რას გულისხმობს პროექტი „პროფესია პოლიციელი“, რომელსაც საჯარო სკოლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო 21 ნოემბრიდან იწყებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საჯარო სკოლებში კიდევ ერთ პროექტს იწყებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა, განათლების მინისტრთან ერთად, ახალი კამპანიის პროექტი სასკოლო საზოგადოებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დღეს წარუდგინა.
როგორც ითქვა, ახალი კამპანიის – “პროფესია პოლიციელი” მიზანი ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობის გაცნობა და მოზარდებში ამ პროფესიის პოპულარიზაციაა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, რომ მოზარდმა თაობამ იცოდეს პოლიციის როლი, მათი ფუნქციები და პროექტი “პროფესია პოლიციელი” ამას ხელს შეუწყობს.
“უმნიშვნელოვანესია, რომ მოზარდმა თაობამ იცოდეს პოლიციის როლი, მათი ფუნქციები და ის პროექტი, რომელიც დღეიდან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელდება და დაიწყება, ემსახურება სხვადასხვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეების ვიზიტების ორგანიზებას საპოლიციო დანაყოფებში, იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ უფრო მეტი წარმოდგენა თუ რა ტექნიკური საშუალებებით ხდება პოლიციის საქმიანობის განხორციელება. ასევე, ეს არის ერთგვარი პოპულარიზაცია ახალგაზრდებს შორის, რომ მათ სამომავლოდ, პოლიციის მიმართულება აირჩიონ კარიერული განვითარების მიმართულებად”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით კი, პროექტი ემსახურება მთავარ მიზანს – ახალგაზრდებმა გაიგონ მეტი შსს-ს საქმიანობის შესახებ.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი – “პროფესია პოლიციელი”, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს – ახალგაზრდებმა გაიგონ მეტი შსს-ს საქმიანობის შესახებ. მათ შესაძლებლობა ექნებათ, შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში, ადგილზე გაეცნონ მათ მიღწევებს, შედეგებს და წარმატებას ყოველდღიურ საქმიანობაში. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს, ახალგაზრდები დაინტერესდნენ და ჩვენ დავაინიციირეთ კანონმდებლობა, რომ შსს-ს აკადემია იქნება პროფესიული უმაღლესი სასწავლებელი, სადაც მომავალი თაობა შეძლებს დაეუფლოს სხვადასხვა პროფესიებს”, – განაცხადა გეკა გელაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კამპანია „პროფესია პოლიციელი“ 21 ნოემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე, 4000-მდე სკოლის მოსწავლეს საშუალება ექნება ეწვიოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს, ადგილზე გაეცნოს ინფრასტრუქტურასა და დანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის სპეციფიკას და ჩაერთოს სიმულაციურ აქტივობებში.
ასევე იხილეთ: