსგავსად, სწავლის შენობაში გაგრძელების წინააღმდეგები არიან ახალციხის პირველ საჯარო სკოლაშიც. „ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მე-3ა კლასის მშობლებმა ერთიანი შეთანხმებით მოვითხოვეთ, რომ სწავლა გაგრძელდეს ონლაინ რეჟიმში, რადგანაც ჩვენს კლასში გამოვლენილი იქნა COVID-19-ის მატარებელი როგორც ბავშვები, ასევე მათი ოჯახის წევრებიც. შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე ბავშვები უფრო დაცულები იქნებიან“, – აცხადებს ქეთი ფაიფი.
მეექვსე სკოლის დირექტორი, გია კაპანაძე ამბობს, რომ დღეს მასთან 100 მშობლის განცხადება შევიდა, მათ მოთხოვნებს განათლების სამინისტროს სავარაუდოდ ხვალ, 26 ნოემბერს გაუგზავნის. „ამ ეტაპზე ვისაც ჰქონდა კორონავირუსი გადატანილი აქვთ, მაგრამ მაინც ეშინიათ მშობლებს. განათლების სამინისტროსგან მოვითხოვთ პირველი სემესტრის ბოლომდე დისტანციური სწავლების გაგრძელებას, ვნახოთ როგორი პასუხი ექნება სამინისტროს“,- ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ მეექვსე სკოლის დირექტორი.
პირველი სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მათთან ინფიცირებული აღარ არის, მაგრამ რა ხდება მოსწავლეებთან და მშობლებთან დაკავშირებით, არ იცის, ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ჯანდაცვა მას ინფორმაციას არ უგზავნის. „მე მინდა რომ გავაგრძელოთ სწავლა საკლასო ოთახებში, მაგრამ მშობლებს ეშინიათ, სკოლაში ვზივარ და არავინ მოდის. ჯერ ჩემთან არც განცხადება არ არის შემოსული და როცა მომიტანენ მივმართავთ განათლების სამინისტროს“, – ამბობს გოგოლაური.
მსგავსი ვითარებაა მეხუთე და მეორე საჯარო სკოლებშიც. “არის მშობლების მოთხოვნა, რომ გავაგრძელოთ დისტანციური სწავლება. განცხადებებიც მივიღე , მაგრამ ზუსტად რამდენი მაქვს ჯერ არ ვიცი. სკოლა დისტანციურზე იმყოფება 6–დან 25 ნოემბრის ჩათვლით”, – განმარტავს მეორე სკოლის დირექტორი, ბელა დიასამიძე.
გააგრძელებენ თუ არა შენობაში სწავლას უცნობია მეხუთე სკოლაშიც, აქ დისტანციური სწავლების ვადა დღეს, 25 ნოემბერს დასრულდა. “ხვალიდან მეხუთე სკოლა კლასებში აგრძელებს სწავლას და მშობლები ითხოვენ, რომ დისტანციური სწავლება გაგრძელდეს. განცხადება ჯერჯერობით ჩემთან არ შემოსულა”, – ამბობს მეხუთე სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ განიხილავენ მათთან შესულ ყველა განცხადებას, გადაწყვეტილებას კი ამის შემდეგ მიიღებენ. „აუცილებელია ეპიდემიოლოგის დასკვნაც, არის თუ არა აღნიშნულ რეგიონში ე.წ. ცხელი წერტილი და ამის საფუძველზე ხდება გადაწყვეტილების მიღება. ასევე სამინისტრო მოლოდინის რეჟიმშია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკოორდინაციო საბჭო 26 ნოემბერს. სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციის განცხადებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში დისტანციურ სწავლებაზე 16 სკოლაა გადასული.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე
- „თითქმის ყოველი მესამე 15 წლის მოზარდი არ ფლობს საბაზისო მათემატიკურ უნარებს“ – რა საფრთხეზე მიუთითებს ევროკომისიის ანგარიში by მასმედია
- უშუქობის გამო, ხაშურის მუნიციპალიტეტის 10-მდე სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა by მასმედია
- აფხაზეთში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდება – სოხუმში ენერგოკრიზისზე საუბრობენ by მასმედია