ახალგაზრდა მასწავლებლის 2023 წელი განათლებაში – „ყველაზე სტაბილური რამ ზოგად განათლებაში მხოლოდ ცვლილებებია“
„ლაურა გოტიაშვილი, 7 წელი ვასწავლიდი ქართულ ენას არაქართულენოვან სკოლაში. ამჟამად ვმუშაობ სოფელ ძმუისის საჯარო სკოლაში, სადაც ვასწავლი იგნლისურ ენას. ვარ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის ათეულთა კლუბის წევრი. მე-11 წელია რაც პედაგოგი ვარ. თუ ჯანმრთელობა საშუალებას მომცემს, მე ჩემი მომავალი მხოლოდ ბავშვების გვერდით წარმომიდგენია. იქამდე, ვიდრე შემიძლია რაღაც ახალი და საინტერესო ვასწავლო ბავშვებს და ვისწავლო მათგან უამრავი რამ, მე მინდა, რომ ვიყო მასწავლებელი“.
რას ხედავს დღეს სკოლაში ახალგაზრდა მასწავლებელი? – 32 წლის პედაგოგი სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის 2023 წელზე და გამოწვევებზე.
„ბოლო 7 წლის განმავლობაში სკოლაში დასაქმებული ახალგაზრდების რაოდენობა 2000-ს არ აღემატება“
2023 წელი ახალგაზრდა მასწავლებლისთვის
2023 წელი საკმაოდ დაძაბული, მოულოდნელობებითა და ცვლილებებით სავსე წელი იყო ზოგადი განათლების კუთხით. გასულ წელს პროფესიული უნარების გამოცდა წარმატებით ჩავაბარე და წელს პორტფოლიოს წარსადგენად ვემზადებოდი. პროცესი საკმაოდ დამღლელი და არასტაბილური აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ პორტფოლიო დადებითად შემიფასდა, არსებული სტრესისა და შრომის ფონზე, სრულად გამოფიტული ვიყავი სექტემბერში. ზაფხულში, ფაქტობრივად, ვერ დავისვენე. ყველაზე მეტად გამიჭირდა დროის გამოძებნა პორტფოლიოს დოკუმენტების მოსაწესრიგებლად. პრინციპულად, სასკოლო გამოწვევებს საფუძვლიანად ვუთმობდი დროს. დროთა განმავლობაში კი აღმოვაჩინე, რომ პირად ცხოვრება საერთოდ აღარ გამაჩნდა, ვეღარ ვპოულობდი დროს ოჯახის, მეგობრებისა თუ საკუთარი თავისთვის. მუდმივად ვესწრებოდი ტრენინგებს, ვამზადებდი დოკუმენტებს და განუწყვეტლივ ვმუშაობდი. სექტემბრიდან ისევ ცვლილებები გაგრძელდა და ეს ცვლილებები იმდენად სწრაფი იყო, თვალის მიდევნებასაც ვერ ვასწრებდი. ვხუმრობ ხოლმე, მოსწავლეობის დროსაც ექსპერიმენტულ კლასში ვსწავლობდი და მასწავლებლობაც ცვლილებებით სავსეა, იმდენად სავსე, რომ ყველაზე სტაბილური რამ ზოგად განათლებაში მხოლოდ ცვლილებებია.
მასწავლებლობა ისეთი პროფესიაა, რთულია რაიმემ „გაიძულოს“ თავის დანებება. მე მახსოვს 90-იანები, როდესაც ჩემი მასწავლებლები მცირედი ან სულაც ანაზღაურების გარეშე მუშაობდნენ, მაგრამ მაინც გვიტარებდნენ გაკვეთილებს და გვასწავლიდნენ. ამ ადამიანებმა გადაარჩინეს განათლების სისტემა იმ მძიმე დროს. ვისურვებდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული პროფესია გახდეს მასწავლებლობა. რთულია, როცა იმ დარდით იძინებ, რომ ბავშვებისათვის საინტერესო პრეზენტაციის ჩვენება გინდა, მაგრამ უბრალოდ პროექტორი არ გაქვს… არც საკმარისი თანხა, რომ პროექტორი შეიძინო. მსგავსი დარდი არ უნდა ჰქონდეს მასწავლებელს.
რა გამოწვევებს ხედავს ახალი თაობის მასწავლებელი სკოლაში
გვაკლია საბაზისო რესურსები, ტექნოლოგიების საუკუნეში ბავშვის დაინტერესება ყოველდღიურად დაფით და ცარცით რთულია, გვჭირდება ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიები… განათლებას საკმაოდ ბევრი საინტერესო საოცრების შეთავაზება შეუძლია ბავშვისთვის. დაფით და ცარცით, ჩაბნელებულ საკლასო ოთახში, სადაც ინტერნეტიც კი არ არის… ძალიან რთულია. შეიძლება, ესაუბრო ბავშვს კოსმოსსა და რობოტიკის მნიშვნელობაზე, მაგრამ რთულია დააჯერო ეს ყველაფერი ჩაბნელებულ საკლასო ოთახში, სადაც ინტერნეტიც კი არ არის.
ახალგაზრდა მასწავლებლებს სჭირდებათ დახმარება, ჩვენ ძალიან ბევრ სოფელში არ გვყავს ამა თუ იმ საგნის მასწავლებელი… მაშინ, როდესაც ბევრ ახალგაზრდა პედაგოგს სურს სოფლად მუშაობა. ვფიქრობ, ასეთი პედაგოგები მეტად უნდა წავახალისოთ და ჩავრთოთ საგანმანათლებლო პროგრამებში. მე სადაც ვმუშაობ, იქ ბავშვებს ორი წელი არ ჰყავდათ ინგლისურის მასწავლებელი და პროგრამამ „ასწავლე საქართველოსთვის“ მომცა საშუალება დამეწყო მუშაობა ჩემს ამჟამინდელ სამსახურში. ამ პროგრამის მასშტაბის გაზრდა, სოფლად კადრების დეფიციტს ნამდვილად გადაჭრიდა.
ჩემი მთავარი სურვილია, აღიჭურვოს ყველა სკოლა თანამედროვე რესურსებით. ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს თანაბარი წვდომა ხარისხიან განათლებაზე.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება